top of page

მქადაგებელო, რისგან შედგება თქვენი „საბავშვო მენიუ“?


ჩემს ოჯახს უყვარს რესტორანში სადილობა. ბურგერები, ტაილანდური სამზარეულო, სუში, პიცა...ნებისმიერი რამ... დახვეწილი საჭმელი თუ სწრაფი კვება... რაც არ უნდა დაასახელოთ, ალბათ,გასინჯული გვექნება. ყოველ რესტორანში ჩვენს ვრცელ გასტრონომიულ გამოცდილებას ერთი რაღაც აქვს საერთო: საბავშვო მენიუ.

ვგულისხმობ იმას, რომ სწრაფი კვების რესტორნებსაც კი (რომელთა მთელი მენიუ არსებითად გიგანტური საბავშვო მენიუა) აქვთ სპეციალური საბავშვო მენიუ (მაკდონალდის „ჰეფი მილი“ თუ სხვა). რესტორნებისთვის ცხადია, რომ თუ ბავშვებს ვერ გამოკვებავენ, მაშინ ოჯახებს ვერ მიიზიდავენ და ეს ოჯახები სხვა რესტორანს იპოვიან.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ როცა მშობლების უმეტესობა ახალ ეკლესიაში მოდის, ხუცესს იმავე კითხვას უსვამენ, რასაც რესტორნის მასპინძელს: „საბავშვო მენიუში რა შედის?“ მათ აინტერესებთ, გაქვთ თუ არა სულიერი საკვები მათი შვილებისთვის? საბედნიეროდ, ეკლესიების უმრავლესობას აქვს „საბავშვო მენიუ“, რომელშიც შედის ბავშვთა მსახურების სწავლება, საბანაკო მსახურება, ახალგაზრდული ჯგუფი და საკვირაო სკოლა. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ამ მენიუს ერთი პუნქტი აკლია: ქადაგება.

დიახ, მესმის, რომ ძირითადად ყველა ეკლესიაში არის ქადაგება. მე მაწუხებს ის ფაქტი, რომ ქადაგებათა უმრავლესობაში ბავშვებისთვის არაფერია. ამ თვალსაზრისით, ქადაგება არ არის უბრალოდ მენიუს ერთ-ერთი პუნქტი. ეს თავისთავად ცალკე რესტორანია. ამიტომ, ნება მომეცით, იმავე კითხვით მივმართო მქადაგებლებს მათს ქადაგებებთან დაკავშირებით: მქადაგებელო, რა შედის თქვენს „საბავშვო მენიუში“?

თქვენს ქადაგებებში რეგულარულად მიმართავთ ბავშვებს? გაქვთ თუ არა დრო იმისთვის, რომ გარკვეული საკითხები განმარტოთ ისე, რომ ბავშვებისთვის იყოს გასაგები? როდესაც ზრდასრულ ადამიანებს ეხმარებით – დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ ბიბლიური ტექსტი საკუთარ ცხოვრებაში – რამდენად ეხმარებით თქვენი ეკლესიის ბავშვებსაც?

როდესაც შრომობთ და სწავლობთ იმისთვის, რომ კვირაობით მრევლისთვის „ნადიმი მოაწყოთ“, არ დაგავიწყდეთ მენიუს „ის კერძები“, რომელთა „ჭამა“ ბავშვებსაც შეუძლიათ. იმისთვის, რომ ამაში დაგეხმაროთ, გაგიზიარებთ მენიუს სამ ელემენტს, რომლებიც რეგულარულად შემაქვს ჩემს ქადაგებებში, რაც, ღვთის წყალობით, ეხმარება ბავშვებს – უფრო მეტად ჩაერთონ ქადაგებებში და უფრო მეტად შეიყვარონ ღვთის სიტყვა.

ყველაზე საოცარი ის არის, რომ ეს ინგრედიენტები უკვე არის თქვენს „სამქადაგებლო საკუჭნაოში“, უბრალოდ ბავშვებისთვის „კერძი“ ოდნავ განსხვავებულად უნდა მოამზადოთ.

1. კითხვები


მენიუს პირველი პუნქტი, რომელიც მსურს შემოგთავაზოთ, რომ ქადაგებაში შეიტანოთ, არის კითხვები. გამოიმუშავეთ ჩვევა – დაუსვათ ბავშვებს ტექსტიდან გამომდინარე კითხვები. მიმართეთ ჯგუფს და თქვით: „ბავშვებო, თქვენთან კითხვა მაქვს. რომელიმე თქვენგანს შეუძლია მითხრას...?“

ასევე უნდა გაითვალისწინოთ ეკლესიის ბავშვების ასაკი და ის კითხვები, რომლებსაც ისინი უპასუხებენ. თუ გაითვალისწინებთ, რომ ბავშვების შემეცნებითი შესაძლებლობანი სწრაფად ვითარდება, შეიძლება კითხვები დაუსვათ ბავშვების კონკრეტულ ჯგუფს. „მე მაქვს კითხვა 5-7 წლის ბავშვებისთვის... ასევე 7-10 წლის ბავშვებისთვის... 10-13 წლის ბავშვებისთვის... მოზარდებისთვის“. დასვით შეკითხვები ისე, როგორც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება, უბრალოდ დარწმუნდით, რომ ინარჩუნებთ მრავალფეროვნებას.

