დაახლოებით, ერთი საუკუნის წინ, იმ დროისათვის ქრისტიანული სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლის წინაშე გამოსვლისას, ჩარლზ სპერჯენმა თქვა:
„მე მწამს, რომ ქრისტიანობის საწინააღმდეგო და არაწმინდაა ნებისმიერი ქრისტიანისათვის ცხოვრება სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით. თქვენ იტყვით: ‘განა არ უნდა ვისწრაფვოდეთ იმისკენ, რომ ვიშოვოთ იმდენი ფული, რამდენიც შეგვიძლია?’ შეგიძლიათ ასეც მოიქცეთ. მე ვერ დავეჭვდები; იქნებ ასე მოქცევით ღვთის საქმეს ემსახურებით. მე იმას ვამბობ, რომ სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით ცხოვრება ქრისტიანობის საწინააღმდეგოა.“ [1]
მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე დიდ ეკლესიათაგან ზოგიერთში ქადაგების უწყება შეიცვალა. მართლაც, ახალი სახარება იქადაგება დღეს ბევრ ეკლესიაში. ამ სახარებას მრავალი სახელი ეწოდა, მაგალითად, „თქვი და მოითხოვე“, „ჯანმრთელობისა და სიმდიდრის“ სახარება, „კეთილდღეობის სახარება“ და „დადებითი აღიარების სახარება“.
მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სახელს გამოვიყენებთ, ამ ახალი სახარების არსი იგივე დარჩება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ეგოცენტრული „კეთილდღეობის სახარება“ გვასწავლის, რომ ღმერთს სურს მორწმუნეები ფიზიკურად ჯანმრთელნი, მატერიალურად მდიდარნი და პიროვნულად ბედნიერნი იყვნენ.
მოუსმინეთ რობერტ ტილტონს, „კეთილდღეობის სახარების“ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მქადაგებელს: „მე მჯერა, ღვთის ნებაა ის, რომ ყველამ კეთილდღეობას მივაღწიოთ, იმიტომ, რომ მე ამას ღვთის სიტყვაში ვხედავ და არა იმიტომ, რომ ამან სხვის ცხოვრებაში ძლიერად იმოქმედა. ჩემს მზერას ადამიანებს კი არა, ღმერთს მივაპყრობ, რომელიც მაძლევს სიმდიდრის მოპოვების ძალას.“ [2]
„კეთილდღეობის სახარების“ მასწავლებლები საკუთარ მიმდევრებს მოუწოდებენ ილოცონ მატერიალური წარმატებისათვის და მეტიც, მოითხოვონ კიდეც ეს ღმერთისგან.
კეთილდღეობის სახარების ხუთი თეოლოგიური პრობლემა
ცოტა ხნის წინ რასელ ვუდბრიჯმა და მე დავწერეთ წიგნი სახელწოდებით „ჯანმრთელობა, სიმდიდრე და ბედნიერება“, რათა შეგვესწავლა „კეთილდღეობის სახარების“ დამცველთა მტკიცებანი. [3] ჩვენი წიგნი მეტისმეტად ვრცელია იმისათვის, რომ აქ შევაჯამოთ და ამიტომაც, წინამდებარე სტატიაში მსურს მიმოვიხილო ჩვენს წიგნში განხილული ხუთი დოქტრინა − დოქტრინები, რომლებთან დაკავშირებითაც „კეთილდღეობის სახარების“ დამცველები ცდებიან.
საკვანძო დოქტრინებთან დაკავშირებულ ამ ცდომილებათა გარჩევის შედეგად, ვიმედოვნებ, რომ წინამდებარე სტატიის მკითხველი მკაფიოდ დაინახავს „კეთილდღეობის სახარების“ საფრთხეებს. დოქტრინები, რომლებსაც მიმოვიხილავ, გახლავთ: აბრაამისათვის მიცემული აღთქმა, გამოსყიდვა, შესაწირავი, რწმენა და ლოცვა.
ცდომილება #1: აბრაამისათვის მიცემული აღთქმა მატერიალურ საკუთრებათა მიღების საშუალებაა
კეთილდღეობის სახარება აბრაამისათვის მიცემულ აღთქმას მატერიალურ საკუთრებათა მიღების საშუალებად მიიჩნევს. ეს არის პირველი ცდომილება, რომელიც უნდა განვიხილოთ.
