top of page

ხუცესი საბრძოლო მზადყოფნაში: როგორ გავუმკლავდეთ კონფლიქტს და კრიტიკას?


„თქვენს ეკლესიაში არ არის ერთობა.“

„თქვენ არ იზრუნეთ ჩემზე და ჩემს საჭიროებებზე, როცა ქმარმა მიმატოვა.“

„თქვენი ეკლესია არ არის თბილი ეკლესია.“

„ეკლესიაში ზედმეტი ბიუროკრატიაა.“

„ეკლესია ძალიან დიდია.“

„თქვენი ლოცვები მექანიკურად ჟღერს.“

ოჰ, გავიფიქრე, როცა ეს სიტყვები წავიკითხე. ეს კომენტარები ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ლიდერებს ეხებოდა. ყოველი კრიტიკული კომენტარი სახეში ნასროლ ხრეშს ჰგავდა და ტკივილს მაყენებდა. ნებისმიერი ლიდერისთვის ცნობილია, რომ კრიტიკა მტკივნეულია. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიიდან მიმავალი წევრებისგან უკუკავშირის მიღება ჩვენი ინიციატივა იყო, კრიტიკის მოსმენა ყოველთვის არასასიამოვნოა.

უკმაყოფილება საკმაოდ მტკივნეული შეიძლება იყოს, თუმცა, აშკარა მტრულ განწყობასა და ჩხუბს მაინც სჯობია. უთანხმოებამ, გაუგებრობამ, გაღიზიანებამ და აზრთა სხვაობამ ქრისტეს ეკლესიაში, შესაძლოა, განხეთქილება გამოიწვიოს. კონფლიქტს შედეგად მოსდევს გულისტკივილი, სხვისი მოტივების განკითხვა და ემოციების შეუკავებლობა. ეკლესიის წევრებმა შეიძლება კონფლიქტის ერთ-ერთ მონაწილეს დაუჭირონ მხარი. ჭორები და მითქმა-მოთქმა ხანძარივით სწრაფად ვრცელდება და ძალიან მალე მთელი ტყე ალშია გახვეული. თუ კრიტიკა ნაღრძობ კოჭს შეიძლება შევადაროთ, კონფლიქტი მოტეხილობას ჰგავს.

კონფლიქტი წარსულიდან მომდინარეობს

ზოგჯერ კონფლიქტი და კრიტიკა ეკლესიაში გარდაუვალია. ცხოვრება სავსეა არეულობით, უსიამოვნებით და მტკივნეული გამოცდილებით. ეკლესია არის ცოდვილი ადამიანების კრებული და სამწუხაროდ, ეს ადამიანები კვლავაც სცოდავენ. მრავალი გაუგებრობა ხდება. უხეში სიტყვები მტკივნეული და შემტევია და მათი უკან დაბრუნება შეუძლებელია. კრიტიკა იწვევს კონფლიქტს, ხოლო კონფლიქტი – კრიტიკას. ეს ჰგავს ტკივილისა და ტანჯვის საშინელ სარბენ ბილიკზე სირბილს. უკანასკნელმა რამდენიმე წელიწადმა კიდევ უფრო გაამძაფრა უთანხმოება ეკლესიებს შორის, მაგრამ ეს არ არის ახალი კონფლიქტი. განხეთქილება, რომელიც ყოფს ეკლესიებს, თავიდანვე არსებობდა.

ფილიპელთა მიმართ წერილში მოციქული პავლე ორ საყვარელ თანამშრომელს სახარების ქადაგებაში – ევოდიას და სვინტიქეს – მოუწოდებს: „ერთი ფიქრი ჰქონდეთ უფალში“ (ფილიპელთა4:2). ეს ორი ქალი პავლესთან ერთად შრომობდა და მათი სახელები სიცოცხლის წიგნში ჩაიწერა(ფილიპელთა 4:3). ისინი ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები და „სახარების ქადაგებაში“ პავლეს თანამშრომლები იყვნენ, მაგრამ მათ შორის მწვავე უთანხმოება წარმოიშვა. ეს უთანხმოება მთელი ეკლესიისთვის გახდა ცნობილი, რის შედეგადაც ისინი განცალკევდნენ. კონფლიქტი ეკლესიაში ისეთივე ძველია, როგორიც თვით ეკლესია.

