top of page

ვიდრე ცოლს მიატოვებთ: ხუთი ჭეშმარიტება ბრძოლაში მყოფი კაცებისთვის


ყოველთვის მიკვირდა, რატომ სრულდებოდა ამდენი ქორწინება განქორწინებით... საშუალო სკოლაში, დამამთავრებელ კლასებში, უნივერსიტეტში რატომ იყო უამრავი ჩემი მეგობარი განქორწინებული მშობლების შვილი? და მერე, უნივერსიტეტის შემდგომ წლებში, ბევრი ჩემი თანატოლი უკვე განქორწინებული რატომ იყო?


შემდეგ თავად დავქორწინდი და ყველა სხვა დაქორწინებული ადამიანის მსგავსად, უეცრად ვიგრძენი, რამდენად მტკივნეული და რთული შეიძლება იყოს ქალსა და კაცს შორის კომუნიკაცია. ვიტანჯებოდი იმის გამო, თუ რამდენად მძიმე იყო ხშირად გადაწყვეტილების მიღება. დავინახე, რომ ქორწინებამ ჩემში უფრო მეტი ცოდვა გამოავლინა, ვიდრე სხვა რომელიმე ურთიერთობამ, რომელიც აქამდე მქონია. ცხადად დავინახე, რამდენად ამაყი, თავდაცვითი პოზიციის მქონე და მგრძნობიარე ვარ, როცა ჩემ წინააღმდეგ სცოდავენ. ქორწინების ყველა ტიპურ (და ფეთქებად) ნაღმს დავადგი ფეხი — ბიუჯეტი, განრიგი, სისუფთავე, კონფლიქტი, ცოლის ნათესავები. აღმოვაჩინე, რამდენად დიდ გავლენას ახდენს (და ხშირ შემთხვევაში დაძაბულობას იწვევს) ჩვენი ოჯახების წარსული ჩვენს ახლად შექმნილ ოჯახზე.


პაემნებმა სასიამოვნოდ გაამახვილა ყურადღება ჩვენს მსგავსებებზე, ქორწინებამ კი ჩვენს განსხვავებებს გაუსვა ხაზი. ის, რაც ქორწინების დღეს ასე შესაფერისად, ასე უსაფრთხოდ, ასე ადვილად ჩანდა, ახლა მოულოდნელად, ზოგჯერ კი შეუძლებლადაც მეჩვენებოდა. სხვა სიტყვებით, აღმოვაჩინეთ, რატომ ხდება ამდენი განქორწინება.


იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში, სულ მცირე, ამერიკაში, განქორწინებების რიცხვი გაიზარდა, საქორწინო ფიცზე უარის თქმისა და ოჯახის მიტოვების ცდუნება თითქმის იმდენივე წლისაა, რამდენისაც თვითონ ქორწინება. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც პირველმა ცოლ-ქმარმა ცოდვის საშინელი ნაყოფი იგემა, სატანამ ეს აზრი ჩაგვინერგა, რომ თითქოს განქორწინება ქორწინებაზე უკეთესი შეიძლება იყოს; რომ მიუხედავად იმისა, რა თქვა ღმერთმა ქორწინების შესახებ, ის ნამდვილად გაიგებს, ჩვენი შემთხვევა რატომ არის განსხვავებული.


ღმერთი მალაქია წინასწარმეტყველის მეშვეობით პირდაპირ ეწინააღმდეგება განქორწინების ცდუნებას მტკიცე და, ამავდროულად, იმედით სავსე სიტყვით. როგორც წესი, საოჯახო კონსულტაციის დროს ეს მონაკვეთი არ გვახსენდება, როცა რჩევა გვჭირდება. მე არ ვგულისხმობ ქმრებს, რომლებსაც უღალატეს და მიატოვეს. კაცები მალაქიას დროს და ის კაცები, რომლებიც მხედველობაში მყავს, იყვნენ ქმრები, რომელთა სიყვარულიც განელდა. მათ მიატოვეს ოჯახი, რადგან ფიქრობდნენ, რომ სხვა ქალმა, სხვა ქორწინებამ, სხვა ცხოვრებამ, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს დააკმაყოფილოს ისინი.


