top of page

ახალგაზრდული მსახურების მთავარი მიზნები


როგორც წესი, რა მოლოდინი გვაქვს ახალგაზრდული მსახურებისგან?

მოლოდინი #1: ახალგაზრდული კულტურა, რომელიც იზიდავს ახალგაზრდებს

აქტუალური კითხვა: როგორ შეგვიძლია მოვაწყოთ ახალგაზრდული ჯგუფი ისე, რომ გავზარდოთ ახლად მოსული ახალგაზრდების რაოდენობა?

მოდით, გასართობი თამაშები შევთავაზოთ. ამას დავამატოთ არაჯანსაღი საკვები, რომელიც მშიერ სტუდენტებს მოიზიდავსპიცა, მაფინები, გაზიანი სასმელები, ნაყინი. რა თქმა უნდა, ბიბლიური გაკვეთილიც იქნება, თუმცა ეს გაკვეთილები, როგორც წესი, მარტივია. ცინიკოსები გვეუბნებიან: „ჩვენ ვერ ვბედავთ, გამოწვევების წინაშე დავაყენოთ მოზარდები და ღრმა შინაარსის მქონე, საფუძვლიანი, თეოლოგიური მოძღვრება მივაწოდოთ მათ. ეს ნამეტანი იქნება“.

ზოგი ეკლესია აწყობს ღამის თევას, ბანაკებს და გასვლით ახალგაზრდულ შეხვედრებს. ამყველაფრის მიზანია მოზარდების გამოყვანა მათი ყოველდღიური ცხოვრების კონტექსტიდან და ხელშეწყობა იმისა, რომ ახალი ურთიერთობები განავითარონ, მეტად გაერთონ და მეტი ისწავლონ (როგორც წესი, შედარებით მარტივი თემები).

მოლოდინი #2: ახალგაზრდული კულტურა, რომელიც არის ეკლესიის განცალკევებულისუბკულტურა

ზოგიერთი ეკლესია ხელს უწყობს, აფინანსებს და აყალიბებს განცალკევებულ ახალგაზრდულ კულტურას, რომელიც ეკლესიის დანარჩენი მრევლისგან დამოუკიდებელია. ეს ეკლესიები ატარებენ ახალგაზრდულ მსახურებას იმავე დროს, როცა ძირითადი მსახურება მიმდინარეობს. ასევე სთავაზობენ ვარიანტებს, მაგალითად: თეატრი, კინოფილმები. მშობლები ძირითად მსახურებას ესწრებიან, ხოლო მოზარდები – ახალგაზრდულ მსახურებას, უმცროსი ასაკის ბავშვები კი – საკვირაო სკოლას. ყველას მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, ამიტომ ყველა ბედნიერია.

სხვა ეკლესიებში ასე არ ხდება. ისინი არ ყოფენ მრევლს და არ ახდენენ პროგრამების ადაპტირებას თითოეული ასაკობრივი კატეგორიის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ყველა ერთად ესწრება მსახურებას, ახალგაზრდები მაინც პოულობენ საშუალებას, გამოეყონ დანარჩენ ეკლესიას. მახსოვს, რომ წინამორბედ ეკლესიაში მოზარდები აივანზე ერთად ისხდნენ განცალკევებით. ისინი ყოველთვის ერთად ისხდნენ. ეს იყო „პატარა ეკლესია“ დიდი ეკლესიის შიგნით. განცალკევებით მჯდომი ახალგაზრდების ჯგუფი გამოირჩეოდა. იმ დროს ეს არ მაწუხებდა, დღეს კი მაწუხებს.

ჩვენი ახალგაზრდული ჯგუფის ტრანსფორმაცია

2007 წელს ვაშინგტონში როდესაც ჩამოვედი, ახალგაზრდული ჯგუფი პატარა იყო – სულ 3-8 ბავშვი. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერების რაოდენობა არასაკმარისი იყო და სტუდენტებიც ცოტანი იყვნენ, ძალისხმევა არ დაგვიშურებია მათს დასახმარებლად, ვინც მოდიოდა. 2014 წელს ჩარლზი ჩამოვიდა. მას ახალგაზრდებთან მსახურების დიდი გამოცდილება ჰქონდა. ამიტომ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ის ურთიერთობდა მოზარდებთან, მათს მშობლებთან და აყალიბებდა მათთან ურთიერთობებს. ამ წლების განმავლობაში ჩემ თვალწინ ყველაფერი შეიცვალა. 2019 წლისთვის სხვადასხვა ეკლესიიდან ჩვენ უკვე 50-60 მოზარდი გვყავდა, რომლებიც კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ ეკლესიაში, ასევე ჰქონდათ თამაშები და ბიბლიას შეისწავლიდნენ.

დიახ, 50-60 მოზარდი – ეს რაოდენობა სხვა ეკლესიების ახალგაზრდულ ჯგუფებთან შედარებით მცირეა, თუმცა ქალაქის ეკლესიისთვის საკმაოდ დიდი რიცხვია. როგორც წესი, უფროსკლასელების ოჯახები ქალაქში არ რჩებოდნენ, ისინი ქალაქგარეთ მიემგზავრებოდნენ უკეთესი განათლების შესაძლებლობის ძიებაში.