კონფლიქტის მოგვარება მარტივი საქმე არ არის. ეს პროცესი ტუალეტის დალაგებას ჰგავს: ბინძური, უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელი. კონფლიქტის უგულებელყოფა მხოლოდ ამძაფრებს მას, როგორც მაგალითად, სარდაფის კარის დახურვა მაშინ, როცა მის კედლებზე შავი ობია მოდებული. ის თავისთავად არ გაქრება და შედეგები კატასტროფული იქნება.

კონფლიქტის დროს წინამძღოლობის სამი გზა

როგორ შეუძლია ხუცესს ამ ბრძოლაში წინსვლა და არა უკან დახევა? მსგავსად მამაცი პირველი მაშველებისა, რომლებიც ქაოსის მიმართულებით გარბიან, როგორ შეუძლიათ ხუცესებს – გაბედულად მოემზადონ კონფლიქტისთვის, დარწმუნებით, თავმდაბლობითა და კეთილგანწყობით?

ეს ადვილი ამოცანა არ არის. ზოგი პარალიზებულია ადამიანების შიშით ან წარუმატებლობის განცდის შიშით. სხვები კი, ზედმეტად მოწადინებულად ერთვებიან ბრძოლაში. მოკრივეების მსგავსად დაუყოვნებლივ ებმებიან მეტოქესთან ბრძოლაში, ასეთი ხუცესები მოთხოვნებს არ შეესაბამებიან. გაითვალისწინეთ პავლეს ბრძნული სიტყვები ახალგაზრდა ტიმოთეს მიმართ:

„ღმერთის მონას კი არ მართებს პაექრობა, არამედ თვინიერი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, უბოროტო. მშვიდად ასწავლიდეს მოწინააღმდეგეთ, ვინძლო მისცეს მათ ღმერთმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად, რათა გონს მოეგონ და თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავის ნებაში მოამწყვდია ისინი.“ (მე-2 ტიმოთე 2:24-26).

ჩვენ ვხედავთ, რამდენად რთულია ეს ამოცანა. ხუცესებს არ შეუძლიათ კონფლიქტისგან გაქცევა, მაგრამ არც ზედმეტი მონდომებით არ უნდა ჩაებან ბრძოლაში. სიკეთე, მოთმინება და კეთილგანწყობა უნდა ახლდეს კონფლიქტში მონაწილეობისთვის მზადყოფნას, შეგონებას, დარიგებას და საყვედურის თქმას. როგორ გავუყაროთ ძაფი ნემსის ყუნწში? რომელი ჭეშმარიტებები ეხმარება ქრისტიან ხუცესებს და ლიდერებს, ნებაყოფლობით ჩაერთონ კონფლიქტში მოსალოდნელი ჩხუბით სიამოვნების გარეშე? გაითვალისწინეთ სამი ფუნდამენტური მოსაზრება მათთვის, ვინც ცდილობენ მსახურებას კონფლიქტში.

1. თავმდაბლურად გახსოვდეთ, რომ ეს არის ღმერთის ეკლესია

პირველი, გახსოვდეთ, რომ ეკლესია თქვენ არ გეკუთვნით. მოსე არის მსგავსი თავმდაბლური დამოკიდებულების მაგალითი. ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ღმერთის რისხვა აღეგზნო ისრაელის კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, როდესაც ხალხი ოქროს ხბოს ეთაყვანებოდა. რას აკეთებს ამ დროს მოსე? ის შუამდგომლობს მათთვის და ღმერთს შეახსენებს, „რომ ეს ერი შენი ხალხია.“ (გამოსვლა 33:13). მოსე მკაფიოდ აცხადებს, რომ ისრაელი არ არის მისი ხალხი, არამედ ღმერთის. მოსე არის ღმერთის მიმართ თავმდაბლური დამოკიდებულების მაგალითი, თუ როგორ ვიშრომოთ ღვთის ხალხში მათ სასიკეთოდ.

