top of page

ღმერთის მსახური არ უნდა იყოს მოჩხუბარი:

კარგმა ხუცესმა იცის, როდის იბრძოლოს, მაგრამ ურჩევნია, ამას თავი აარიდოს

ხუცესს რთული მოვალეობა აკისრია. ის არ უნდა იყოს მოკამათე პიროვნება და, ამავდროულად, უნდა იცოდეს, როგორ წარმოადგინოს საფუძვლიანი არგუმენტები. ის მტკიცედ უნდა იდგეს ჭეშმარიტების დასაცავად და იყოს მშვიდობისმყოფელი, ჭეშმარიტებისთვის მებრძოლი, თუმცა არა მოჩხუბარი კაცი. ან როგორც პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ წერილში ამბობს: „ღმერთის მონას არ მართებს პაექრობა, არამედ თვინიერი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, უბოროტო. მშვიდად ასწავლიდეს მოწინააღმდეგეთ“ (მე-2 ტიმ. 2:24-25ა).


ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს ბრძანება: არ იყოს მოჩხუბარი. ცხადია, როგორც შეგონებით, ასევე მაგალითით, პავლეს წარმოდგენით, იდეალური ხუცესი არ არის რბილი, ოდნავ პასიური, ყველასთვის მოსაწონი, ბუნდოვანი სულიერების მქონე კაპელანი. სინამდვილეში, ზუსტად იმავე წინადადებაში, რომელშიც ის ტიმოთეს მოუწოდებს, არ იყოს მოჩხუბარი, ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყნიერებაში ბოროტება სუფევს და რომ ხუცესის მოვალეობაა – გამოასწოროს მოწინააღმდეგეები.


ყველანაირი დაპირისპირება არ არის ცუდი. პასტორალურ წერილებში მრავლად არის გაფრთხილება ცრუ მასწავლებლების წინააღმდეგ (1-ლი ტიმ. 6:3; მე-2 ტიმ. 2:17-18). შეგონება და მხილება მწყემსის ერთგული მსახურების უმნიშვნელოვანესი ნაწილია (ტიტე 1:9; 2:15). დოქტრინა არ არის პრობლემა. უთანხმოებაც კი არ არის პრობლემა. არსებობს უკიდურესად მნიშვნელოვანი, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხები, რომელთა გამოც ბრძოლა აუცილებელია. არსებობს ბრძოლა, რომელშიც უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ბრძოლისთვის თავის არიდება ყოველთვის სიმამაცეზე არ მიუთითებს...


მშვიდობის დრო

...მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეა.


ტიტეს მე-3 თავში პავლე შეაგონებს ხუცესებს, თავი აარიდონ ოთხი სახის კონფლიქტს: სულელურ კამათს, გენეალოგიებს, რჯულთან დაკავშირებით დავას და შუღლს (მ. 9). ზუსტად არ ვიცით, რას გულისხმობდა პავლე თითოეულ კატეგორიაში, თუმცა შეგვიძლია, შევადგინოთ ზოგადი მონახაზი:

  • სულელური კამათი გულისხმობს უპატივცემულო, უგუნურ მითებს (1 ტიმ. 4:7), დავას ებრაულ ფოლკლორთან დაკავშირებით (ტიტე 1:14), და ურთიერთგამომრიცხავ ლაყბობას ეგრეთ წოდებული ცოდნის შესახებ (1 ტიმ. 6:20).

  • გენეალოგიებზე კამათის აკრძალვა არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება თქვენი ოჯახის საგვარეულო ნუსხის გამოკვლევა, მაგრამ არასწორია, თუ ამას იმ მიზნით აკეთებთ, რომ ამაყად დაამტკიცოთ საკუთარი მოსაზრება ან მოახდინოთ სპეკულირება საკუთარ წარსულთან დაკავშირებით (1 ტიმ. 1:4-6).

  • როგორც ჩანს, შუღლი ეხება უთანხმოების გამომწვევ ადამიანებს, რომლებსაც პასუხების მიღებაზე მეტად კითხვების დასმა უყვართ (ტიტე 3:10-11).

  • ბოლოს, თავი უნდა ავარიდოთ რჯულთან დაკავშირებულ დავებს, რადგან ეს „უსარგებლო და ფუჭია“ (მ. 9).

პასტორალური წერილების წაკითხვისას შეუძლებელია, არ შევამჩნიოთ ორი მთავარი შეგონება, რომელიც პავლეს მსახურ მოწაფეებს ეხება:

  1. ხუცესს ბრძოლის არ უნდა ეშინოდეს და

  2. არც მეტისმეტად იზიდავდეს ბრძოლა.

ვრცელი რეფორმირებული ტრადიციის მსახურთა უმრავლესობას მტკიცედ სწამს, რომ უნდა დაიცვან რწმენის საწინდარი (მე-2 ტიმ. 2:14) და ეს სწორია. მაგრამ ხშირად უყურადღებოდ გვრჩება ასევე მნიშვნელოვანი თემა, რომ ხუცესს, რომელსაც მუდმივი დაპირისპირება სჩვევია, ალბათ, თავისი სამწყსო სათანადოდ არ უყვარს.


რა უნდა ავიცილოთ თავიდან?