ᲮᲣᲗᲘ ᲒᲐᲛᲝᲛᲐᲤᲮᲘᲖᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲝᲬᲝᲓᲔᲑᲐ ᲦᲛᲔᲠᲗᲘᲡᲒᲐᲜ


მცირე წინასწარმეტყველი მალაქია საოცრად მკაფიო და სიღრმისეულ (და ხშირად უგულებელყოფილ) წარმოდგენას გვიქმნის ქორწინებაზე.


„ᲪᲝᲓᲕᲐ ᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐᲨᲘ ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲦᲛᲔᲠᲗᲗᲐᲜ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐᲨᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚᲘ ᲪᲝᲓᲕᲘᲗ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ.“

მალაქიას დროს, ისრაელში ქმრები ეყრებოდნენ ცოლებს იმის გამო, რომ მათ მიმართ გული გაუცივდათ (მალაქია 2:16), და ბევრს უცხოტომელი ქალის შერთვა სურდა (მალაქია 2:11). რატომ უცხოტომელი ქალი?


„ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, იუდეა სპარსეთის იმპერიის პატარა, ღარიბი რეგიონი იყო, რომელსაც გაცილებით ძლიერი მეზობელი ქვეყნები ჰყავდა. ასეთ სიტუაციაში, საქორწინო კავშირი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მოპოვების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა“ (სოფონია, ანგია, მალაქია, 133).


ბევრი კაცი უკეთესი ცხოვრების ძიებაში ტოვებდა თავის ცოლს. ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას, თავად უზრუნველეყოთ ეს საჭიროებანი მაშინაც კი, თუ ეს საკუთარი ცოლ-შვილის მიტოვებას გულისხმობდა.


ტყვეობიდან დაბრუნების პერიოდი სისასტიკით იყო გამორჩეული, როგორც წერილი იწყება: „მე შეგიყვარეთ თქვენ, – გეუბნებათ უფალი, – თქვენ კი ამბობთ – როგორ შეგვიყვარეო?“ (მალაქია 1:2). ხალხი ფიქრობდა, რომ ღმერთმა მიატოვა. ტანჯვამ ისინი სასოწარკვეთილებაში ჩაყარა – ეს სასოწარკვეთილება იმდენად დიდი იყო, რომ მზად იყვნენ, აღთქმა დაერღვიათ და საკუთარი ოჯახი მიეტოვებინათ. ცოლქმრული ღალატის მიღმა გაცილებით დიდი შიში და ჭიდილი იმალებოდა — არა მეუღლესთან, არამედ ღმერთთან. ცოდვა ქორწინებაში იწყება ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაში არსებული ცოდვით.


ამრიგად, ამ კაცების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი საშინელი რეაქცია მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთი მონანიებისკენ და ქორწინებაში ერთგულებისკენ მოუწოდებს მათ. ღმერთი კიცხავს და შეახსენებს, რა არის ქორწინება და რატომ უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ ის მთელი ძალისხმევით. ამიტომ ის ხუთ დიდ ჭეშმარიტებას წარუდგენს ქრისტიან ქმრებს, რომლებიც ოჯახის მიტოვების ცდუნების წინაშე იმყოფებიან.


1. ᲗᲥᲕᲔᲜ ᲓᲐᲓᲔᲗ ᲞᲘᲠᲝᲑᲐ


„...მოწამე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი ცოლი იყო აღთქმით“ (მალაქია 2:14).


როდესაც ღმერთი უპირისპირდება კაცებს, რომლებიც სხვა უფრო სასურველი ქალისკენ მიილტვიან, უპირველესად, რას შეახსენებს ის მათ? თქვენ დადეთ პირობა. დასაბამიდან ღმერთმა თქვა: „მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკვრება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცი გახდნენ“ (დაბადება 2:24). სიტყვა მიეკვრება არ ნიშნავს თბილ, მოსიყვარულე ჩახუტებას, არამედ ექსკლუზიურ და მტკიცე მიძღვნას — აღთქმას (მეორე რჯული 10:20; იგავები 2:16-17).