ხუცესებისთვის პარალელი არის შემდეგი: თავმდაბლურად გახსოვდეთ, რომ ეკლესია არის ქრისტეს ეკლესია. როდესაც კონფლიქტი ხდება, სულიერი ლიდერები სიბრძნით ეწინააღმდეგებიან მოწოდებას – საკუთარი ძალითა და სიბრძნით მოაგვარონ კონფლიქტი. იესო წმინდაყოფს თავის ეკლესიას. მას სურს, დაეხმაროს და მიანიჭოს სიბრძნე და მადლი თავისეკლესიას. გარდა ამისა, ხუცესებს სიბრძნე მართებთ და არ უნდა დაივიწყონ, რომ ეკლესიასთან ერთად განიცდიან განწმენდას. მათ ერთად უამრავი გაკვეთილი უნდა ისწავლონ; მადლი გამოავლინონ; ბევრად მეტი სიბრძნე მიიღონ. ღმერთი მოქმედებს კონფლიქტის პროცესში და კონფლიქტის მეშვეობით თავისი ხალხის სასიკეთოდ. გახსოვდეთ, რომ ქრისტე არის უმთავრესი ხუროთმოძღვარი, რომელიც თავის საბოლოო ქმნილებაზე მუშაობს და ეს არის ღმერთის დიდებული ეკლესია.

ხუცესებო, ილოცეთ მეფე სოლომონის მსგავსად, როდესაც ის ღმერთის ხალხის წინამძღოლობის რთულ საქმეს ასრულებდა:

„ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა... მიანიჭე შენს მსახურს გონიერი გული, რათა განაგოს შენი ერი და გაარჩიოს სიკეთე ბოროტებისგან... რადგან ვის შეუძლია, განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?“ (მე-3 მეფეთა 3:7,9).

თავმდაბლურად ილოცეთ გონიერებისთვის, რათა წაუძღვეთ ღმერთის დიდებულ ხალხს. სიბრძნე სთხოვეთ ღმერთს, რომელიც უხვად და დაუყვედრებლად გასცემს თავისი ეკლესიის სასარგებლოდ (იაკობი 1:5).

2. თავმდაბლურად გახსოვდეთ ქრისტეს მაგალითი

მეორე, მიჰბაძეთ ქრისტეს უანგარო მსხვერპლშეწირვის მაგალითს. ხუცესები არიან ქრისტეს მორჩილი მწყემსები, რომლებიც მთავარი მწყემსისგან იღებენ მინიშნებებს. იესომ „წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა... დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.“ (ფილიპელთა 2:7-8). ყველა მორწმუნე, განსაკუთრებით კი ლიდერები, მოწოდებულა – მიჰბაძოს ქრისტეს თავმდაბლობას, მსახურებას და მსხვერპლს.

ეგოისტური ამბიცია, ამპარტავნობა, შური და მეტოქეობა – ეს ყველაფერი ეკლესიაში არ უნდა იყოს, მით უმეტეს ეკლესიის ლიდერებს შორის. წმინდა წერილი ყველაზე მკაცრად განიკითხავს თვითმომსახურე მწყემსებს ეზეკიელის 34-ე თავში. ღმერთის ხალხი ისრაელის მწყემსების მიერ იყო გაფანტული, შთანთქმული და მიტაცებული. არაფერი ისე სწრაფად არ უთხრის ძირს ლიდერებს, როგორც ეგოიზმი და თავმდაბლობის ნაკლებობა. ღმერთის მსახურები ჭეშმარიტად მსახურები უნდა იყვნენ და თავმდაბლურად დაემორჩილონ თავიანთ ბატონს. ხუცესებმა უნდა „გაიზიარონ მისი ტანჯვა, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.“ (მე-2 ტიმოთე 2:3). ხუცესების მსახურება მეფის (ღმერთის) საამებლად არის მიმართული. ხუცესი ხელმწიფების ქვეშ იმყოფება. როდესაც ხუცესი ქრისტეს გონებით არის აღჭურვილი, მას შეუძლია – შეინარჩუნოს სულიწმიდის ერთობა, პატივი მიაგოს სხვა ადამიანებს, მზად იყოს – იქადაგოს სიტყვა დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ამხილოს, შერისხოს, შეაგონოს მთელი სულგრძელობითა და დამოძღვრით. (მე-2 ტიმოთე 4:2).

ხუცესებმა უარი უნდა თქვან პირად უპირატესობასა და მოსაზრებებზე და მიზნად დაისახონ – ემსახურონ ეკლესიას ისე, როგორც ქრისტე მოემსახურებოდა თავის ეკლესიას – უანგაროდ და მოთმინებით. ხუცესმა თავმდაბალი გულით უნდა შეასრულოს მსახურის ფუნქცია, როგორც ქრისტეს მორჩილმა მწყემსმა.

