top of page

რატომ უნდა მეთვალყურეობდნენ ხუცესები ქალთა მსახურებას?


ეზოპეს ერთ-ერთი იგავი მოგვითხრობს ხარების ჯოგზე, რომლებიც მინდორში ცხოვრობდნენ. ლომმა მათზე თავდასხმა სცადა, მაგრამ ერთობლივად მათ ის მოიგერიეს. ერთხელ ხარები ერთმანეთს მცირეოდენი ბალახის გამო დაუპირისპირდნენ და ჯიუტად განცალკევდნენ. ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტად დაშორებოდნენ ერთმანეთს. ლომმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა და სათითაოდ შთანთქა ხარები.

ზოგჯერ, ქალთა მსახურება ამ ხარებს ჰგავს, როცა თითოეული მათგანი საკუთარ „ბალახის ნაკვეთში“ დანარჩენი ეკლესიისგან განცალკევდება. კომპლემენტარიზმის [1] კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მამაკაცების ლიდერობა ქალებს თრგუნავს. შესაძლოა, კომპლემენტარიზმისმომხრე ეკლესიებს შეექმნათ ცდუნება იმისა, რომ ამგვარ კრიტიკას ჩაურევლობით უპასუხონ და ქალთა მსახურებას საშუალება მისცენ, შეიქმნას ისეთი სივრცე, სადაც ქალები ხუცესისგან დამოუკიდებლობას მოიპოვებენ – სივრცე, სადაც ქალები საკუთარი სხვადასხვა ნიჭის გამოყენებას მამაკაცი ხუცესების ზედამხედველობის გარეშე შეძლებენ.

დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს ბალახი უფრო ხასხასა მწვანედ ჩანდეს, ქალებს, მამაკაცების მსგავსად, ხუცესის მეთვალყურეობა და ზრუნვა ესაჭიროებათ.

მე ვარ ევანგელური თემის ეკლესიის წევრი აბუ-დაბიში, სადაც ქალთა მსახურებაში ვიღებ მონაწილეობას. ერთგული წმინდების გულმოდგინების წყალობით, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში საკრებულო შეიცვალა და სულიერად გაიზარდა. როდესაც ჩემი ოჯახი ახალი ჩამოსული იყო ამ ქვეყანაში, ეკლესიაში სერიოზული ცვლილებები მოხდა მმართველობის და მოწყობის სფეროში; ერთობლივი ადმინისტრაციული „საეკლესიო საბჭო“ მანამდე ორივე სქესის ჩართულობით, შემდგომ უკვე მრავალრიცხოვანი მამაკაცი ხუცესებით შეიცვალა. ქალთა მსახურება სწრაფად გაუმჯობესდა, რადგან ბიბლიური კვალიფიკაციის მქონე ხუცესების მზრუნველობის ქვეშ მოექცა.

ადრე ქალთა მსახურება უკიდურესად დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა. ჰქონდა საკუთარი წესდება, წევრობა და მმართველი კომიტეტი. ის ფლობდა საკუთარ ფინანსებს, სასწავლო გეგმას და სხვადასხვა პროგრამას, ხუცესის ჩარევის გარეშე. ლიდერი ქალები ყველანაირად ცდილობდნენ, მომსახურებოდნენ სხვა ქალებს და, ღმერთის წყალობით, მათს ძალისხმევას ნაყოფი ჰქონდა. მათ შორის იყო მოსიყვარულე თანამოზიარეობა და ზოგიერთი მათგანი ღმერთის შეცნობაში იზრდებოდა. თუმცა ქალებს ხუცესის მეთვალყურეობა აკლდათ. ეკლესიის წევრი ქალები, როგორც წესი, ქალთა ღონისძიებებს ესწრებოდნენ, მაგრამ არასდროს ესწრებოდნენ ერთობლივ მსახურებას. ბევრი მათგანი ქალთა მსახურებას საკუთარ ეკლესიად აღიქვამდა და არა როგორც ეკლესიაში არსებულ მსახურებას. ზოგიერთი გაკვეთილი და სასწავლო პროგრამა არაჯანსაღი იყო. ლიდერებს შორის უთანხმოება წარმოიშვა. ერთხელ ერთი ქალი გამოვიდა სიტყვით, რომელიც მან ცნობილი ცრუმასწავლებლისგან გადმოიღო. მაგრამ, ალბათ, ყველაზე დიდი ზიანი იმ ქალებს მიადგათ, რომლებიც გამანადგურებელი ცოდვის ან დამთრგუნველი სიტუაციების მახეში აღმოჩნდნენ. ზოგ შემთხვევაში მათ ვერ მოიპოვეს ხუცესის ყურადღება იმის გამო, რომ მისგან იზოლირებულნი იყვნენ.

