ჩემს 5 წლის ბავშვს ნებას თუ მივცემ, რომ ძილის წინ ქილა კოლა დალიოს, M&M's (კანფეტი) და ნახევარი ორეო (ორცხობილა) შეჭამოს, მაშინ არ უნდა გამიკვირდეს, თუ იგი არ მომისმენს, როცა ვეტყვი, რომ ძილის დროა. დიახ, ჩემი შვილი კვლავ პასუხისმგებელია განზრახ დაუმორჩილებლობაზე, მაგრამ ამის ნიადაგი მე მოვუმზადე. ძილის წინ ნება დავრთე, რომ შაქრიანი უსარგებლო საკვები მიეღო, რის გამოც ხელი შევუწყვე დაუმორჩილებლობაში. ჩემმა ხელმძღვანელობამ და ზედამხედველობამ შეიძლება ჩემი შვილები წარმატებისკენ ან წარუმატებლობისკენ მიმართოს. მაგალითები, დისციპლინა და ჩვევები, რომლებსაც დედა და მამა ოჯახში ადგენენ – მათი შვილების ქცევას განსაზღვრავს.
იგივეა მსახურებაშიც. განვიხილოთ ებრაელთა 13:17: „მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის.“
ამ მუხლის მთავარი აზრი ისაა, რომ მორწმუნეებს მართებთ – დაემორჩილონ და დაექვემდებარონ თავიანთ წინამძღოლებს, ანუ ადგილობრივი ეკლესიის მწყემსებსა და უხუცესებს, რომლებსაც თავიანთი სამწყსოს სულებზე ზრუნვა ევალებათ.
მორწმუნეებისთვის უპირატესია, რომ ეს სიხარულით აღსავსე ქმედებად აქციონ, რადგან ამით ისინი ხუცესების მოწონებას დაიმსახურებენ. უგუნურება იქნება, რამდენიმე წუთით ადრე დაუპირისპირდეთ ქირურგს, რომელიც თქვენი გულის არტერიების ოპერაციას აპირებს! ეკლესიის მზადყოფნა – დაემორჩილოს და დაექვემდებაროს, გავლენას ახდენს სიხარულსა და ზრუნვაზე, რომელსაც ისინი თავიანთი ლიდერებისგან იღებენ.
ამავდროულად, იგივე პრინციპი მოქმედებს მეორე მხრივაც. წინამძღოლები შეიძლება ხელმძღვანელობდნენ ისე, რომ მორჩილება და დაქვემდებარება იყოს ადვილი და სასიხარულო ან რთული და გამაღიზიანებელი. მწყემსები აყალიბებენ ცხვრის ჩვევებს. ლიდერობის მაგალითები გავლენას ახდენს მეორე მხარეს მდგომ ადამიანებზე, რომლებიც ამ მაგალითს კარგისთვის ან ცუდისთვის იღებენ.
გულმოდგინე და სიხარულით აღსავსე ხუცესები ძნელად საპოვნელნი არიან
ლიდერებისთვის ფუნდამენტური ტექსტია მე-2 კორინთელთა 1:24: „არა იმიტომ, რომ ვიბატონოთ თქვენს რწმენაზე, არამედ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, ვინაიდან რწმენაში მტკიცენი ხართ.“ ქრისტიანულ წინამძღოლობას მართებს, რომ არ ჰგავდეს ჩაგვრას ან დიქტატორის მმართველობას. პირიქით, ხუცესებმა უნდა იშრომონ იმ ადამიანების სიხარულისთვის, რომელთაც ემსახურებიან. მოციქული პეტრე წერს, რომ მწყემსობისა და ზედამხედველობის ამოცანა ნებით, გულმოდგინებით და სხვებისთვის მაგალითის მიცემით უნდა შესრულდეს (1-ლი პეტრე 5:1-4). უხალისო მწყემსობა არ ემსახურება არც მწყემსს და არც ცხვარს. მაგრამ სიხარულით სავსე და გულმოდგინე მწყემსობა ვლინდება იმ ადამიანების სიხარულში, რომლებიც ასეთ ზრუნვას იღებენ.
იესო თავისი ცხვრის სიხარულით სავსე მწყემსია. იგი იოანეს 15:11-ში ამბობს: „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს.“ სიხარულით სავსე იესოს საკუთარი ხალხის სიყვარული ახარებს და სურს, რომ მისმა სიხარულმა აავსოს თავისი ხალხი. მსგავსად ამისა, იესო ამბობს: „ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.“ იოანე 16:24.
ებრაელთა 12:1-2 მუხლები კიდევ სხვა მხრიდან გვიჩვენებს იესოს სიხარულს: „ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.“ იესო სიხარულს ეძებდა ჯვრის სირცხვილშიც კი, რადგან იცოდა, რომ მისი სიკვდილი ცოდვილებს გადაარჩენდა, მოიტანდა პატიებას და დააცხრობდა ღვთის რისხვას. იესო სიხარულით სავსე მწყემსია და მისი ქვეშევრდომი მწყემსები მას უნდა დაემსგავსონ.
