top of page

არ არის გამოყენება? მაშინ არ გიქადაგიათ!



ოდესმე თუ მჯდარხართ საკლასო ოთახში და გიფიქრიათ რა იყო ამ გაკვეთილის აზრი? მე ნამდვილად მახსოვს ეს გრძნობა იმ დროიდან, როცა კოლეჯში გამოთვლით მათემატიკას ვერ ვითვისებდი. კურსი ისწავლებოდა ისე, თითქოს მისი პრინციპების გამოყენება თავისთავად ცხადი იყო. ალბათ კლასში მათემატიკით გატაცებული სტუდენტებისთვის ასეც იყო. მაგრამ ინგლისური ლიტერატურის სპეციალისტისთვის ეს იყო სუფთა აბსტრაქტული მსჯელობის მუდმივი და მტანჯველი პროცესი. არ მესმოდა რა გამოყენება აქვს ამ ყველაფერს რეალურ ცხოვრებაში და მიჭირდა გაცნობიერება იმისა, რატომ უნდა მცოდნოდა რაღაცა რიცხვის მნიშვნელობა, რომელიც მიახლოებული იყო თუმცა მაინც ვერ აღწევდა უსასრულობას.


თუ მათემატიკაში გენიოსი იყავით, გაიხსენეთ, რა გრძნობა გეუფლებოდათ, როცა შექსპირის სონეტების განხილვაგევალებოდათ.


განმარტება გამოყენება


ჩემი მიზანი არ არის უსიამოვნო მოგონებების აღძვრა, მაგრამ, ზოგჯერ ჩვენ, მქადაგებლები ეკლესიის წევრებსყოველ კვირას ამგვარადვე (ოღონდ სულიერი გაგებით) ხომ არ ვაყენებთ მათემატიკის ან ლიტერატურის სპეციალობის პირველკურსელის მდგომარეობაში? სხვადასხვა საგნის მრავალი მასწავლებლის მსგავსად, ჩვენი საგანი ძალიან გვიყვარს და ზედმიწევნით კარგადვართ მომზადებულნი. შეგვიძლია ვუპასუხოთ კითხვებს ბერძნული და ებრაული ზმნების დროსთან და ძველიახლო აღმოსავლეთის ისტორიულ-კულტურულ წარსულთან დაკავშირებით. შეგვიძლია მივუთითოთ ქიაზმაზემაშინ როცა ეკლესიის წევრებს ამ სიტყვის წარმოთქმაც კი უჭირთ. მზად ვართ განვმარტოთ რა შეცდომა დაუშვეს განსწავლულმა თარჯიმნებმა, ამიტომაც ჩვენმა მსმენელებმა ჩვენს ვერსიას უნდა მოუსმინონ.


და ხშირად, ამ მდიდარი ცოდნისა და აზროვნების მიუხედავად, ჩვენი კრებულისთვის გულმოდგინე დადიდ მნიშვნელოვანი ქადაგება თითქმის გაუგებარი რჩება და მორწმუნეები ვერ ხვდებიან როგორ გამოიყენონ მიღებული ცოდნა.

მათ იციან რომ ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ღმერთის სიტყვაა. უფრო მეტიც, იციან, რომ ეს არის ღმერთის სიტყვა მათთვის. განმარტებისას არსებითად ვეუბნებით: „ახლა თქვენი ჯერია, ბურთი თქვენს მოედანზეა. თქვენ თავად უნდა გაარკვიოთ მისი მნიშვნელობა.“ რაც კიდევ უფრო უარესია, ადამიანები ოდნავ უხერხულად დანაკლებად სულიერად გრძნობენ თავს, რადგან არ იციან როგორ გამოიყენონ ბიბლიური ტექსტი, მაშინ როცა ჩვენთვის ის ცხადი და გასაგებია.


ამიტომაც, ჩვენი მხრიდან საკრებულოსთვის ტექსტის განმარტება საკმარისი არ არის. თუ გვსურს კარგი მწყემსები ვიყოთ, ჩვენმა მსმენელმა უნდა ისწავლოს ბიბლიური ტექსტის გამოყენება თავის ცხოვრებაში.


მაშინ რატომ არ ხდება ეს? რამდენიმე მიზეზს დავასახელებ.