3. თავმდაბლურად ილაპარაკეთ ჭეშმარიტება სიყვარულით

ბოლოს, ილაპარაკეთ ჭეშმარიტება სიყვარულით. ღვთისმოსავი ხუცესები მტკიცე ერთგულებას ავლენენ ჭეშმარიტების მიმართ, რომელსაც საფუძვლად უდევს და აყალიბებს ღრმა და მუდმივი სიყვარული ღმერთის ხალხის მიმართ. მათ პავლესმიერი სიყვარული აქვთ თავიანთი სამწყსოს მიმართ და ესწრაფვიან – იესო ქრისტეს სიყვარულით უყვარდეთ ისინი (ფილიპელთა 1:8). მათი სიტყვები აღაშენებს და არ ანგრევს; მათი მეტყველება სიყვარულით არის სავსე. შეგონებისა და დარიგების დროს მათი სიტყვები სიკეთეს და მზრუნველობას გამოხატავს. მათი სწავლების არსი არის სიყვარული, შეზავებული ურყევი ჭეშმარიტებით.

სწორედ ამ სფეროში ბევრი ხუცესი უშვებს შეცდომას. დიდია კონფლიქტებისა და დაძაბულობის დამშვიდების, მოგვარების და ჩახშობის ცდუნება. კონფლიქტის მოგვარების და მშვიდობის დამყარების მცდელობისას ქრისტეს მორჩილი მწყემსის სიტყვები უნდა იყოს „მადლიანი, მარილით შეზავებული“ (კოლასელთა 4:6) და არასოდეს უნდა იყოს მოწყალებით შენიღბული სანახევრო სიმართლე. ხუცესები „მორწმუნეთათვის მაგალითები უნდა იყვნენ სიტყვით“ (1-ლი ტიმოთე 4:12). პავლესთან ერთად, ხუცესებმა უარი უნდა თქვან „სამარცხვინოს დაფარვაზე და ცბიერი ქცევით არ დაამახინჯონ ღმერთის სიტყვები“ და არ მიესადაგონ ამ ქვეყნიერებას (მე-2 კორინთელთა 4:2).

პატიოსანი მეტყველება სინათლეს ჰფენს ჭეშმარიტებას და არ ფარავს მას. ამიტომ, ხუცესებმა ბეჯითად უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მათი „არა“ იყოს „არა“ და მათი „დიახ“ იყოს „დიახ“ (იაკობი 5:12). ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი სიტყვები მუდმივად ჭეშმარიტი იყოს. ჩვენ იმისთვის არ ვიღვწით, რომ დავაკნინოთ ნდობა, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა, რათა ვიყოთ სახარების დიდი ჭეშმარიტების მაცნეები. ჩვენ ჭეშმარიტების შეცვლის ხარჯზე არ ვეწინააღმდეგებით კრიტიკის შერბილების ცდუნებას. ჩვენ უარს ვამბობთ ჭეშმარიტების დაკნინებაზე და სიყვარულით ვაცხადებთ ჭეშმარიტებას, რათა ეკლესია გაიზარდოს ქრისტეში (ეფესელთა 4:15).

ჩვენი იმედი ღმერთშია, რომელიც მოქმედებს

წყლის მორევში ყოფნისას გახსოვდეთ ღმერთის დაპირება თავისი მსახურებისა და ხალხის მიმართ. ღმერთი ჰპირდება მწყემსებს (ხუცესებს) დიდებულ ჯილდოს: „როდესაც გამოჩნდება მწყემსმთავარი, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს.“ (1-ლი პეტრე 5:4). კონფლიქტი და კრიტიკა ყოველთვის რთულია, მაგრამ ეს ტკივილი და შრომა ხანმოკლეა ქრისტეს შეცნობის აღმატებულ ღირსებასთან შედარებით.

მსგავსად, ღმერთი ჰპირდება თავის ხალხს, რომ ის დაასრულებს იმ კეთილ საქმეს, რომელიც დაიწყო (ფილიპელთა 1:6). ეკლესია განიწმინდება, რათა წმინდა და სუფთა იყოს უფალ ქრისტეს დღეს. ჩაეჭიდეთ ამ დაპირებას, როგორც იმედის ტივს, როდესაც მღელვარე წყლებში „ჩაყვინთავთ“ ქრისტეს ეკლესიის საკეთილდღეოდ.


*ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან „ხუცესი საბრძოლო მზადყოფნაში: როგორ გავუმკლავდეთ კონფლიქტს და კრიტიკას?“ და გამოყენებულია Desiring God Ministries-ის ნებართვით.

20 views0 comments

Comments


bottom of page