მაშინ, როდესაც ამ ეკლესიის წევრი გავხდი, ცვლილებები ახალი დაწყებული იყო. ახლად დანიშნულმა ხუცესებმა დაიწყეს ეკლესიაში არსებული თითოეული მსახურების მეთვალყურეობა, მათ შორის, ქალთა მსახურებისაც. მას შემდეგ, რაც ქალთა მსახურება ხუცესების მზრუნველობის ქვეშ მოექცა, ჩვენი ეკლესიის ქალები ბევრად უკეთესად იყვნენ აღჭურვილნი, აღზრდილნი, გაერთიანებულნი და დაცულნი, ვიდრე მაშინ, როდესაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებდნენ.

რატომ? აქ მოცემულია თითოეული მიზეზის მოკლე მიმოხილვა, რომელმაც ეს სარგებელი მოიტანა.

ბიბლიურად აღჭურვილი

ჩვენს ეკლესიებში საჭიროა თეოლოგიურად ჯანსაღი ქალების ყოფნა. დებს, რომლებიც სათანადოდ აღჭურვილნი და მზადმყოფნი იქნებიან იმისთვის, რომ დაიმოწაფონ სხვა ქალები, უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლიათ მთელი ეკლესიისთვის. ამიტომ ეკლესია უნდა ესწრაფოდეს, ბიბლიურად აღჭურვოს ქალები, რომლებსაც შეეძლებათ, სწორად მოეპყრონ ღმერთის სიტყვას და სხვებსაც იგივე ასწავლონ. ხუცესის მეთვალყურეობა არის ყველაზე საიმედო საშუალება, რათა მოხდეს წმინდა ქალების აღჭურვა და ასევე დამოწაფების კულტურის დანერგვა, სადაც ქალები კომპეტენტურნი და უფლებამოსილნი იქნებიან – ემსახურონ ერთმანეთს.

ჩვენს ეკლესიაში ხუცესები სხვადასხვა საშუალებით ამზადებენ ქალებს. საუკეთესო საშუალება ხუცესისთვის, რათა გამოხატოს სიყვარული ეკლესიაში მყოფი ქალების მიმართ, არის ის, რომ უზრუნველყოს ღმერთის სიტყვის ერთგული სწავლება და ჯანსაღი ქადაგება. გარდა ამისა, ჩვენი ხუცესები გვიწვევენ მეცადინეობებზე, რომლებიც ხუცესობის სტაჟიორებისთვის არის განკუთვნილი; ხელს გვიწყობენ, მონაწილეობა მივიღოთ Simeon Trust სემინარებში (მქადაგებელთა სემინარები; www.simeontrust.org) და ასევე, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას ქადაგების ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვიდრე საჯაროდ ვასწავლით ერთმანეთს. მსგავსი მხარდაჭერა მოწმობს იმას, რომ ჩვენი ხუცესები ზრუნავენ ეკლესიის ქალებზე. მათი სურვილია, ქალებმა წარმატებას მიაღწიონ ბიბლიური მოძღვრების წყალობით, შესაბამისად განსწავლული დების მეშვეობით, რათა შევძლოთ დამოწაფების კულტურის დანერგვა (ტიტე 2:3).