აბრაამისათვის მიცემული აღთქმა (დაბადების წიგნის 12, 15, 17, 22) კეთილდღეობის სახარების ერთ-ერთი თეოლოგიური საფუძველია. კეთილდღეობის სახარების თეოლოგები აღიარებენ, რომ წმინდა წერილის უდიდესი ნაწილი აბრაამისათვის მიცემული აღთქმის შესრულებას შეეხება. ეს კარგია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ისინი არ ინარჩუნებენ ორთოდოქსულ შეხედულებას ამ აღთქმასთან დაკავშირებით. მათ არასწორი შეხედულება აქვთ ხსენებული აღთქმის საფუძვლის შესახებ; მეტიც, ისინი არასწორად ფიქრობენ ამ აღთქმის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ედვარდ პუასანმა საუკეთესოდ გადმოგვცა კეთილდღეობის სახარების შეხედულება აბრაამის აღთქმის გამოყენებასთან დაკავშირებით, როდესაც დაწერა: „ქრისტიანები არიან აბრაამის სულიერი შვილები და რწმენის კურთხევათა მემკვიდრეები... აბრაამისეული მემკვიდრეობა, უპირველესად, მატერიალურ საკუთრებათა მიღებაში ვლინდება.“ [4]
სხვა სიტყვებით, კეთილდღეობის სახარება გვასწავლის, რომ აბრაამისათვის მიცემული აღთქმის ძირითადი მიზანი იყო ღვთის მიერ აბრაამის მატერიალურად კურთხევა და ვინაიდან მორწმუნეები აბრაამის სულიერი შვილები არიან ახლა, მათ მემკვიდრეობით მიიღეს ეს ფინანსური კურთხევანი.
კეთილდღეობის სახარების მასწავლებელი, კენეთ კოუპლენდი წერდა: „ვინაიდან ღვთის აღთქმა დადებულ იქნა და კეთილდღეობა ამ აღთქმის პირობაა, თქვენ უნდა აცნობიერებდეთ, რომ კეთილდღეობა ახლა თქვენ გეკუთვნით!“ [5]
ამ მტკიცების მხარდასაჭერად კეთილდღეობის სახარების მასწავლებლები მიმართავენ გალატელთა 3:14-ს, სადაც დაწერილია: „...აბრაამის კურთხევა ქრისტეს იესოს მიერ იყოს წარმართებზე...“ თუმცაღა, საინტერესოა, რომ გალატელთა 3:14-ის მოშველიებისას, კეთილდღეობის სახარების მასწავლებლები უგულებელყოფენ ამ მუხლის მეორე ნაწილს, სადაც ვკითხულოთ: „...რომ სულის აღთქმა მივიღოთ რწმენით“.
ამ მუხლში პავლე მკაფიოდ შეახსენებს გალატელებს ხსნის სულიერი კურთხევისა და არა სიმდიდრის მატერიალური კურთხევის შესახებ.
ცდომილება #2: იესოს გამოსყიდვა მატერიალური სიღარიბის „ცოდვაზეც“ ვრცელდება
კეთილდღეობის სახარების მეორე თეოლოგიური ცდომილება არის გამოსყიდვის შესახებ მცდარი შეხედულება.
თეოლოგი კენ სარლსი წერს: „კეთილდღეობის სახარება ამტკიცებს, რომ ფიზიკური განკურნებაც და ფინანსური კეთილდღეობაც მოგვეცა გამოსყიდვასთან ერთად.“ [6]
ეს ზუსტი დაკვირვება გახლავთ კენეთ კოუპლენდის კომენტართან დაკავშირებით, რომელშიც ვკითხულობთ: „ქრისტიანის ცხოვრების ძირითადი პრინციპი იმის ცოდნაა, რომ ღმერთმა ჩვენი ცოდვა, სნეულება, დარდი, მწუხარება და სიღარიბე იესოს დააკისრა გოლგოთის ჯვარზე.“ [7]
გამოსყიდვის მოქმედების არეალის არასწორი გაგება სათავეს იღებს ორი შეცდომიდან, რომელსაც კეთილდღეობის სახარების მომხრენი უშვებენ.
პირველი, კეთილდღეობის სახარების თეოლოგიის მრავალ მომხრეს ძირეულად არასწორი გაგება აქვს ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებით. მაგალითად, მასწავლებელი ჯონ ავანზინი აცხადებდა: „იესოს ჰქონდა კარგი სახლი, დიდი სახლი,“ [8] „იესო დიდ ფულს განკარგავდა“ [9] და მას თურმე „მოდური სამოსიც კი ეცვა“. [10] ადვილია იმის დანახვა, რომ ქრისტეს ცხოვრების შესახებ ესოდენ დამახინჯებულ შეხედულებას შეუძლია ასეთივე დამახინჯებული გაგება ჩამოუყალიბოს ადამიანს ქრისტეს სიკვდილთან დაკავშირებითაც.