როდესაც თქვენი ცოლის წინაშე ფიცი დადეთ ღმერთის და მოწმეების თანდასწრებით:„ამიერიდან ცოლად გირთავ და ვიქნები შენთან ჭირსა და ლხინში, სიმდიდრესა და სიღარიბეში, ავადმყოფობასა და ჯანმრთელობაში, მეყვარები და ვიზრუნებ შენზე, ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს“, რას გულისხმობდით? თქვენი ფიცი მხოლოდ თქვენი ფიქრი და ვარაუდი იყო? — „ჩვენ ხომ ვცადეთ...“ — თუ დაპირება?


ქორწინება არის დღესასწაული არა ნაპოვნი სიყვარულისა, არამედ გაცხადებული, აღთქმული სიყვარულის. ჩვენ ამ პირობას ვდებთ, რადგანაც 1) მიუხედავად იმისა, რომ თეთრ კაბასა და სმოკინგში გამოწყობილებს მიძღვნილების გრძნობა გვეუფლება, ერთ დღესაც შეიძლება გვსურდეს, შევწყვიტოთ ქორწინება, და რადგან 2) ოჯახური ცხოვრება ნამდვილად რთულია. თუ ჩვენს დაპირებას დავივიწყებთ მაშინ, როცა სარგებელს ვეღარ ვპოულობთ, ამით ვამტკიცებთ, რომ ჩვენი ფიცი სინამდვილეში ფიცი კი არ იყო, არამედ მხოლოდ ფორმალური გზა იმისთვის, რომ მიგვეღო ის, რაც გვსურდა.


2. ᲒᲐᲜᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐ ᲐᲜᲒᲠᲔᲕᲡ ᲘᲛᲐᲡ, ᲠᲐᲪ ᲦᲛᲔᲠᲗᲛᲐ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ


მან ხომ ერთ მთლიანობად აქცია ისინი, მათ ერთობაში ხომ მისი სულის ნატამალია? (მალაქია 2:15)


იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კაცი განქორწინებაზე ფიქრობს, უნდა ახსოვდეს, რომ ქორწინება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ „ორი ადამიანის, როგორც პარტნიორების, პირადი ურთიერთობის კანონიერად ან ფორმალურად აღიარებული ერთობა“. ქორწინება არის ღმერთის მიერ კაცის და ქალის შეერთება. და არა მხოლოდ ღმერთის მიერ. ცოლ-ქმრის ერთობაში არის მისი (ღმერთის) ნაწილიც — „სულის ნატამალი “ (მალაქია 2:15).


ქორწინება არ არის მხოლოდ სოციალური ან ფიზიკური ერთობა, არამედ სულიერი კავშირი. და როგორც ჯვრისწერის ცერემონიალის დროს ბევრი სასულიერო პირი აღნიშნავს: სამმაგი ბაწარი დიდხანს ძლებს“ (ეკლესიასტე 4:12) — ქმარი, ცოლი და უფალი.


ᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲐᲠᲐ ᲜᲐᲞᲝᲕᲜᲘ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘᲡᲐ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘᲡᲐ, ᲐᲦᲗᲥᲛᲣᲚᲘ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘᲡᲐ.


წინასწარმეტყველის მიერ წარმოდგენილი სურათი ჰგავს თავად იესოს მიერ მოყვანილ მაგალითს (მათე 19:4-6 – ეს არის ციტატა დაბადების 2:24-დან): „არ წაგიკითხავთ, ... ‘ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთხორცად.’ ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი, ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს.“ განქორწინება ანადგურებს ღმერთის შედევრს. მიუხედავად იმისა, როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ ხვდებოდით ერთმანეთს და როგორ გადაწყვიტეთ დაქორწინება, თქვენ ღმერთმა დაგაქორწინათ და ერთ მთლიანობად გაქციათ. ნუთუ გსურთ – დაანგრიოთ ის, რაც ღმერთმა შექმნა?


3. ᲒᲐᲜᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐ ᲨᲕᲘᲚᲔᲑᲡ ᲢᲧᲣᲘᲚᲡ ᲔᲣᲑᲜᲔᲑᲐ ᲦᲛᲔᲠᲗᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

რა მიზანი აქვს ღმერთს? ღვთისმოსავი შთამომავლობა. (მალაქია 2:15)


ღმერთმა შექმნა ქორწინება, როგორც უხვი, მზარდი, ნაყოფიერი აღთქმა. „და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისინი. და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ‘მოშენდით და იმრავლეთ, და აავსეთ მიწა.’“ (დაბადების 1:27-28). როდესაც ღმერთმა ცოლ-ქმარი შექმნა, მისი განზრახვა შთამომავლობის ხილვა იყო და არა უბრალოდ შთამომავლობა, არამედ ისეთი შთამომავლობა, რომელსაც ეყვარება, პატივს მიაგებს და დაემორჩილება მას: „და წინადაცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით, რათა იცოცხლო.“ (მე-2 რჯული 30:6). ჩვენი ქორწინებიდან ღმერთს ღვთისმოსავი შთამომავლობის ხილვა სურს.


ეს შთამომავლობა ყოველთვის არ არის ბიოლოგიური: „არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“ (მე-3 იოანე 1:4). ამიტომ აუცილებელი არ არის ძეების და ასულების ყოლა იმისთვის, რომ ღმერთის ბრძანება – „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ“ – შევასრულოთ. სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი განზომილება სულიერია (დამოწაფება) და არა ბიოლოგიური (შვილების ყოლა).


ამიტომ, რა სულიერი გავლენა შეიძლება მოახდინოს განქორწინებამ თქვენს შვილებზე? ათწლეულების შემდეგ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მათ? თუ ერთგული ქორწინება სახარების ისტორიას განასახიერებს (ეფესელთა 5:25), და ჩვენს შვილებს ქრისტეში ენით გამოუთქმელ სიყვარულს წარუდგენს ღმერთისას, მაშინ განქორწინება რაზე მეტყველებს? წარმოიდგინეთ ბარიერები, რომლებსაც განქორწინება მათსა და ღმერთს შორის აღმართავს. წარმოიდგინეთ, ტკივილისა და ღალატის გამო რამდენად შეიძლება დაეჭვდნენ ღმერთის სიყვარულსა და ერთგულებაში. წარმოიდგინეთ, რამდენად შეიძლება დააბნიოთ ისინი თქვენი განქორწინების გამო და რამდენად შეარყიოთ მათი რწმენა (და სხვა ახალგაზრდების რწმენა, რომლებსაც მაგალითს აძლევთ).


4. ᲒᲐᲜᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐ ᲡᲣᲚᲡ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲘᲗ ᲐᲕᲡᲔᲑᲡ

„კაცი, რომელსაც თავისი ცოლი არ უყვარს, არამედ გაეყრება მას“, – ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, – „მსგავსად საკუთარი კალთის ვინმეზე ძალადობით გადამფარველისა“, – ამბობს ცაბაოთ უფალი. (მალაქია 2:16).


ყველაზე ძლიერი სიტყვა ამ ქმრების მიმართ ბოლოშია მოცემული: თუ კაცი უსიყვარულობის გამო გაეყრება თავის ცოლს, ის საკუთარ სამოსს ძალადობით ფარავს. ეს საკმაოდ საშინლად ჟღერს თანამედროვე მსმენელისთვისაც კი, მაგრამ რას ნიშნავს ეს?


წმინდა წერილში სამოსელი (აქ: „კალთა“) არის ზოგადი მეტაფორა, რომელიც პიროვნების ხასიათის თვისებებს განასახიერებს. მეფსალმუნე ბოროტი ადამიანების შესახებ ამბობს: „ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობით, როგორც სამოსლით, არიან მოსილნი.“ (ფსალმუნი 72:6). მსგავსად, ახალ აღთქმაში იესო შვიდი ეკლესიიდან ერთ-ერთს მიმართავს:„თუმცა გყავს ცოტანი სარდეში, რომელთაც არ წაუბილწავთ თავიანთი სამოსელი და ჩემთან ერთად ივლიან სპეტაკი სამოსით, რადგან ღირსნი არიან“ (გამოცხადება 3:4). ის გულისხმობს, რომ მათი სული მოუნანიებელი ცოდვის ლაქებით არ არის წაბილწული.


