top of page

ადონირამ ჯადსონი

რამდენად ცოტაა ის ადამიანები, რომელნიც ასე რთულად კვდებიან!


უფალმა იესომ პირდაპირ გვითხრა:


„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება; და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.“ -- იოანე 12:24


შემდეგ განაგრძობს:


„ვისაც თავისი სიცოცხლე უყვარს, დაკარგავს მას; ხოლო ვისაც თავისი სიცოცხლე სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.“ (იოანე 12:25).


სხვა სიტყვებით, ნაყოფიერი და მარადიული ცხოვრება არის შედეგი იმისა, რომ ვკვდებით როგორც მარცვალი და შევიძულებთ საკუთარ ცხოვრებას ამ ქვეყნიერებაზე. ჩემს აღფრთოვანებას იწვევს როდესაც ადონირამ ჯადსონის ცხოვრებას ვიხსენებ - ამერიკის პირველი მისიონერი უცხო ქვეყანაში. სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ ის მრავალჯერ და მრავალი თვალსაზრისით „მოკვდა“.


წმინდა წერილიდან და მისიების ისტორიიდან სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ღმერთის გეგმა მსოფლიოს ევანგელიზაციისათვის და მისი მიზნების აღსასრულებლად, მისი მსახურების და მისიონერების ტანჯვას მოიცავს. პირდაპირ და კონკრეტულად თუ ვიტყვით, ღმერთის გეგმა გულისხმობს იმას, რომ მისი მსახურების და მისიონერების ტანჯვა, მნიშვნელოვანი საშუალებაა მსოფლიოს ყველა ერში სახარების ტრიუმფალური გავრცელებისთვის.

შემდეგ მსურს ჩამოვთვალო რამდენიმე მოსაზრება და მოწოდება, რომ ყველა თქვენგანმა საფუძვლიანად გაიაზროს საკუთარი როლი უფლის დიდი დავალების შესრულებაში.

  1. ღმერთის მიზანი არის ის, რომ სახარება გავრცელდეს ყველა ერში.

  2. ღმერთის გეგმა არის ის, რომ ტანჯვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ამ მიზნის შესრულებაში.

  3. ჩვენ ისეთ ისტორიულ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელიც უდიდეს სამისიონერო მოღვაწეობას და მსხვერპლს საჭიროებს.

  4. ადონირამ ჯადსონის ტკივილი ტანჯვის მიზანს ასახავს.

  5. ვედრება თქვენთვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ იმაში, რისთვისაც მოკვდა ჯადსონი და თავად ქრისტე.

1. ღმერთის მიზანია სახარება გავრცელდეს ყველა ერში.

ეს იყო ძველი აღთქმის დაპირება:


გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს მას ყველა ტომი წარმართებისა. რამეთუ უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი -- ფსალმუნი 21:27–28


ეს იყო იესოს დაპირება თავისი მოწაფეების მიმართ:


და ექადაგება ეს სახარება სასუფევლის შესახებ მთელს ქვეყნიერებას ყველა ერებისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული. -- მათე 24:14


ეს იყო ღმერთის გეგმა ჯვარზე:


და გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: „ღირსი ხარ შენ, აიღო გრაგნილი და ახსნა ბეჭდები, რადგან შენ დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან.“ -- გამოცხადება 5:9


ეს იყო მკვდრეთით აღმდგარი, სრული ხელმწიფების მქონე ქრისტეს უკანასკნელი ბრძანება:


და მივიდა იესო, დაელაპარაკა მათ და უთხრა: „მე მომეცა მთელი ხელმწიფება ცაში და მიწაზე. ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ერი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და, აჰა, მე თქვენთან ვარ მარადჟამს საუკუნის აღსასრულამდე.“ --- მათე 28:18–20


ეს იყო პავლეს მოციქულობის ღვთაებრივი მიზანი:

რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყოველი ერი. -- რომაელთა 1:5