ამჟამად დაბადების წიგნიდან ვქადაგებ და ყველანაირ კითხვას ვუსვამ ბავშვებს. როდესაც ვსაუბრობდი იმაზე, რომ ღმერთი არის ფარი, უმცროსი ასაკის ბავშვებს ვკითხე: რისთვის გვჭირდება ფარი? როცა აღთქმაზე ვსაუბრობდი, რომელიც ღმერთმა ნოესთან დადო, მოზარდებს ვთხოვე ჩამოეთვალათ ძველი აღთქმის ძირითადი აღთქმები. როცა ვუხსნიდი, რატომ დაშორდნენ აბრამი და ლოტი, ბავშვებს ვკითხე, რა მოხდება, თუ 10 მათგანს ოთახში მოვათავსებ, სათამაშოები კი მხოლოდ 2 ბავშვისთვის იქნება საკმარისი? პასუხად მათ სწორად წამოიძახეს: „ვიჩხუბებთ!“.

ამ მარტივ პრაქტიკას უდიდესი სარგებელი აქვს, რადგან ბავშვებს მოსწონთ კითხვებზე პასუხი. მათ თვალები გაუბრწყინდებათ და ხელებს აიწევენ. ყოველ კვირას რამდენიმე კითხვის დასმა სასწაულებრივად იმოქმედებს და ბავშვები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ქადაგების მოსმენაში.

2. ილუსტრაციები


მენიუს მეორე პუნქტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, არის ასაკის შესაბამისი ილუსტრაციები. ისინი მნიშვნელოვანია ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ილუსტრაცია არა მხოლოდ ყურადღებას იპყრობს, არამედ აცოცხლებს საოცარ ბიბლიურ ჭეშმარიტებებს, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს.

თუმცა საქმე შემდეგი გახლავთ: როდესაც ილუსტრაციებს ბავშვებისთვის ამზადებთ, მათთვის შესაფერისი „ინგრედიენტები“ უნდა გამოიყენოთ. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი ოჯახიდან, სამსახურიდან ან მიმდინარე მოვლენებიდან აღებული ილუსტრაციები ბავშვებისთვის რთული გასაგები იქნება, ისევე, როგორც ის ბიბლიური ჭეშმარიტებანი, რომელთა ახსნასაც ცდილობთ. ბავშვებისთვის ილუსტრაციის მომზადებისას დაფიქრდით იმაზე, რაც მათს წარმოსახვას იპყრობს.

მაშინ, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ უძლურნი ვართ ცოდვის დასამარცხებლად, პატარა ბიჭებისთვის დახატეთ სურათი, რომელიც აჩვენებს, რომ შეუძლებელია სათამაშო თოფებით და პლასტმასის ხმლებით უზარმაზარი ჯარის დამარცხება.

გოგონებს სთხოვეთ წარმოიდგინონ, რა საოცარი იქნებოდა, ტეილორ სვიფტს რომ დაუმეგობრდნენ და ყოველდღე შეეძლოთ მისთვის დარეკვა. შემდეგ უთხარით, რამდენად უფრო შესანიშნავია, რომ ღმერთთან მეგობრობენ და ნებისმიერ დროს შეუძლიათ მასთან საუბარი.

თუკი გსურთ, ბავშვებს აუხსნათ, როგორი მადლი მოგვანიჭა ღმერთმა, მოუყევით წყლის დიდი კონტეინერის შესახებ „ჯინო ფერედაისში“. წყალი ზემოდან ისხმება და შეუძლია ბავშვების წაქცევა. (უყურეთ YouTube-ზე, თუ ვერ ხვდებით, რას ვგულისხმობ).

ასევე საილუსტრაციოდ გამოდგება გოჭი პეპა, ადამიანი ობობა, Dude Perfect (YouTube არხი), გასართობი ცენტრები, სიბნელის შიში, ან როცა არასწორი საქციელის ჩადენის მომენტში გამოგიჭერენ; ბიბლიური ჭეშმარიტებების ილუსტრაციის საშუალებების ჩამონათვალი უსასრულოა და ეს ბავშვებისთვის გასაგები ფორმით უნდა იყოს მოწოდებული. სცადეთ მათს სამყაროში შეღწევა, იმისთვის, რომ ბავშვებისთვის მომზადებული საჭმელი უფრო გემრიელი იყოს.

გარდა ამისა, საბავშვო ილუსტრაციების გამოყენებისას არ მოგერიდოთ იყოთ ჩვეულებრივზე უფრო გამომხატველები. ზოგ მქადაგებელს, შესაძლოა, ეს არაბუნებრივად მოეჩვენოს, თუმცა მაინც მსურს გავამხნეო ისინი. ბავშვებს მოსწონთ, როცა ისტორიებს მოქმედების მეშვეობით განასახიერებენ, ისინი საკუთარ თავს რამდენიმე წუთით ისტორიის პერსონაჟის ადგილზე წარმოიდგენენ – ეს არის ბიბლიური ისტორიის გაცოცხლების შესანიშნავი საშუალება. მთავარი მიზანი არ არის ბავშვების გართობა, არამედ მათი წარმოსახვის გამოფხიზლება და მათი გონების ღმერთის დიდებით ავსება.