მე, როგორც ერთგული სახუცესო მსახურების ბენეფიციარი, ვხარობ ეფესელთა 4:11-12 მუხლებით, რადგან ქრისტემ მოგვცა მწყემსები, რათა „განამზადოს წმინდები მსახურების საქმისათვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად.“ ჩვენი მწყემსები არ ცდილობენ ჩვენგან შორს ყოფნას. ისინი ძალიან აფასებენ ეკლესიის თითოეულ წევრს და არ დაუშვებენ, რომ ქალებმა თავიანთთვის იცხოვრონ. ნაცვლად ამისა, ისინი გვითმობენ დროს, არ იშურებენ რესურსებს იმისთვის, რომ საფუძვლიანად ვიყოთ აღჭურვილნი, რათა ვასწავლოთ სხვა ქალებს. როცა ხუცესები უზრუნველყოფენ ჯანსაღ მოძღვრებას ქალთა მსახურებაში, ეს არანაირად არ აკნინებს ქალებს და არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არასრულფასოვანნი არიან. პირიქით, ხუცესები სიყვარულით გვეპყრობიან, როგორც დებს, როგორც ღმერთის ხატების წარმომადგენლებს და ქრისტეს თანამემკვიდრეებს.

სიყვარულით ნასაზრდოები

მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი თაყვანისცემისას ყველაზე უკეთ ხდება ჩვენს სულზე ზრუნვა, ჩვენ ასევე გვესაჭიროება ინდივიდუალური კვება. როდესაც ხუცესი მეთვალყურეობას უწევს ქალთა მსახურებას, ის ზრუნავს იმაზე, რომ არცერთი ქალი არ დაიტანჯოს მდუმარებაში. შეიძლება, ქალებს მხარდაჭერის ძლიერი სისტემა ჰქონდეთ სხვა დების მეშვეობით, თუმცა რამდენად უფრო სასიამოვნოა, როდესაც არა მხოლოდ დებს ვუყვარვართ და ზრუნავენ ჩვენზე, არამედ ძმებიც?

ხუცესის მეთვალყურეობა უზრუნველყოფს, რომ დებზე მთელმა ეკლესიამ იზრუნოს. ეკლესია იზრდება ქრისტეში მაშინ, როცა ერთად არის, როცა ყოველი სახსრით არის შენაწევრებული (ეფეს. 4:15-16). მოციქული პავლე ფილიპეს ეკლესიის საქმეებში ჩაერია, რათა ევოდია და სვინტიქე დაერწმუნებინა – ერთობა ჰქონოდათ უფალში. ეს ქალები ეკლესიის წევრები და პავლეს თანამშრომლები იყვნენ. ის საკმარისად ზრუნავდა მათზე, ამიტომაც ევედრებოდა ეკლესიას – მონაწილეობა მიეღო მათს შერიგებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ხუცესები კურირებენ ქალთა მსახურებას, მათთვის ცნობილია მათი საჭიროებანი. როგორც წესი, ხუცესი იჩენს ინიციატივას და სულიერად მოწიფულ ქალს სთხოვს შეხვდეს დას, რომელსაც პრობლემები აქვს. იმავენაირად, ჩვენ შეგვიძლია ხუცესებს შევატყობინოთ ჩვენი დების საჭიროებები, რომ მათ ჩვენზე ილოცონ და გვემსახურონ. ქალები არ არიან განცალკევებული სალოსები, ისინი არ ემსახურებიან მხოლოდ სხვა ქალებს. ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ვართ, და-ძმები, რომლებიც ერთმანეთის საჭიროებებზე ზრუნავენ ხუცესთა ბიბლიური წინამძღოლობის მეშვეობით.