მაშ, როგორ აირეკლავს ხუცესი იესოს სიხარულით აღსავსე გულს? ნება მომეცით, ებრაელთა 13:17-დან გაგიზიაროთ სამი მოსაზრება ხუცესის შესახებ.
1. უწინამძღვრეთ ბრძნულად, რათა სრულქმნილი იყოს სიხარული.
კარგი წინამძღოლები მათ მიყოლას აადვილებენ, ხოლო ცუდი წინამძღოლები მათ მიყოლას სამგლოვიაროს ხდიან. გონიერი და ღვთისმოსავი წინამძღოლობა ღვთისმოსავი და თავმდაბალი ხალხისთვის ახარებს ყველას. კარგი ლიდერები აღვივებენ და სრულქმნიან სიხარულს სხვა ადამიანებში. და როცა შენი მრევლი ბედნიერია, შენი შრომა კვნესა-კვნესით კი არ წარიმართება, არამედ სავსეა სიხარულით.
ბრძენი და ღვთისმოსავი წინამძღოლობა ნდობას აღძრავს, და ერთ-ერთი საუკეთესო გზა ნდობის გასაჩენად არის თანმიმდევრული ხელმძღვანელობა. თუ დედა და მამა თვითნებურად იქცევიან თავიანთ წესებში, ყოველთვის ცვლიან მიზანს და არასოდეს მიჰყვებიან საკუთარ სტანდარტებს, ბავშვები ვერ შეძლებენ მათ მორჩილებას. ამის მსგავსად, ეკლესიებშიც დაუმორჩილებლობა ხშირად არათანმიმდევრული ხელმძღვანელობით არის გამოწვეული.
ამგვარად, თქვენი ‘დიახ’ იყოს ‘დიახ’ და თქვენი ‘არა’ იყოს ‘არა’ (იაკობი 5:12). ნუ დააშოშმინებ ადამიანებს სიცრუით ან ნახევრად სიმართლით. უარი თქვით ქვეყნიერების ყველა სამარცხვინო და დამამცირებელ გზაზე (მე-2 კორინთელთა 4:2). მტკიცედ იდექით თქვენი სიტყვის ერთგულებაში. იყავით გულწრფელი და მშვიდი, შემაგონებელი და გამამხნევებელი. არასოდეს გაამართლოთ არასათანადო საქციელი საკუთარ თავში ან სხვებში.
ღვთისმოსავი წინამძღოლობა დიდ გავლენას ახდენს მრევლზე: „მართალი კაცი იხელმწიფებს ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს. და იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, ნათება ნაწვიმარზე, მიწიდან ამოხასხასებული ბალახი.“ (მე-2 მეფ. 23:3-4). ბრძნული ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ზრდის ღვთის ხალხის და მწყემსის სიხარულს.
2. ემსახურეთ თვინიერად, რათა გამრავლდეს სიხარული.
მაშინ, როდესაც მოციქულმა პავლემ ფილიპელებს მისწერა: „თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც“ (ფილიპელთა 2:4), იგი წერდა, როგორც ადამიანი, რომელმაც უანგარობა და თავგანწირვა გამოიმუშავა და ფილიპელთა ინტერესები საკუთარზე მაღლა დააყენა (ფილიპელთა 1:24-26). პავლე ფილიპელებს შეაგონებს კიდეც, რომ მიჰბაძონ მისი თავმდაბლობისა და ერთგულების მაგალითს (ფილიპელთა 3:17).
ოჯახში მამა, რომელიც შვილებს უყვირის, რომ დედას სამზარეულოში დაეხმარონ, როცა თავად ფეხბურთის თამაშს მისჩერებია, რაღაცას გვასწავლის. იგი შემდეგი ნიმუშით ხელმძღვანელობს: „გააკეთე, როგორც მე ვამბობ და არა, როგორც მე ვიქცევი.“ ასეთი მამა ძირს უთხრის შვილებისა და ცოლის ნდობას. იგი საკუთარი ცუდი მოქმედებით ცუდ მაგალითს აძლევს შვილებს.
შეადარეთ ეს თავმდაბალ მსახურებას, რომელიც სიხარულს ამრავლებს ადამიანებში. შებას დედოფალი სოლომონის სამეფოში მოდის და აღტაცებას გამოხატავს:
„მართალი ყოფილა, რაც ჩემს ქვეყანაში მქონდა გაგონილი შენზე და შენს სიბრძნეზე. სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე. აჰა, თურმე ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის. უფრო მეტი სიბრძნე და დოვლათი გქონია, ვიდრე გამეგონა. ბედნიერია შენი ხალხი. ბედნიერები არიან ეს შენი მსახურნი, მუდამ შენ წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს.“ (მე-3 მეფეთა 10:6-8).