3. პრაქტიკულად გამოყენება


„საბავშვო მენიუს“ მესამე და ბოლო ელემენტი, რომელიც მსურს შემოგთავაზოთ, არის მოსმენილის პრაქტიკულად გამოყენება, რომელიც კონკრეტულად ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ვვარაუდობ, რომ თქვენი ყოველკვირეული ქადაგების საკვანძო ნაწილი არის მრევლის დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ საკუთარ ცხოვრებაში შეძლონ ბიბლიური ტექსტის გამოყენება. ამ დროს დაფიქრდით იმაზე, რომ გამოყენების ნაწილის რამდენიმე პუნქტი ბავშვებისთვის დაამატოთ.

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება ბავშვებისთვის იმის სასწავლებლად, რომ ეკლესიაში ისინი მხოლოდ მაყურებლები არ არიან, არის ის, რომ უშუალოდ დაელაპარაკოთ მათ იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ბიბლიური ჭეშმარიტების შესაბამისად. დაფიქრდით სხვადასხვა მცნებაზე, რომელიც ბიბლიაში გვხვდება, მაგალითად: „ნუ გეშინია“, „მოიშორე რისხვა“, „იარე რწმენით“, „გქონდეს ღმერთის იმედი“, „ილაპარაკე ჭეშმარიტება სიყვარულით“ და სხვა. შემდეგ, დაფიქრდით სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაზე, რომელშიც ბავშვებს შეუძლიათ დაემორჩილონ ამ მცნებებს.

ბავშვებო, ყურადღება მიაქციეთ, რას გვასწავლის ეს ნაწყვეტი. ის გვასწავლის, რომ არსებობს კავშირი რწმენასა და მშვიდობისმყოფელობას შორის. ის, ვინც რწმენით დადის, ასევე მშვიდობისმყოფელიც არის. ის მზად არის – ერთობის გამო უარი თქვას საკუთარ უფლებებზე. თქვენ რამდენად შეგესაბამებათ ეს ჭეშმარიტება?

თქვენი მშობლები თუ დაგახასიათებენ, როგორც მშვიდობისმყოფელს? ეძებთ და-ძმებთან შერიგების საშუალებებს თუ ცდილობთ მიიღოთ ის, რაც გსურთ? თქვენი დები და ძმები თუ იტყვიან, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც უარს ამბობს საკუთარ ინტერესებზე მათს სასარგებლოდ თუ ყოველთვის საუკეთესო ადგილს, საუკეთესო საჭმელს და ტანსაცმელს ირჩევთ თქვენთვის?

ცოტაოდენ პრაქტიკულ გამოყენებას გრძელვადიანი ეფექტი აქვს.

როდესაც საქმე მოსმენილის პრაქტიკულად გამოყენებას ეხება, უნდა გაითვალისწინოთ ეკლესიაში მყოფი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვები. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი პრაქტიკული გამოყენება განსხვავდება მოზარდებისთვის განკუთვნილი პრაქტიკული გამოყენებისგან. შეგიძლიათ, მოზარდებს თითქმის ზრდასრული ადამიანების მსგავსად მიმართოთ, თუმცა გირჩევთ მიმართოთ მათ, როგორც კონკრეტულ ჯგუფს, რათა გაიგონ, რომ თქვენ მიერ მომზადებული „საკვების“ ნაწილი მათთვის არის განკუთვნილი.

ასევე, მოზარდებს შეგიძლიათ ესაუბროთ ისეთ ამქვეყნიურ კერპებზე, როგორებიცაა თვითგამოხატვა, პოპულარობა, ძალაუფლება. შეგიძლიათ დაეხმაროთ, დაფიქრდნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის სქესობრივი და რასობრივი საკითხები, ან ისეთი რთული ცნებები, როგორც, მაგალითად, სამება, ღმერთის ნება ან მარადიული სამსჯავროა.

ყველაზე ნაყოფიერი და გამამხნევებელი საუბრები, რომლებიც ეკლესიის შემდეგ მქონდა, წარიმართა მოზარდებთან, რომელთაც სურთ უფრო მეტად დაფიქრდნენ, როგორ გამოიყენონ მოსმენილი ქადაგება საკუთარ ცხოვრებაში.


დასკვნა


ჩვენ გვსურს ბავშვებმა იცოდნენ, რომ მათთვის არის ეკლესია, იესო, საუკუნო სიცოცხლე; ამიტომაც აუცილებელია, ქადაგების მეშვეობით მივმართოთ მათ. გაითვალისწინეთ და დაამატეთ ეს „კერძები“ „საბავშვო მენიუს“ და დროთა განმავლობაში დაინახავთ, რომ ხდება ბავშვების „მადის მომატება“.

*ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან მქადაგებელო, რისგან შედგება თქვენი „საბავშვო მენიუ?“ და გამოყენებულია 9Mark Ministries-ის ნებართვით.


bottom of page