ჰარმონიულად გაერთიანებული

მართალია, ხუცესს არ შეუძლია ემსახუროს ქალებს ისე, როგორც ეს სხვა ქალებს ძალუძთ, მაგრამ ქალებს ესაჭიროებათ ხუცესის მეთვალყურეობა იმისთვის, რომ ნაყოფიერად ემსახურონ ერთმანეთს. ჩვენ გვჭირდება ხუცესის წინამძღოლობა ბიუჯეტის, კალენდრის, სასწავლო პროგრამის შერჩევის საკითხებში და ა. შ. ამ სფეროებში ჩვენ ვსაჭიროებთ ზედამხედველობას, რადგან ეკლესია ერთიანი სხეულის მსგავსად ფუნქციონირებს.

ჩვენი ხუცესები კარგად იცნობენ თავიანთ ეკლესიას: ისინი მთლიანად ხედავენ მას. ისინი ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ იმას, რაც ხელებისთვის არის კარგი, არამედ ფეხებისთვისაც. მათ უნდა გაითვალისწინონ, რამდენად განამტკიცებს ესა თუ ის ღონისძიება მთელ სხეულს თუ მხოლოდ მცირე რაოდენობას; როდის უნდა გამახვილდეს ყურადღება გაჭირვებულებზე უფრო მეტად, ვიდრე კარგად მყოფებზე (1-ელი კორ. 12:21-26). ისინი ყურადღებას აქცევენ სხეულში წარმოქმნილ „სისხლდენას“ მაშინ, როცა დანარჩენები ამას ვერ ამჩნევენ. ამრიგად, სწორად ვიქცევით, როდესაც მათ წინამძღოლობას ვენდობით და ვემორჩილებით, როცა ისინი მეთვალყურეობას უწევენ მსახურებასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ საკითხებს.

ჩვენს ეკლესიაში სასწავლო პროგრამას ხუცესებთან ერთად ვარჩევთ. იყო შემთხვევები, როცა ჩვენ ერთი თემის შესწავლა გვსურდა, მაგრამ ხუცესებმა სხვა თემის შესწავლა გვთხოვეს, რომელიც, მათი აზრით, უფრო მეტად სასარგებლო იქნებოდა ჩვენი დებისთვის. ჩვენ არც ერთხელ არ გვინანია, რომ მათი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ. ჩვენი ხუცესებისთვის იაკობის 3:1 გამომაფხიზლებელი შეხსენებაა: „ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ“. ხუცესები საკუთარ თავზე იღებენ ამ ტვირთს, და თვალყურს ადევნებენ, რომ ის, რასაც ვსწავლობთ, ბიბლიას შეესაბამებოდეს. არსებობს ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა, ხოლო მათი ზედამხედველობა გვხსნის ტვირთს, რომელსაც დამოუკიდებლობა ზედმეტად აკისრებს მსახურებას.

ერთგულად დაცული

შესაძლოა, ხუცესის ზედამხედველობის ყველაზე დიდი სარგებელი ის გახლავთ, რომ იგი იცავს ეკლესიის ქალებს. ებრაელთა 13:17 ამბობს: „დაუჯერეთ თქვენს წინამძღვრებს და დაემორჩილეთ მათ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი“. სიტყვა „ფხიზლობენ“ შემახსენებს, რას აკეთებს ჩემი ქმარი ყოველთვის, როცა ერთად ვსეირნობთ. ის გზის შიდა მხარეს მაყენებს და თავად დგება ჩემსა და უახლოეს საფრთხეს შორის. იგი ამას ცუდი განზრახვით არ აკეთებს. ამით ის არ მიმითითებს, რომ ჩემზე ძლიერი ან უნარიანია; იგი ჩემს სიცოცხლეს უფრთხილდება და არა საკუთარს.