ეს იყო პავლეს წმინდა ამბიცია, რომელიც არა მხოლოდ უნიკალურ სამოციქულო მოწოდებაზე იყო დაფუძნებული, არამედ ძველი აღთქმის დაპირებაზე, რომელიც დღესაც ძალაშია:


ამასთან, ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა არ მეშენებინა სხვის საძირკველზე, არამედ, როგორც წერია: „დაინახავენ მას ისინი, ვისთვისაც არ გამოუცხადებ-იათ, და მიხვდებიან ისინი, ვისაც არ სმენია.“ -- რომაელთა 15:20–21; (იხ. ესაია 52:15)


რადგან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: ‘მე დაგაყენე წარმართთა ნათლად, რომ იყო ხსნად დედამიწის კიდემდე.’ საქმეები 13:47 (იხ. ესაია 42:6)


ეს იყო სულიწმინდის მიერ აღვსებისა და წარგზავნის ღვთაებრივი მიზანი:

მაგრამ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, და დედამიწის კიდემდე.“ -- საქმეები 1:8

ღმერთის უცვლელი მიზანი არის „ქრისტეს დიდების სახარების“ გავრცელება (2 კორინთელთა 4:4) მსოფლიოს ყველა ერში და ღმერთზე კონცენტრირებული, ქრისტეს განმადიდებელი ეკლესიების შექმნა. ეს დიადი გლობალური ქრისტიანული ხედვა ცხადი, ძლევამოსილი და უდავო ხდება პასტორების ცხოვრებაში, როდესაც ქრისტიანებში ბიბლიური გამოღვიძება მიმდინარეობს. მსგავსი გამოღვიძება მოხდა 1800-იანი წლების პირველ ათწლეულებში როდესაც ადონირამ ჯადსონმა მიიღო ქრისტიანობა და მისიაში დაინახა თავისი მოწოდება ასობით სხვა მორწმუნესთან ერთად, მაშინ როცა ჭეშმარიტების ნათელმა და ძალამ გამოაღვიძა ეკლესიები.


2. ღმერთის გეგმა არის ის, რომ ტანჯვა უკიდურესად მნიშვნელოვანი საშუალება გახდეს მისი მიზნის შესასრულებლად.

მხოლოდ იმას არ ვგულისხმობ, რომ ტანჯვა არის მორჩილი მისიების შედეგი. მე ვგულისხმობ იმას, რომ ტანჯვა არის ქრისტეს ერთ-ერთი სტრატეგია მისი მისიის წარმატებისთვის.

იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, როცა მთელ ქვეყნიერებაზე მიავლინა:


აჰა, მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგლებს შორის. მაშ იყავით გონიერნი, როგორც გველები და უმანკონი, როგორც მტრედები. -- მათე 10:16

ეჭვი არავის ეპარება იმაში რა ემართებათ ცხვრებს მგლების ხროვაში. პავლეც იმავეს ამბობს რომაელთა 8:36-ში:


როგორც დაწერილია: „რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი.“

იესომ იცოდა, რომ სწორედ ეს ხვდებოდა წილად იმ მისიონერებს, რომლებიც აღწევენ სიბნელეს, ასრულებენ მისიას და აარსებენ ეკლესიებს. „გასაჭირი, შევიწროება, დევნა, შიმშილი, სიშიშვლე, სირთულეები და მახვილი“ -- რომაელთა 8:35. პავლე ამ ყველაფერს მოელოდა, რადგან სწორედ ასეთი იყო იესოს დაპირება. იესომ თქვა:


„მოერიდეთ ადამიანებს, რადგან ისინი გადაგცემენ სინედრიონს და თავიანთ სინაგოგებში გაგამათრახებენ, და თქვენ წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად“ (ბერძნულად: eis marturion autoi). -- მათე 10:17

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მეფეებისა და მმართველების წინაშე დამოწმება არ არის მხოლოდ შედეგი, არამედ გეგმა. „წაგიყვანენ მეფეებთან... მათთვის დასამოწმებლად.“ რატომ არის ეს გეგმა მისიებისთვის? იესო გვპასუხობს:

არ არის მოწაფე მოძღვარზე მეტი, და არც მონა თავის ბატონზე მეტი. საკმარისია მოწაფისათვის იყოს ისეთი, როგორიც მისი მოძღვარია და მონისათვის - როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებელი უწოდეს, განა უარესს არ იტყვიან მის შინაურებზე? -- მათე 10:24–25


ტანჯვა არ იყო მხოლოდ ბატონის მორჩილების და მისიის შედეგი. ეს იყო მისი მისიის მთავარი სტრატეგია. ეს იყო მისი მიღწევის საფუძველი. იესო მოგვიწოდებს შევუერთდეთ გოლგოთის გზაზე, ვიტვირთოთ ჩვენი ჯვარი და შევიძულოთ საკუთარი ცხოვრება ამ ქვეყნად, როგორც მარცვალი ვარდება მიწაში და კვდება, რომ სხვებმა იცოცხლონ. ჩვენს ბატონზე დიდები არ ვართ. ცხადია, ჩვენი ტანჯვა არავის ცოდვებს არ გამოისყიდის, თუმცა იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე გვესმის.


როდესაც წამებულებმა ზეცაში სამსხვერპლოდან შესძახეს ქრისტეს: „როდემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო არ განსჯი და არ იძიებ შურს დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისათვის?“ ... და ეთქვა, რომ დამშვიდე-ბულიყვნენ კიდევ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამსახურნი და მათი ძმები, რომელნიც მათსავით მოკლულნი იქნებიან, არ შეასრულებენ რიცხვს. -- გამოცხადება 6:11

წამებულობა არ არის მხოლოდ რადიკალური სიყვარულისა და მორჩილების შედეგი; ეს არის ზეცაში დანიშნული და განსაზღვრული კონკრეტული რიცხვი: „დაელოდეთ ვიდრე შესრულდება იმ წამებულთა რიცხვი რომლებსაც მოკლავენ.“ სწორედ ისე როგორც ქრისტე მოკვდა მსოფლიოს ყველა ხალხის სახსნელად, ასევე ზოგი მისიონერიც უნდა მოკვდეს იმისთვის, რომ მსოფლიოს ხალხმა მიიღოს ხსნა.


თუ ვფიქრობთ, რომ მისიონერების ტანჯვა ზედმეტად აკავშირებს ქრისტეს ტანჯვასთან, მოუსმინეთ პავლეს სიტყვებს ამ საკითხთან დაკავშირებით კოლოსელთა 1:24-ში:


ახლა ვხარობ, რომ ვიტანჯები თქვენს გამო და გასაჭირს, რაც ქრისტეს დააკლდა, ვავსებ საკუთარ ხორცში მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია.


თავისი ტანჯვით პავლე „ავსებს იმ ტანჯვას რაც ქრისტეს დააკლდა... მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია.“ პავლე არ ამბობს, რომ მის ტანჯვას შეუძლია ცოდვების გამოსყიდვა, ღმერთის რისხვის ჩაცხრობა ან წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო ღვთაებრივი სამართლიანობის განხორციელება. პავლე გულისხმობს, რომ მისი ტანჯვა მსოფლიოს დაუხსნელ ხალხს ქრისტეს ტანჯვას აჩვენებს. როდესაც პავლე სიხარულითა და სიყვარულით იზიარებს ქრისტეს ტანჯვას, ამით ის აჩვენებს ამ ტანჯვას იმ ადამიანებს ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. პავლეს როგორც მისიონერის ტანჯვა არის ღმერთის გეგმა რათა ქრისტეს ტანჯვა აღსრულდეს და უფრო თვალსაჩინო, პირადი და ძვირფასი გახდეს მათთვის ვისთვისაც ის მოკვდა.