სიტყვა ძალადობა არა მხოლოდ განქორწინების სისასტიკეს გამოხატავს, თვით განქორწინებაარის ძალადობრივი ქმედება, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ქალი ბევრად უფრო იყო დამოკიდებული თავის ქმარზე უზრუნველყოფისა და დაცვის თვალსაზრისით. დღესაც კი, ცოლის მიტოვება არის მის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება (მიუხედავად იმისა, რამდენად ცივილიზებული იყო სასამართლო პროცესი). კაცი, რომელიც ცოლს გაეყრება, ზიანს აყენებს იმას, ვისი დაცვაც ღმერთმა დაავალა.


ამასთანავე, ძალადობა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ურთიერთობასთან დაკავშირებული სისასტიკე – კაცს, რომელიც ცოლს გაეყრება ძალადობით, ძალადობა სამოსად აცვია. ძალადობა არ არის მხოლოდ ის, რასაც აკეთებს (მისი მოქმედება), არამედ ის, თუ ვინ არის ის (მისი ვინაობა). მან არა მხოლოდ ძალადობით დაასრულა თავისი ქორწინება, არამედ ძალადობით მთლიანად გაჟღინთა თავისი სული. მსგავსი გახრწნილება დაინახა ღმერთმა, როდესაც დაცემულ მსოფლიოს შეხედა:„მაგრამ წაირყვნა მიწა ღვთის წინაშე და აღივსო იგი უსამართლობით“ (დაბადება 6:11). როგორი იყო ღმერთის რეაქცია? სამართლიანი და გამანადგურებელი სამსჯავრო მათ წინააღმდეგ (დაბადება 6:13).


ეს ძალადობა, ეს სულის შემძვრელი ცოდვილობა, არა მხოლოდ ცოლის წინააღმდეგ მიმართული ძალადობაა, არამედ ღმერთის წინააღმდეგ ძალადობაც — მისი ნებისა და ბრძანებების დაუმორჩილებლობა. ძალადობა არა მხოლოდ ქორწინებაში გამოვლენილი უხეშობაა, არამედ ღმერთის წინააღმდეგ მიმართული აგრესია. ასეთმა დაუმორჩილებლობამ მსოფლიო წარღვნა გამოიწვია.


5. ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲣᲡᲛᲔᲜᲡ ᲙᲐᲪᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐᲨᲘ ᲠᲩᲔᲑᲘᲐᲜ

ის, თუ როგორ ვუმკლავდებით ქორწინებაში არსებულ პრობლემებს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ საქორწინო ერთგულება ღმერთმა დაუკავშირა იმგამოცდილებას, რომელიც ღმერთთან გვაქვს. ვერც ერთი კაცი ვერ შეძლებს ცოლის მიტოვებას და ამავდროულად სულიერი კეთილდღეობის შენარჩუნებას. „ქმრებო, ასევე გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც შედარებით უძლურ ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ“ (1-ლი პეტრე 3:7). იმ შემთხვევაშიც კი, თუ კაცს ჰგონია, რომ სულიერად გაიხარებს, მიუხედავად იმისა, რომ უგულებელყოფს ან ტოვებს თავის ცოლს (ან თუ ცდილობს, გარშემო მყოფები დაარწმუნოს ამაში), ეს მხოლოდ მირაჟია, რომელიც განადგურებით დასრულდება. და ეს განადგურება არა მხოლოდ მისთვის იქნება საზიანო.


მალაქია მსგავს გაფრთხილებას აძლევს კაცებს: „ცრემლით ფარავთ უფლის სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, რადგან აღარ მოხედა თქვენს ძღვენს და კეთილგანწყობით აღარ იღებს თქვენი ხელიდან.“ — სხვა სიტყვებით, თქვენ ტირით იმის გამო, რომ ლოცვები ბრკოლდება. მაგრამ ამბობთ: ‘რისთვის?’ იმისთვის, რომ მოწამე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე“ (მალაქია 2:13-14). ღმერთმა არ მიიღო მათი მსხვერპლი და არ უპასუხა მათ ლოცვებს, რადგან მათ საკუთარი ცოლები არ უყვარდათ.


„ᲙᲐᲪᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲔᲧᲠᲔᲑᲐ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲪᲝᲚᲡ, ᲐᲖᲘᲐᲜᲔᲑᲡ ᲛᲐᲡ, ᲕᲘᲡᲘ ᲓᲐᲪᲕᲐᲪ ᲦᲛᲔᲠᲗᲛᲐ ᲓᲐᲐᲕᲐᲚᲐ.“


როგორ ეპყრობით საკუთარ ცოლს, გავლენას ახდენს იმაზე, როგორ გეპყრობათ ღმერთი. არა იმიტომ, რომ ქმრები საქმეებით იმსახურებენ ღმერთის სიყვარულს, არამედ იმიტომ, რომ საქმეები მათ რწმენაზე მეტყველებს. თუ ქორწინებაში მხოლოდ მაშინ ვართ ერთგულნი, როცა ეს სასიამოვნო ან ხელსაყრელია, თავს ვიტყუებთ, როდესაც ღმერთის მცნებები უმნიშვნელოდ გვეჩვენება. ამით ვლინდება, ჭეშმარიტად რწმენის კაცები ვართ თუ ურწმუნოები. ურწმუნო კაცები კი არ უსმენენ უფლის ხმას.


დაიცავით თავი სულში

ღმერთი უპირისპირდება ამ კაცებს და საკუთარი ცოლების ერთგულებისკენ მოუწოდებს. ის არაერთხელ შეაგონებს მათ: „გაუფრთხილდით თქვენს სულს“ (მალაქია 2:15-16) – თქვენს სულს. რას ნიშნავს ეს იმ ქრისტიანი კაცებისთვის, რომლებიც რთულ ქორწინებაში იმყოფებიან?


ყველაფერზე მეტად ეს ნიშნავს ჩვენი სულის ერთგულ სიძესთან ღრმა, გააზრებულ და რეგულარულ თანამოზიარეობას. სიძე, რომელმაც თავი გაწირა ბინძური და მოღალატე სასძლოსთვის, ეკლესიისთვის, რათა წმინდაეყო და განეწმინდა იგი (ეფესელთა 5:25-26). ქმარი, რომელიც მიუხედავად იმისა, რამდენად შორს წავიდა მისი ცოლი, რამდენი საყვარელი ჰყავდა მას, რამდენჯერ მოატყუა და მიატოვა, მაინც ეუბნება მას და ჩვენც:

„იმ დღეს იქნება – ამბობს უფალი – რომ დამიძახებ: ‘ჩემო ქმაროო’... და საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით. დაგწინდავ რწმენით და შეიცნობ უფალს“ (ოსია 2:16, 19-20).

კაცებმა, რომლებიც ოჯახის მიტოვებაზე ფიქრობენ, უმჯობესია, მეტი დრო დაუთმონ იმაზე ფიქრს, თავად ღმერთმა ჯერ კიდევ რატომ არ მიატოვა ისინი. მათ მეტი დრო უნდა გაატარონ ქრისტეს ჯვართან, რომელმაც მათ პატიება და სიცოცხლე მიანიჭა. უფრო მეტად იფიქრონ მომავალი ქორწილის დღეზე, როცა ერთად ვიგალობებთ:

„გავიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, რადგან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ გაიმზადა თავი. და მიეცა მას, რომ შეიმოსოს ნათელი და წმინდა ბისონი, რადგან წმინდა ბისონი წმინდების სიმართლეა“ (გამოცხადება 19:7-8).

თუ არ გვყოფნის ძალა, მოთმინება და რესურსი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქორწინება და სიყვარული, ეს ხდება არა იმიტომ, რომ ღმერთმა ეს ყოველივე არ უზრუნველყო ჩვენთვის, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სიყრმის ცოლი არ გვიყვარს ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის დახმარებით.


*ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან „ვიდრე ცოლს მიატოვებთ: ხუთი ჭეშმარიტება ბრძოლაში მყოფი კაცებისთვის“ და გამოყენებულია ნებართვით.




33 views0 comments

Comments


bottom of page