მეფობის დასაწყისში სოლომონმა თავისი მმართველობით სიხარული გაამრავლა თავისი მსახურებისა და სამეფოს ცხოვრებაში. ეს ღვთისმოსავი წინამძღოლობა განადიდებს ღმერთს. სიხარული კარგი და თავმდაბალი ხელმძღვანელობით მრავლდება.
შეიძლება ვინმემ თქვას: „მე არ ვარ ისეთი ბრძენი, როგორიც იყო მეფე სოლომონი!“ მართალია. მაგრამ სოლომონმა ღვთის წინაშე დაიმდაბლა თავი, რათა დახმარება ეთხოვა მისთვის (მე-3 მეფეთა 3:7-9). იგი ამბობს, რომ პატარა ბავშვს ჰგავს, რომელიც ღვთის დიდებული ხალხის დამწყემსვას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ სოლომონივით ბრძენნი არ ვართ, შეგვიძლია დავიმდაბლოთ თავი, რათა დახმარება ვთხოვოთ ღმერთს, რადგან ვიცით, რომ ღმერთი „უხვად და დაუყვედრებლად იძლევა სიბრძნეს ყველასთვის“ (იაკობი 1:5).
3. მწყემსეთ ერთგულად მტკიცე სიხარულისთვის.
და ბოლოს, ებრაელთა 13:17 შეგვახსენებს, რომ მწყემსები „ანგარიშს ჩააბარებენ“ ღმერთს იმის გამო, თუ როგორ წინამძღოლობდნენ თავიანთ ხალხს. ეს იქნება საქმის შესრულების ყველაზე ამაღელვებელი მიმოხილვა. ჩვენ განვისჯებით ჩვენი სწავლებისთვის (საქმეების 20:27; 1-ლი ტიმოთეს 2:15; იაკობის 3:1), ჩვენი მაგალითისთვის (1-ლი ტიმოთეს 4:12), ჩვენი უწყვეტი წინსვლისა და ზრდისთვის (1-ლი ტიმოთეს 4:15) და სულიწმიდით მოტანილი ნაყოფისთვის (1-ლი ტიმოთეს 6:11).
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ სრულყოფილი მწყემსები, შეგვიძლია, ღვთის მადლით ერთგული მწყემსები ვიყოთ. მწყემსებმა სირცხვილის გარეშე უნდა შეასრულონ ღვთის ხალხის მწყემსობის მაღალი და წმინდა მოწოდება. ასე რომ, მოძღვრეთ, მწყემსეთ გულმოდგინებით, მონდომებითა და პატიოსნებით. უკან ნუ დაიხევთ. ნუ დაივიწყებთ სიმშვიდით გაკიცხვას, შეგონებას და გამოსწორებას. ნუ დაფარავთ ღვთის სიტყვის რომელიმე ნაწილს. ნუ გამოგრჩებათ აღშენება, აღჭურვა და წახალისება.
ერთგული მწყემსობა მწყემსისთვისაც და ცხვრისთვისაც გრძელვადიან სიხარულს გამოიწვევს. ისინი, ვინც სულ უფრო მეტად ემორჩილებიან ქრისტეს ხატებას, მუდმივად გაიზრდებიან სიხარულში. და მწყემსები, რომლებიც სხვისი სიხარულისთვის შრომობენ, გაიზიარებენ ამ გამრავლებულ სიხარულს. იმის ცოდნა, რომ მწყემსებს ღმერთის წინაშე ანგარიშის ჩაბარება მოუწევთ, მათ ადამიანის შიშისგან ათავისუფლებს. სიხარული არ გადაიკვეთება ქებასთან, მას არ აფერხებს კრიტიკა და არ არის განპირობებული ფიზიკური გარემოებებით. პირიქით, პავლეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვიხაროთ მანამ, სანამ ხდება ადამიანთა ხსნა და ეკლესიის მსგავსება იესოს ხატებასთან.
ამგვარად, პავლე კვლავ შეგვახსენებს მე-2 კორინთელთა 1:24-ში, რომ მის მსგავსად, მათი სიხარულისთვის ჩვენ ვიღვწით და ვშრომობთ სხვებთან ერთად. და რაც უფრო იზრდება მათი სიხარული, იზრდება ჩვენიც. და როდესაც ჩვენი სიხარული იზრდება, ჩვენ უფლის სიხარულით ვმწყემსავთ. ვალდებულებით, სისასტიკით და უგულოდ მწყემსობა არავის აკმაყოფილებს – არც ცხვარს და არც მწყემსს. ამიტომ შეეცადეთ, იყოთ ღვთის ხალხის სიხარულით სავსე მწყემსი და გაამრავლოთ ადამიანთა სიხარული იესოში.
*ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან „კარგი წინამძღოლების მიყოლა ადვილია: როგორ აყალიბებენ მწყემსები ცხვარს?“ და გამოყენებულია Desiring God Ministries-ის ნებართვით.
Comments