მეორე შეცდომა, რომელიც გამოსყიდვის შესახებ არასწორი გაგებისკენ უბიძგებს ადამიანს, გახლავთ მე-2 კორინთელთა 8:9-ის არასწორი განმარტება.
„ვინაიდან იცით თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი; რომ იგი, თუმცა მდიდარი იყო, თქვენ გამო გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.“
ამ მუხლის ზედაპირული წაკითხვის შედეგად ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს, რომ პავლე მატერიალური სიმდიდრის მატების შესახებ ასწავლიდა, თუმცა კონტექსტუალური წაკითხვით ცხადი ხდება, რომ სინამდვილეში პავლე სრულიად საპირისპირო პრინციპის შესახებ წერდა. მართლაც, პავლე კორინთოელებს ასწავლიდა, რომ ვინაიდან ქრისტემ ესოდენ ბევრი რამ აღასრულა მათი გულისათვის გამოსყიდვის მეშვეობით, ისინიც უნდა გაღარიბებულიყვნენ მხსნელის მსახურების გულისათვის. სწორედ ამიტომაც, ხუთი მოკლე მუხლის შემდეგ პავლე შეაგონებს კორინთოელებს, რომ საკუთარი სიმდიდრე გაჭირვებაში მყოფ ძმებს დაურიგონ: „თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულება“ (2 კორინთელთა 8:14).
ცდომილება #3: ქრისტიანები შესაწირავს გასცემენ იმისათვის, რომ მატერიალური ანაზღაურება მიიღონ ღმერთისგან
კეთილდღეობის სახარების მესამე ცდომილება − ქრისტიანები უნდა გასცემდნენ იმისათვის, რომ ღმერთისაგან მატერიალური ანაზღაურება მოიპოვონ. კეთილდღეობის სახარების თეოლოგებს აკვიატებული აქვთ შესაწირავის გაღებასთან დაკავშირებული საკითხი და ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. ეს არის მათი ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მახასიათებელი.
კეთილდღეობის სახარების მოწაფეებს შეაგონებენ იმას, რომ გულუხვად უნდა გაიღონ და ამისათვის ისეთ ღვთისმოსავ განცხადებებს იშველიებენ, როგორებიცაა: „ჭეშმარიტი კეთილდღეობა არის უნარი იმისა, რომ ღმერთის ძალა გამოვიყენოთ კაცობრიობის საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში“ [11] და „ჩვენ მოწოდებულნი ვართ, დავაფინანსოთ სახარება ქვეყნიერებისათვის.“ [12]
მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადებები, ერთი შეხედვით, საქებარია, შესაწირავის გაღებაზე ხაზგასმა ეფუძნება მოტივებს, რომლებსაც ქველმოქმედებასთან საერთო არაფერი აქვს. შესაწირავის გაღების შესახებ ამ სწავლების მამოძრავებელი ძალა ისაა, რასაც კეთილდღეობის სახარების მასწავლებელმა, რობერტ ტილტონმა „ანაზღაურების კანონი“ უწოდა. ამ კანონის მიხედვით, რომელიც, თითქოსდა, მარკოზის 10:30-ს ეფუძნება, [13] ქრისტიანები გულუხვად უნდა გასცემდნენ, რადგან ღმერთი უფრო მეტს დაუბრუნებს უკან. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს კეთილდღეობის მუდმივად ზრდად ციკლს.
როგორც გლორია კოუპლენდმა თქვა: „გაიღე ათი დოლარი და მიიღე ათასი; გაიღე ათასი დოლარი და მიიღე ათი ათასი... მოკლედ რომ ვთქვათ, მარკოზის 10:30 ძალიან კარგი გარიგებაა.“ [14] ცხადია, რომ კეთილდღეობის სახარების დოქტრინა შესაწირავის გაღების შესახებ მცდარ მოტივებზეა დაფუძნებული. მაშინ, როცა იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა: „...სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ“ (ლუკა 6:35), კეთილდღეობის სახარების თეოლოგები თავიანთ მოწაფეებს ასწავლიან იმას, რომ შესაწირავი გაიღონ, რადგან უფრო მეტს მიიღებენ სამაგიეროდ.