პირველი, გამოყენება შრომატევადია.ადამიანის გულის მდგომარეობის კომპლექსურობასთან შედარებით, გრამატიკული სტრუქტურისა და კონტექსტის გაანალიზება საბავშვო თამაშია. მეორე, გამოყენება სუბიექტურია. ვიცი როდის ვთქვი წინადადება სწორად და როდის გამოვიყენე ზმნის შესაბამისი ფორმა. მაგრამ საიდან ვიცი რომ სწორ გამოყენებას მივაგენი? მესამე, გამოყენება რთულია. ტექსტს ერთი მთავარი აზრი აქვს. მაგრამ, ერთსა და იმავე ტექსტს შეიძლება უამრავი გამოყენება ჰქონდეს, ალბათ იმდენი რამდენი მსმენელიც გყავთ. მრავალრიცხოვანი ვარიანტების გადარჩევა რთულია და სიფრთხილეს საჭიროებს. მეოთხე, გამოყენება პერსონალურია. როგორც კი ვიწყებ ფიქრს იმაზე, როგორ ეხება, როგორ არის დაკავშირებული ტექსტი ჩემს საკრებულოსთან, უმწეობის განცდა მიპყრობს და მაშინვე მიჩნდება კითხვა, თავადმე როგორ მეხება ტექსტი. ხანდახან, ვამჯობინებ უბრალოდ განვმარტო ჭეშმარიტება, ვიდრე საკუთარ ცხოვრებაში გამოვიყენო ის.

ყველა ეს მიზეზი უკავშირდება ჩვენს ხორცს და ჩვენს სურვილს 1) თავიდან ავიცილოთ რთული საქმე რომელიცარც ისე კარგად გამოგვდის ან 2) გავექცეთ პერსონალურ მხილებას. ამ მიზეზთა გამო ჩვენი რეაგირება უნდა იყოს მონანიება.

გამოყენება მხილება


თუმცა არსებობს მეხუთე, უფრო თეოლოგიური მიზეზი, რომლის გამოც ქადაგებაში ზოგი ჩვენგანი უგულებელყოფს გამოყენებას. დარწმუნებულნი ვართ, რომ გამოყენება სხვისი საქმეა და საბოლოო ჯამში ჩვენი მოვალეობა, ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის.


საბოლოო ჯამში, ადამიანის გულში ტექსტის გამოყენება ხომ სულიწმინდის საქმეა? თუ მე ვიყენებ ჭეშმარიტებას და ის ადამიანთა ცხოვრებას არ უკავშირდება, გამოდის რომ მე ადამიანებს უსიამოვნებებისაგან თავის დაძვრენის შესაძლებლობას ვუტოვებ, ხომ ასეა?! (ანუ ვაძლევ ადამიანებს დაუმორჩილებლობის საბაბს). მაგრამ თუ ვლაპარაკობ ჭეშმარიტებას და შემდეგ გზიდან გადავდივარ, მაშინ სულიწმინდას სამოქმედოდ, თავისი საქმის გასაკეთებლად, მოსუფთავებული ველი რჩება. ის ნებისმიერ შემთხვევაში ჩემზე გაცილებით უკეთ გააკეთებს საქმეს.


ეს აზრი ხშირად მსმენია დიდად პატივცემული თანამედროვე მქადაგებლებისგან. მაგრამ მათ მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ რომ ეს პოზიცია არაბიბლიური და თეოლოგიურად დამაბნეველია. მხილებისა და გამოყენების ერთმანეთში არევა არასწორია. ცოდვაში მხილება, სიმართლე და განსასჯელი – სულიწმინდის საქმეა (იოანე16:8). სულიწმინდის გარდა ჭეშმარიტი მხილება არავის შეუძლია და როცა მისი ფუნქციის შესრულებას ვცდილობთ, ლეგალიზმი გარდაუვალია. რატომ? იმიტომ რომ მხილება გულს ეხება, ამ დროს ადამიანი დარწმუნებულია არა მხოლოდ იმაში, რომ რაღაც სიმართლეა, არამედ იმაშიც, რომ ამ სიმართლისთვის ისინი ანგარიშვალდებულნი არიან ღმერთთან და უნდა იმოქმედონ შესაბამისად.


გამოყენება განსხვავდება მხილებისგან. მიუხედავად იმისა, რომ გულს უმიზნებს, ასევე გონებაზეც არის მიმართული. თუ ეგზეგეტიკა მოითხოვს გავიგოთ ტექსტის თავდაპირველი კონტექსტის მნიშვნელობა, გამოყენება ეხება თანამედროვე კონტექსტის კვლევას, როდესაც ამ ტექსტს ისმენენ. ეს გულისხმობს ცხოვრების, ეთიკისა და გაგების კატეგორიების იდენტიფიცირებას, რომელშიც ქრისტეს ეს კონკრეტული სიტყვა უნდა დამკვიდრდეს (კოლ. 3:16). ჩვენ მიდრეკილები ვართ საკუთარ ფილტრში გავატაროთ და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე აღვიქვათ მოსმენილი. ამიტომ, როდესაც ხუცესი ღმერთის სიტყვის გამოყენებაზე შრომობს, ჩნდება შესაძლებლობა ამ ტექსტის მნიშვნელობა იმგვარად გავიაზროთ, როგორც, არც მანამდე და არც ბუნებრივად გაგვიაზრებია და არც დავფიქრებულვართ.