როგორც წესი, კარგი ხუცესიც იმავეს აკეთებს ჩვენთვის, ამიტომაც ვემორჩილებით მას და ამას სიამოვნებით ვაკეთებთ. ის დგას თავის სამწყსოსა და ცრუმასწავლებლების გავლენას შორის. მოციქულმა პავლემ ეფესოელ ხუცესებს დაავალა – მგლებისგან დაეცვათ ქრისტეს ძვირფასი სამწყსო (საქმ. 20:28-30). როდესაც ჩვენი ხუცესები თვალყურს ადევნებენ ქალთა მსახურებას, ეს უნდობლობაზე არ მიუთითებს, არამედ იმაზე, რომ როდესაც მგლები შეუტევენ, მთავარ დარტყმას მწყემსი აიღებს საკუთარ თავზე და არა ცხვრები. ამ დროს ის ჰბაძავს კეთილ მწყემსს, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს სწირავს თავისი ცხვრებისთვის (იოანე 10:11-15).

ღვთაებრივი დიზაინი

ეს ყოველივე წარმოაჩენს ღმერთის კეთილ და საოცარ ჩანაფიქრს თავისი ეკლესიისთვის. ღვთის უზენაესი სიბრძნით სახარება საოცრად ვლინდება მაშინ, როცა თავმდაბლობით ვემორჩილებით ჩვენი ხუცესის წინამძღოლობას და ვხარობთ ღმერთის სიკეთით, რადგან მან გვიბოძა ეს ადამიანები. კერი ფოლმერი წერს: „ხუცესის ავტორიტეტისადმი თქვენი ბედნიერი მორჩილება სასიკეთოა. თქვენ წარმატებული იქნებით, ხოლო თქვენი ხუცესი სიხარულით მოგემსახურებათ თქვენ და მთელ ეკლესიას.“ [2]

ამრიგად, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ხუცესის მეთვალყურეობა, გარკვეულწილად, ქალების შეზღუდვას გულისხმობს, მაგრამ ჩემი გამოცდილება რადიკალურად განსხვავებულია. ხუცესის მტკიცე მეთვალყურეობა გამოხატავს სიყვარულს, ზრუნვას და დაფასებას ეკლესიის წევრი ქალების მიმართ. როდესაც ქალები „ავტონომიურ სივრცეს“ ეძებენ იმისთვის, რომ საკუთარი დამოუკიდებლობა და ლიდერობა გამოავლინონ, ამ დროს, ფაქტობრივად, სამწყსოს გამოეყოფიან და თავს საფრთხეში იგდებენ.

ხუცესებო, ზოგიერთი ქალი, შესაძლოა, ცდუნების წინაშე აღმოჩნდეს და საკუთარი „ბალახის ნაკვეთის“ მოპოვება მოისურვოს, მაგრამ გევედრებით, სახარებისა და ჩვენი სულების გამო ამას ნუ დაუშვებთ! ******* [1] კომპლემენტარიზმი არის მოძღვრება, რომლის თანახმად მამაკაცურობა და ქალურობა დადგენილია ღმერთის მიერ და რომ მამაკაცები და ქალები შექმნილნი არიან იმისთვის, რომ შეავსონ ან სრულყონ ერთმანეთი. კომპლემენტარიზმის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცები და ქალები თანასწორად არიან შექმნილნი თავიანთი არსებით, ფასეულობით და პიროვნებით, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ ბიბლიაში წარმოდგენილი გენდერული როლები მიზანმიმართულად და მნიშვნელოვნად განსხვავებულია, როდესაც გამოყენებულია ოჯახსა და ეკლესიაში. ეს ხელს უწყობს როგორც მამაკაცის, ასევე ქალის სულიერ სიჯანსაღეს. მამაკაცისა და ქალის ღმერთის მიერ დადგენილი და განსაზღვრული როლების აღიარება განამტკიცებს ღვთის ხალხის მსახურებას და როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს საშუალებას აძლევს, მიაღწიონ ღმერთის მიერ ბოძებულ პოტენციალს.

[2] კერი ფოლმერი, „როგორ შეუძლია ქალს – იყოს წარმატებული ადგილობრივეკლესიაში?“ (Crossway, 2021).

*******

*ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან „რატომ უნდა მეთვალყურეობდნენ ხუცესები ქალთა მსახურებას?“ და გამოყენებულია 9Marks Ministries-ის ნებართვით.

18 views0 comments
bottom of page