ცდომილება #4: რწმენა არის თვითწარმოქმნადი სულიერი ძალა, რომელსაც კეთილდღეობისაკენ მივყავართ
კეთილდღეობის სახარების მეოთხე ცდომილება გახლავთ სწავლება იმის შესახებ, რომ რწმენა არის თვითწარმოქმნადი სულიერი ძალა, რომელსაც კეთილდღეობისკენ მივყავართ. მაშინ, როდესაც ორთოდოქსულ ქრისტიანობაში რწმენა გაიგება, როგორც ნდობა იესო ქრისტეს პიროვნებისადმი, კეთილდღეობის სახარების მასწავლებლები საკმაოდ განსხვავებული დოქტრინის მომხრენი არიან.
თავის წიგნში, „კეთილდღეობის კანონები“, კენეთ კოუპლენდი წერს:
„რწმენა არის სულიერი ძალა, სულიერი ენერგია, სულიერი ძალაუფლება. სწორედ რწმენის ძალაა ის, რაც სულიერი სამყაროს კანონებს ფუნქციონირებას იწვევს... არსებობს გარკვეული კანონები, რომლებიც ღვთის სიტყვაშია გაცხადებული და რომლებიც მართავს კეთილდღეობას. რწმენა იწვევს მათ ფუნქციონირებას.“ [15]
ეს აშკარად მცდარი გაგებაა რწმენისა, შესაძლოა, ერეტიკულიც კი.
კეთილდღეობის სახარების თეოლოგიის მიხედვით რწმენა არ არის ღვთის მიერ მონიჭებული ნების აქტი, რომლის ცენტრშიც დგას ღმერთი, არამედ ეს გახლავთ ადამიანის მიერ წარმოქმნილი სულიერი ძალა, რომელიც ღმერთისკენ არის მიმართული. მართლაც, ნებისმიერი თეოლოგია, რომელიც რწმენას განიხილავს მხოლოდ მატერიალური სარგებლის მოპოვების და არა ღმერთის წინაშე გამართლების საშუალებად, უნდა მცდარად და არაადეკვატურად მივიჩნიოთ.
ცდომილება #5: ლოცვა იარაღია იმისათვის, რომ ღმერთი ვაიძულოთ მოგვცეს კეთილდღეობა
და ბოლოს, კეთილდღეობის სახარება ლოცვას უყურებს, როგორც იარაღს, რომელიც აიძულებს ღმერთს მოგვცეს კეთილდღეობა. კეთილდღეობის სახარების მქადაგებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ „არ გვაქვს, რადგან არ ვითხოვთ“ (იაკობი 4:2).
კეთილდღეობის სახარების დამცველები მორწმუნეებს მოუწოდებენ ილოცონ ცხოვრების ყველა სფეროში პირადი წარმატების მიღწევისათვის. კრეფლო დოლარი წერს: „როდესაც ვლოცულობთ იმ რწმენით, რომ უკვე მივიღეთ ის, რის გამოც ვლოცულობთ, ღმერთს სხვა არჩევანი არ აქვს გარდა იმისა, რომ ჩვენი ლოცვები შეასრულოს... ეს არის გასაღები იმისა, რომ ჩვენ, ქრისტიანებმა, მივიღოთ შედეგები.“ [16]
რასაკვირველია, ლოცვები პირადი კურთხევისათვის არსებითად მცდარი როდია, მაგრამ კეთილდღეობის სახარების მიერ ადამიანისათვის მეტისმეტად დიდი მნიშვნელობის მინიჭება ლოცვას აქცევს იარაღად, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ მორწმუნეებს, რათა ღმერთს თავიანთი სურვილების შესრულება აიძულონ. კეთილდღეობის სახარებაში ადამიანი (და არა ღმერთი) ხდება ლოცვის მთავარი ფოკუსი.
საინტერესოა, რომ კეთილდღეობის სახარების მქადაგებლები ხშირად არად აგდებენ ლოცვის შესახებ იაკობის სწავლების მეორე ნაწილს, სადაც ვკითხულობთ: „ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტს ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმანი დაიკმაყოფილოთ“ (იაკობი 4:3). ღმერთი არ პასუხობს ეგოისტურ თხოვნებს, რომლებიც მის სახელს პატივს არ მიაგებს.