მაგალითად, ყოველთვის როცა იოანეს 3:16 ვისმენ, მაშინვე ევანგელიზაციისაკენ მოწოდება მახსენდება. ეს არის ამ მუხლის, ჩემი ბუნებრივი, თითქმის რეფლექსური პირადი გამოყენება. მაგრამ საფუძვლიანი ჰომილეტიკურ/პრაქტიკული გამოყენება მიბიძგებს უფრო ღრმად დავფიქრდე ჩემდამი ღმერთის სიყვარულის ბუნებაზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს ის, რომ ქრისტეში მე საუკუნო სიცოცხლე მაქვს. ჩემს მიერ ამ ერთი მუხლის შესაძლო გამოყენებისგააზრების განვრცობის შედეგად, იოანეს 3:16 გაცილებით უხვად მკვიდრდება ჩემს ცხოვრებაში. ცხადია, ჩვენ არ უგულებელვყოფთ სულიწმიდის მოქმედებას, თუმცა, კარგი გამოყენება ზრდის მხილებისა დადარწმუნების შესაძლებლობებს.


არგამოყენება არაბიბლიურია


გამოყენების თავიდან აცილება არაბიბლიურია. გამოყენება ზუსტად ის არის, რასაც ღმერთის სიტყვის მქადაგებლები და მასწავლებლები აკეთებდნენ წერილში. მაგალითები: მეორე რჯულის 6:7, სადაც მშობლებისმიმართ არის ნათქვამი „ასწავლონ [ეს მცნებები] შვილებს.“ ნეემია 8:8 — სადაც ეზრა და ლევიანები არა მხოლოდ კითხულობენ რჯულის წიგნს ხალხის წინაშე, არამედ შრომობენ და განმარტავენ კიდეც: „დაკითხულობდნენ ისინი წიგნიდან, ღვთის რჯულიდან, გარკვევით, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდაწაკითხულს.“ ძველი აღთქმა ზრუნავდა იმაზე, რომ ღმერთის ხალხს არა მხოლოდ სცოდნოდა ღმერთის სიტყვა, არამედ გააზრებული ჰქონოდა მისი მნიშვნელობა თავისი ცხოვრებისათვის.


ეს ზრუნვა გაგრძელდა იესოს და მოციქულების მოძღვრებაშიც. ლუკას 8:21-ში, იესო ადასტურებს თავის ერთობას მათთან ვინც „ისმენს ღმერთის სიტყვას და ასრულებს მას.“ მისი მოძღვრება სავსეა ღმერთის სიტყვის პრაქტიკული გამოყენების მაგალითებით, მთაზე ქადაგებით დაწყებული. მოციქულების წერილები ასევე სავსეა პრაქტიკული გამოყენების მაგალითებით და მათ ეს საზრუნავი უხუცესებს გადასცეს, რომლებსაც პრაქტიკული ღვთისმოსაობა უნდა ესწავლებინათ (1ტიმოთე 4) და იგივე მოძღვრება გადაეცათ „სარწმუნო [ადამიანებისთვის], რომელთაც სხვების სწავლების უნარი [ექნებოდათ].“ (2 ტიმოთე 2:2).


ყველაზე მკაფიოდ ეს ჩანს ეფესელთა 4:12-13-ში. ეკლესიისთვის ხუცესებისა და მასწავლებლების სახით ქრისტეს საჩუქრის მიზანი არის „ღმერთის ხალხის მომზადება მსახურებისთვის, ქრისტეს მთლიანი სხეულის აღსაშენებლად.“ როგორ შეგვიძლია ეკლესიის წევრების მომზადება სხვადასხვა მსახურებისთვის, როგორც ეკლესიაში, ასევე მის გარეთ, თუ ამ თემაზე კონკრეტულად და პრაქტიკულად არასდროს ვსაუბრობთ? პავლე პრაქტიკულ გამოყენებას არასდროს არიდებდა თავს და ჩვენი მუდმივი მიზანიც სწორედ ეს უნდა იყოს.