სკოტი იყო ერთ-ერთი მოზარდის მამა. უმეტესი მშობლებისგან განსხვავებით, რომლებსაც უბრალოდ მოჰყავდათ საკუთარი შვილები, ის ახალგაზრდულ მსახურებას დაესწრო. იქამდე, ვიდრე შვილებს ჩვენს ახალგაზრდულ მსახურებას ანდობდა, მას ჩვენი შემოწმება სურდა.

მისი მოსაზრება გამამხნევებელი აღმოჩნდა, რაც ახალგაზრდულ მსახურებაში ჩვენი უმთავრესი მიზნის ილუსტრაცია იყო – პროგრამის შექმნა მტკიცე ბიბლიური მოძღვრების საფუძველზე.

სკოტი გახლდათ სამხედრო საჰაერო ძალების გენერალი. წლების განმავლობაში მას არაერთი ახალგაზრდული ჯგუფი უნახავს. მათს უმრავლესობას ჰქონდა გასართობი თამაშები, მაგრამ სწავლება სუსტი იყო. ამიტომ მისთვის სასიხარულო აღმოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩარლზის სწავლება ახალგაზრდებისთვის – ეს გახლდათ ჯანსაღი, თეოლოგიური და ბიბლიურ ტექსტზე დაფუძნებული სწავლება. ის ნამდვილად გამოირჩეოდა.

ჩვენ გვქონდა ახალგაზრდული გასვლითი შეხვედრები, კარგი გასართობი ღონისძიებები და საჭმელი (სხვა ახალგაზრდული ჯგუფების მსგავსად). მაგრამ ჩვენი ახალგაზრდული მსახურების მთავარი ნაწილი იყო ჯანსაღი ექსპოზიციური (განმარტებითი) სწავლება.

ეკლესიის ხუცესთა დირექტივა: მოზარდების დამოწაფების კულტურის დანერგვა

ჩარლზის წინამძღოლობით ახალგაზრდული ჯგუფი სწრაფად გაიზარდა. ამიტომ ჩვენი ეკლესიის (Capitol Hill Baptist Church-ის) ხუცესებს ვთხოვე გარკვეული მიმართულების მითითება. მე არ მსურდა მათი წინამძღოლობისთვის გვერდის ავლა. ბოლოს და ბოლოს, მეც და ჩარლზიც მათს ავტორიტეტს ვექვემდებარებოდით.

ეკლესიის ხელმძღვანელებთან შეხვედრების დროს ახალგაზრდული მსახურების რამდენიმე მიზანი განვიხილეთ, ასევე განვიხილეთ ქვეკომიტეტების იდეები და ვილოცეთ მიმართულებისთვის. გამოიკვეთა ერთი მთავარი პრიორიტეტი: დამოწაფების კულტურის დანერგვა მოზარდებში. მათი სურვილი იყო – ხიდი აგვეშენებინა დანარჩენ ეკლესიასა და მოზარდებს შორის.

საეკლესიო სუბკულტურების უმრავლესობა არსებობს, როგორც იზოლირებული კუნძულები – დაქორწინებული წყვილები, მარტოხელები, მოზარდები ცალ-ცალკე იკრიბებიან და ეს ჯგუფები ერთმანეთთან თითქმის არ ურთიერთობენ. ოჯახები მარტოხელებს ბავშვების მიხედვაში სთხოვენ დახმარებას, მაგრამ იშვიათად ეპატიჟებიან, რომ მათს საოჯახო დასვენებას შეუერთდნენ. მარტოხელები ცალკე იკრიბებიან გართობისა და ურთიერთობისთვის, მაგრამ თითქმის არასდროს არ ეპატიჟებიან დაქორწინებულებს. რამდენიმე დაქორწინებული და მარტოხელა მოხალისე შეუერთდა ახალგაზრდულ ჯგუფს, თუმცა დანარჩენი ეკლესია იშვიათად ურთიერთობდა ამ მოზარდებთან ახალგაზრდული მსახურების ფარგლებს მიღმა. ტიპურ ეკლესიაში ამ სოციალურ ჯგუფებს შორის კედლებია აღმართული. მცირე ძალისხმევაა მიმართული იმისკენ, რომ ეს ბარიერი დაძლეულ იქნეს, თუ არ ჩავთვლით კვირას შემთხვევით საუბრებს მსახურების შემდეგ.

დროთა განმავლობაში ჩვენი ეკლესიის ხუცესებმა შეძლეს დამოწაფების კულტურის დანერგვა და ამ სოციალური ბარიერების დაძლევა. დღეს, ღმერთის წყალობით, დაქორწინებულები და დასაოჯახებლები ერთმანეთს დროს უთმობენ. ეს არის ერთობლივი ცხოვრების ჩვეულებრივი მაგალითი ჩვენს ეკლესიაში. ჩვენი მომდევნო ნაბიჯი იყო ისეთი კულტურის შექმნა, რომელიც ეკლესიას მოზარდების დამოძღვრას (დამოწაფებას) ასწავლიდა. მარტოხელა მოხალისეების გარდა, რომლებიც ხანდახან მონაწილეობდნენ ახალგაზრდულ მსახურებაში და იმ დაქორწინებული წყვილების, რომლებიც ზოგჯერ მათი ბავშვების მოვლას სთხოვდნენ მოზარდებს, ეკლესიასა და მოზარდებს შორის თითქმის არავითარი ურთიერთობა არ არსებობდა.