რასაკვირველია, ყველა ჩვენი სათხოვარი უნდა მივიტანოთ ღმერთის წინაშე (შდრ. ფილიპელთა 4:6), მაგრამ კეთილდღეობის სახარება იმდენად დიდ ყურადღებას ამახვილებს ადამიანის სურვილებზე, რომ შესაძლოა, ამან ადამიანებს უბიძგოს ეგოისტური, ზედაპირული ლოცვებისკენ, რომლებიც ღმერთს არ განადიდებს. უფრო მეტიც, ამ სწავლებამ, რწმენის შესახებ, კეთილდღეობის სახარების დოქტრინასთან ერთად, ადამიანებს შეიძლება უბიძგოს იქითკენ, რომ ისინი ღმერთით მანიპულირებას შეეცადონ, რათა მიიღონ სასურველი. ეს კი ფუჭი მცდელობაა. ეს ძალიან შორსაა იმ ლოცვისგან, რომელიც მიმართულია ღვთის ნების აღსრულებისკენ.
ცრუ სახარება
წმინდა წერილის შუქზე კეთილდღეობის სახარება ძირეულად მცდარია. კეთილდღეობის სახარება საფუძველშივე ცრუა ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობის არასწორი გაგების გამო. მარტივად რომ ითქვას, კეთილდღეობის სახარება რომ ჭეშმარიტება იყოს, მაშინ მადლი უსარგებლოდ იქცეოდა, ღმერთისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა და ადამიანი გახდებოდა ყოველივეს საზომი. მნიშვნელობა არ აქვს, რის შესახებ საუბრობენ კეთილდღეობის სახარების მასწავლებლები: აბრაამის აღთქმის, გამოსყიდვის, შესაწირავის, რწმენისა თუ ლოცვის შესახებ, ისინი ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობას quid pro quo („სამსახური სამსახურის სანაცლოდ“) გარიგებად აქცევენ.
როგორც ჯეიმს რ. გოფი შენიშნავდა, ღმერთი დაიყვანება იმ დონემდე, თითქოს ის „კოსმოსური მსახური ბიჭი იყოს, რომელიც თავისი ქმნილების საჭიროებებისა და სურვილების შესრულებით არის დაკავებული.“ [17]
ეს სრულიად არაადეკვატური და არაბიბლიური თვალსაზრისია ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით.
*ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან „კეთილდღეობის სახარების ხუთი ცდომილება“ და გამოყენებულია 9Marks Ministries-ის ნებართვით.
[1] Tom Carter, ed., 2,200 Quotations from the Writings of Charles H. Spurgeon (Grand Rapids: Baker Book House, 1988), 216.
[2] Robert Tilton, God’s Word about Prosperity (Dallas, TX: Word of Faith Publications, 1983), 6.
[3] David W. Jones and Russell S. Woodbridge, Health, Wealth, and Happiness: Has the Prosperity Gospel Overshadowed the Gospel of Christ? (Grand Rapids: Kregel, 2010).
[4] Edward Pousson, Spreading the Flame (Grand Rapids: Zondervan, 1992), 158.
[5] Kenneth Copeland, The Laws of Prosperity (Fort Worth, TX: Kenneth Copeland Publications, 1974), 51.
[6] Ken L. Sarles, “A Theological Evaluation of the Prosperity Gospel,” Bibliotheca Sacra 143 (Oct.-Dec. 1986): 339.
[7] Kenneth Copeland, The Troublemaker (Fort Worth, TX: Kenneth Copeland Publications, 1996), 6.
[8] John Avanzini, “Believer’s Voice of Victory,” program on TBN, 20 January 1991. Quoted in Hank Hanegraaff, Christianity in Crisis (Eugene, OR: Harvest House, 1993), 381.
[9] Idem, “Praise the Lord,” program on TBN, 15 September 1988. Quoted in Hanegraaff, 381.
[10] Avanzini, “Believer’s Voice of Victory.”
[11] Kenneth Copeland, The Laws of Prosperity, 26.
[12] Gloria Copeland, God’s Will is Prosperity (Fort Worth, TX: Kenneth Copeland Publications, 1973), 45.
[13] Other verses that the “Law of Compensation” is based upon include Eccl. 11:1, 2 Cor. 9:6, and Gal. 6:7.
[14] Gloria Copeland, God’s Will, 54.
[15] Kenneth Copeland, The Laws of Prosperity, 19.
[16] Creflo Dollar, “Prayer: Your Path to Success,” March 2, 2009, http://www.creflodollarministries.org/BibleStudy/Articles.aspx?id=329 (accessed on October 30, 2013).
[17] James R. Goff, Jr., “The Faith That Claims,” Christianity Today, vol. 34, February 1990, 21.
Comments