ამრიგად ეს სიტყვა გვაფხიზლებს: ღმერთის გეგმა არის სახარების გავრცელება, ეკლესიების დაარსება და მისი მიზნის აღსრულება, მისი ხალხის და განსაკუთრებით მისი მსახურებისა და მისიონერების ტანჯვის მეშვეობით. ასეთი თავდადების საუკეთესო მაგალითია ადონირამ ჯადსონის ცხოვრება.

3. ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიულ პერიოდში, როდესაც უკიდურესად საჭიროა მისიონერების უდიდესი ძალისხმევა და მსხვერპლი.

წიგნში ოპერაცია მსოფლიო პატრიკ ჯონსტონი ამბობს, რომ მხოლოდ 1990-იან წლებში მივუახლოვდით მსოფლიოს ხალხთა მეტნაკლებად სრულ ჩამონათვალს. პირველად ნათლად დავინახეთ რა დაგვრჩა გასაკეთებელი. მსოფლიოში დაახლოებით 12,000 ეთნო ლინგვისტური ჯგუფი არსებობს. ამ ეთნიკური ჯგუფებიდან დაახლოებით 3,500-ის მოსახლეობის საშუალოდ 1.2% არიან ქრისტიანები (1.7 მილიარდიდან 20 მილიონი), ქრისტიანობის ყველაზე ფართო, ნომინალური განსაზღვრების თვალსაზრისით). ამ ყველაზე ნაკლებად ევანგელიზირებული 3,500 ერის უმეტესობა იმყოფება 10/40 ფანჯარაში და რელიგიური თვალსაზრისით მტრული დამოკიდებულება აქვთ ქრისტიანული მისიების მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ერებში უნდა წავიდეთ და ვიქადაგოთ სახარება, რაც საშიში იქნება და ძვირად დაგვიჯდება. ზოგ ჩვენგანს და ჩვენს შვილებს მოკლავენ.

როდესაც ადონირამ ჯადსონი 1813 წლის ივლისში ბირმაში ჩავიდა, ეს იყო მტრული და თითქმის მიუღწეველი ადგილი. უილიამ ქერიმ რამდენიმე თვით ადრე ინდოეთში უთხრა ჯადსონს არ წასულიყო იქ. დღეს ასეთი ქვეყანა დახურულად ჩაითვლებოდა — იქ ანარქია და დესპოტიზმი სუფევდა, სიამთან სასტიკი ომი მიმდინარეობდა, მტრების თავდასხმები,მუდმივი ამბოხი, არავითარი რელიგიური შემწყნარებლობა. ყველა წინამორბედი მისიონერი გარდაიცვალა ან ქვეყანა დატოვა (Courtney Anderson, To the Golden Shore: The Life of Adinoram Judson [Grand Rapids: Zondervan, 1956), 134.)


მიუხედავად ამისა ჯადსონი მაინც წავიდა იქ თავის 23 წლის ცოლთან ერთად, რომელიც 17 თვის მოყვანილი ყავდა. ის 24 წლის იყო და იქ 61 წლის ასაკში გარდაცვალებამდე, 38 წელი მსახურობდა. ის მხოლოდ ერთხელ, 33 წლის შემდეგ დაბრუნდა სახლში ახალ ინგლისში (აშშ)! ფასი, რომელიც მან იესო ქრისტეს გამო გადაიხადა უზარმაზარი იყო. ის იყო მარცვალი, რომელიც მიწაში ჩავარდა და მოკვდა. ის ნაყოფი, რომელიც მას ღმერთმა მისცა, დღესაც მოიხსენიება ისეთ სამეცნიერო ნაშრომებში როგორიც არის დევიდ ბარეტის მსოფლიო ქრისტიანული ენციკლოპედია: „დღეს უდიდესი ქრისტიანული ძალა ბირმაში არის ბირმის ბაპტისტური ყრილობა, რომლსაც საფუძველი ამერიკელი ბაპტისტი მისიონერის ადონირამ ჯადსონის მოღვაწეობამ ჩაუყარა.“ (David Barrett, ed,. World Christian Encyclopedia [New York: Oxford University Press, 1982], 202).