რამდენიმე მაგალითი

როგორი შეიძლება იყოს ამის პრაქტიკული მაგალითი? ორ მაგალითს მოვიყვან. პირველი, დაფიქრდით 2 მეფეთა 11-ზე. ეს არის დავითის და ბათშებაყის მრუშობის ისტორია, რის შემდეგაც დავითმა ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება და თავის ცოდვის დაფარვის მიზნით მკვლელობა ჩაიდინა. ცხადია, გამოყენება რომელიც ეხება სექსუალურ სიწმინდეს და მკვლელობის ცოდვას, ნათლად ჩანს ტექსტის ზედაპირზე. მაგრამ რას ეტყვით თქვენი ეკლესიის წევრებს, ვისთვისაც მრუშობა და მკვლელობა ცდუნებას არ წარმოადგენს? თუმცა დარწმუნებული ვარ, იქნებიან ასეთებიც. ნუთუ მათთვის არაფერი გაქვთ სათქმელი? რა თქმა უნდა გაქვთ.


დავითის კონკრეტულ ცოდვაზე დაკვირვებით, თქვენ შესძლებთ დაეხმაროთ მათ დაინახონ ცოდვის პრინციპი ზოგადად, მისი მაცდუნებელი, ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენებაზე დამოკიდებული და მზარდი ბუნება. შემდეგ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ იფიქრონ ამგვარ „ხელსაყრელი შემთხვევებიდან“ გამომდინარე ცოდვებზე, რომლებსაც შეიძლება შეხვდნენ, არა როგორც ისრაელის მეფენი, არამედ როგორც დედები და ბებიები, კოლეჯის სტუდენტები და ოფისის თანამშრომლები, მენეჯერები და პენსიონერები. აუცილებელი არ არის თქვენი გამოყენება ამომწურავი იყოს. თქვენი მიზანია მსმენელებს მიაწოდოთ ადგილის ზოგადი აზრი, რომ ისინი საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრდნენ.


ანდა იფიქრეთ ეფესელთა 6:1-4. ეს ნაწყვეტი ეხება მშობლების და შვილების ორმხრივ ვალდებულებებს ერთმანეთის წინაშე. აქ მრავალმხრივი გამოყენებაა შესაძლებელი. მაგრამ რას იტყვით იმ ადამიანებზე რომლებსაც შვილები არ ყავთ, ან ყავთ შვილები, რომლებიც მათ ოჯახში აღარ ცხოვრობენ? თუ მათ მხოლოდ უნდა ისმინონ და ისწავლონ ის, რითაც თავიანთ გარშემო მცხოვრებ მშობლებს გაამხნევებენ.

ეს მხოლოდ დასაწყისია. მაგრამ ეს არის ღმერთის სიტყვა მათთვისაც ვინც მშობელი არ არის. ავტორიტეტის პრინციპი თანაბრად მიესადაგება ყველა ჩვენგანს. მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, დამსაქმებლებმა დადასაქმებულებმა, უხუცესებმა და ეკლესიის წევრებმა ყველამ უნდა ისწავლოს რაღაც, უნდა ისწავლოს, რას ნიშნავს მიაღწიო კეთილდღეობას ღვთიური ავტორიტეტის მორჩილებაში და მორჩილებით. ვესტმინსტერის დიდიკატეხიზმოს თანახმად: „მეხუთე მცნებაში იგულისხმება არა მხოლოდ ბიოლოგიური მშობლები, არამედ ყველა უფროსი, როგორც ასაკით ასევე ნიჭით; განსაკუთრებით ისინი ვინც ღმერთმა დაადგინა ჩვენზე დახელმწიფება მიანიჭა.“ (პასუხი 124).


ყველა ჩვენგანი ემორჩილება ავტორიტეტს სადღაც და ჩვენი უმრავლესობაციყენებს ავტორიტეტს სადღაც. გააზრებული გამოყენება დაგვეხმარება ამის გაგებაში.


რას ნიშნავს ეს თქვენთვის


ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ გამოუყენებელი ქადაგება საერთოდ არ არის ქადაგება, მხოლოდ ბიბლიური ლექციაა. ჩვენ არ გვსურს ადამიანები ჩვენი ლექციებიდან გამოდიოდნენ და ფიქრობდნენ, რა იყო ამლექციის აზრი. ნაცვლად ამისა, მოდით მივუძღვნათ თავი ტექსტის გამოყენებას, „ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად...ვიდრე...მივაღწევდეთ...ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას.“ (ეფესელთა 4:12-13).



*ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან „არ არის გამოყენება? მაშინ არ გიქადაგიათ!“ და გამოყენებულია 9Marks Ministries-ის ნებართვით.




Comments


bottom of page