მაშინ, როდესაც ვიყენებ ფრაზას „დამოწაფების კულტურა“, ვგულისხმობ: ეკლესიის იდენტობა ის გახლავთ, რომ შეაგონოს, დაიმოწაფოს, სახარება უქადაგოს და დამწყემსოს მოზარდები. დაფიქრდით ამაზე:

  • „დამოწაფების კულტურა“ არ არის ფორმალური პროგრამა, როგორც მაგალითად ახალგაზრდული მსახურება, არამედ ეკლესიის წევრების მიდრეკილება – მიზანმიმართულად დაუთმონ დრო ეკლესიის მოზარდებს.

  • ეკლესიის წევრებს არ სჭირდებათ არაფრის ხელმოწერა ან ნებართვის მიღება იმისთვის, რომ სიყვარული გამოავლინონ მოზარდების მიმართ.

  • ნორმალურია, როცა ეკლესიის წევრები იჩენენ ინიციატივას, უყვართ მოზარდები და სიკეთეს ავლენენ მათ მიმართ.

ეკლესიის ხუცესებმა სწორედ ასეთი კულტურის დანერგვაში გვთხოვეს დახმარება მე და ჩარლზს. თუ ჯანსაღი ახალგაზრდული მსახურების პირველი ასპექტი არის საფუძვლიანი სწავლება,მეორე ასპექტს დამოწაფების კულტურა წარმოადგენს.

რით დავიწყოთ? – ეკლესიის ერთობლივი ლოცვა

ჩვენ ვიმყოფებით მოზარდების დამოწაფების კულტურის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე. ეს ჰგავს სიტუაციას, როცა ფრენის დროს ცდილობთ თვითმფრინავის აწყობას. ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, არის ლოცვა.

კვირა საღამოს ეკლესია კონცენტრირებულია ერთობლივ ლოცვაზე. ხუცესი მარკი ხშირად მოგვმართავს ხოლმე შემდეგი ლოცვითი თხოვნით: „მოდით, ვილოცოთ იმისთვის, რომ გავიზარდოთ და გავხდეთ ისეთი ეკლესია, რომელიც ცდილობს – მოზარდები დაიმოწაფოს.“

კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობა დავინახე მაშინ, როდესაც ლოცვას დავუთმეთ დრო: მარკი, ჩვენი ეკლესიის მთავარი მქადაგებელი, აყალიბებს ამ კულტურას ჩვენს ეკლესიაში. როდესაც ის ლოცვით სათხოვარს გვიზიარებს (რაც არ უნდა იყოს იგი), ეს არ არის მხოლოდ ლოცვითი თხოვნა, არამედ ამ დროს გარკვეულ მოლოდინს ქმნის.

კვირა საღამოს ლოცვით შეხვედრაზე მარკი გვიზიარებს ლოცვით თხოვნებს, რომლებიც დამოწაფებას უკავშირდება: „მოდით, ვილოცოთ იმაზე, რომ ვიყოთ ისეთი ეკლესია, რომელიც რთულ კითხვებს სვამს, რომლის წევრებიც დროს უთმობენ ერთმანეთს, რომელი ეკლესიაც ერთად შეისწავლის ბიბლიას და ასევე მოზარდებს ასწავლის“.

როდესაც ამაზე საუბრობს, ის მოგვიწოდებს – ღმერთს ვთხოვოთ დახმარება. ასევე ამბობს: „აი, ასე უნდა ვიცხოვროთ ქრისტიანებმა. ჩვენი ეკლესია ამისკენ უნდა ისწრაფოდეს“.

ჩვენი პრიორიტეტები: სწავლება და დამოწაფება

პირადად მე მინახავს ახალგაზრდული მსახურების სარგებლობა საკუთარი შვილების ცხოვრებაში. როგორც ხუცესი და მშობელი, მადლიერი ვარ ამ სწავლებისთვის და ეკლესიის წევრებისთვის, რომლებიც აქტიურად იმოწაფებენ ჩემს შვილებს.

იმედი მაქვს, რომ უახლოეს წლებში მტკიცედ ვიქადაგებთ ჭეშმარიტებას; დავამსხვრევთ სოციალურ ბარიერებს; დავინახავთ, როგორ უერთდებიან ეკლესიის წევრები ჩვენს მოზარდებს. გთხოვთ, ჩვენთან ერთად ილოცეთ, რომ უფალმა საჭიროდ მიიჩნიოს და მოგვანიჭოს ეს ყოველივე.


*ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან „ახალგაზრდული მსახურების მთავარი მიზნები“ და გამოყენებულია 9Mark Ministries-ის ნებართვით.



12 views0 comments

Comments


bottom of page