პასტორალური ეპისტოლეები მუდმივად გვაფრთხილებენ არაჯანსაღი კამათისკენ მიდრეკილების წინააღმდეგ (1-ლი ტიმ. 1:4-6; 4:7; 6:4, 20; მე-2 ტიმ. 2:14, 16, 23; 4:4; ტიტე 1:14; 3:9-11). მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, რა პრობლემები არსებობდა ეფესოში და კრეტაზე, რამდენიმე საკვანძო სიტყვა და ფრაზა მკაფიო წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, რას უნდა ავარიდოთ თავი. უგუნური დაპირისპირებანი მოიცავს „დაუსრულებელ გენეალოგიებს“, „სპეკულაციებს“, „ფუჭ კამათს“, „ამაო ლაყბობას“, „შეუსაბამო და სულელურ დავებს“, „უსარგებლო“ დისკუსიებს და „სიტყვებით ბრძოლას“. უკეთეს შემთხვევაში, ეს არის „უსარგებლო, ფუჭი“ ლაპარაკი, ხოლო უარეს შემთხვევაში „უფრო და უფრო მიჰყავს ხალხი უღვთოებისაკენ“.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ჩხუბს, რომელსაც თავი უნდა ავარიდოთ, ჩამოთვლილთაგან ერთი ან მეტი თვისება ახასიათებს:

1. არ არსებობს რეალური პასუხი. ეს ნიშნავს, რომ დაპირისპირება მხოლოდ სპეკულაციებს ეფუძნება. შეუძლებელია პასუხის პოვნა, ან გაურკვეველია, კონფლიქტში მონაწილე მხარეებს რამდენად სურთ, მივიდნენ დასკვნამდე.

2. არ არსებობს რეალური აზრი. სულელური ჩხუბი უფრო მეტ დაპირისპირებას წარმოშობს და არა სიცხადეს. აქედან წარმოიშობა შური, ჯიბრი, გმობა და ბოროტი ეჭვი (1-ლი ტიმ. 6:4). ეს არის ფუჭი კამათი, სიტყვების გამო დავა იმ დროს, როდესაც არ წყდება არავითარი მნიშვნელოვანი დოქტრინული საკითხი (მე-2 ტიმ. 2:14, 23).

3. არ არსებობს რეალური მშვიდობა. არსებობენ ხუცესები, რომლებმაც მხოლოდ საომარ პერიოდში მოქმედება იციან. მათ არასოდეს უსწავლიათ, მშვიდობიანად როგორ წაუძღვნენ ხალხს. ხუცესი, რომლის ყოველი ქადაგება, ხუცესების ყოველი შეხვედრა და ყოველი ინტერნეტგამოსვლა „მკერდზე ასხმული ხელყუმბარების სროლით“ იწყება, რეალური საფრთხეა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვისაც.

4. ნამდვილი გამარჯვებული არის „ჭეშმარიტების“ მთქმელი და არა თვით ჭეშმარიტება.

ყველა უგუნურ კამათს ერთი საერთო თვისება ახასიათებს: ის, რომ კამათი ნაკლებად ეხება ჭეშმარიტებას და ღვთისმოსაობას, და უფრო მეტად საკუთარი თავის განდიდებასა და ჭეშმარიტების ღვთისმოსავი ჩემპიონის სახელის დამკვიდრებას. პოლემიკის დაწყებამდე კარგი იქნება, თუ შემდეგ კითხვებს დავსვამთ:

  • „ჩემი მთავარი მოტივაცია არის მეგობრებზე შთაბეჭდილების მოხდენა, თუ ის, რომ ღმერთის სიტყვა გახდეს შთამბეჭდავი?“

  • „მსურს მოწინააღმდეგეების გაღიზიანება ან შერცხვენა, თუ მათი დარწმუნება?“

  • „თუ ჭეშმარიტება გაიმარჯვებს, ვღელავ იმაზე, ვინ მიიღებს აღიარებას?“

მაშინ, როდესაც დაპირისპირება აამპარტავნებს და არ აღაშენებს, ბიბლია მას „ამაოს“ და „შეუსაბამოს“ უწოდებს. ბრძოლის დასასრულს არავინ უახლოვდება არც ღმერთს და არც ღვთისმოსაობას. ეკლესია არ ხდება უფრო წმინდა, არც უფრო ბედნიერი. უგუნური დაპირისპირებების საბოლოო შედეგი არის ის, რომ საკუთარ თავზე უკეთესი წარმოდგენა გაქვთ და იმედოვნებთ, რომ სხვებიც იმავეს ფიქრობენ.


„დაე, განვაგრძოთ ბრძოლა“ – ეს არის სახარების მსახურის აუცილებელი საბრძოლო შეძახილი. ხუცესის მსახურება არ არის განკუთვნილი იმ მწყემსებისთვის, რომლებსაც სურთ – მათი ტანისამოსი სუფთა დარჩეს. შეიძლება სხვებმა ტალახი გვესროლონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტალახის სრულით ჩვენ უნდა ვუპასუხოთ.


საჭიროა გამბედაობა და არა ჩხუბისმოყვარეობა.


*ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან „ღმერთის მსახური არ უნდა იყოს მოჩხუბარი: კარგმა ხუცესმა იცის, როდის იბრძოლოს, მაგრამ ურჩევნია, ამას თავი აარიდოს“ და გამოყენებულია 9Marks Ministries-ის ნებართვით.

38 views0 comments
bottom of page