როდესაც 1813 წელს ჯადსონი ბირმაში ჩავიდა, ის ბაპტისტი იყო. როდესაც მან ახალი ინგლისი დატოვა კონგრეგაციონალისტი იყო, მაგრამ ინდოეთში 114 დღიანი მოგზაურობის დროს აზრი შეიცვალა. ის და მისი ცოლი ანნა ინდოეთში მოინათლნენ უილიამ ქერის კოლეგიაში - William Ward-ში, 1812 წლის 6 სექტემბერს. დღეს პატრიკ ჯონსტონის თქმით, მიანმარის (ბირმას ამჟამინდელი სახელწოდება) ბაპტისტური კონვენცია 3,700-მდე საკრებულოს ითვლის, 617,781 წევრს და 1,900,000 ფილიალს — და ეს ყველაფერი არის ერთი მკვდარი მარცვლის ნაყოფი (Johnstone, Operation World, 462).

რა თქმა უნდა ადონირამ ჯადსონის გარდა სხვებიც მსახურობდნენ — დროთა განმავლობაში ასობით სხვა მორწმუნეც. ისინიც მოვიდნენ სიცოცხლე გასწირეს. მათი უმრავლესობა გაცილებით ახალგაზრდა ასაკში დაღუპა ვიდრე ჯადსონი. მათმა მსახურებამ მიზანს მიაღწია. დღევანდელი მიანმარის საოცარი ნაყოფი, უამრავი მისიონერის ტანჯვისა და სიკვდილის ნიადაგზე აღმოცენდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ადონირამ ჯადსონი.


მე მაქვს კითხვა -- თუ ქრისტე კიდევ 200 წელი არ დაბრუნდება — რაც მისი დროით დღის მხოლოდ მცირე მონაკვეთია — რომელი თქვენგანი არის მზად დაიტანჯოს და მოკვდეს იმისთვის, რომ ღმერთის მადლის გამარჯვება ცნობილი გახდეს იმ 3.500 ერისთვის, რომელიც დღესაც იმავე მდგომარეობაშია რაც ბირმელი ხალხი 1813 წელს იმყოფებოდა? ვინ არის მზად ასე ხანგრძლივად, გულმოდგინედ და ბეჯითად იშრომოს იმისთვის, რომ 200 წლის შემდეგ, ორი მილიონი ქრისტიანი იყოს 10/40-ფანჯარაში მცხოვრებ ერებში, რომლებსაც თითქმის არ ახსოვთ საკუთარი მუსლიმანური, ინდუისტური ან ბუდისტური ფესვები?

დაე ღმერთმა ძლევამოსილად გამოიყენოს თავისი სიტყვა და ადონირამ ჯადსონის ცხოვრება იმისთვის, რომ ბევრ თქვენგანს უბიძგოს საკუთარი ცხოვრება ამ უდიდეს მიზანს მიუძღვნას!


4. ადონირამ ჯადსონის ტკივილი ტანჯვის მიზანს გამოხატავს

ადონირამ ჯადსონმა „შეიძულა თავისი სიცოცხლე ამ ქვეყნიერებაზე“ და გახდა „მარცვალი, რომელიც მიწაში ჩავარდა და მოკვდა.“ თავისი ტანჯვით „მან შეავსო რაც ქრისტეს ტანჯვას დააკლდა“ მიუღწეველ ბირმაში. სწორედ ამიტომ, მისმა ცხოვრებამ ბევრი ნაყოფი გამოიღო, რომლითაც სხვები ტკბებიან დღეს და მარადიულად. უდავოდ შეიძლება ითქვას: ეს ამად ღირდა.


ჯადსონი კალვინისტი იყო, თუმცა ამაზე აშკარად არ საუბრობდა. მამამისი კონგრეგაციონალისტი პასტორი იყო მასაჩუსეტსის შტატში. ის ჯონათან ედვარდსის სტუდენტთან, ჯოსეფ ბელამისთან ერთად სწავლობდა და ადონირამმა ღმერთის უზენაესობის დიდი რწმენა სწორედ მისგან აითვისა. ეს იმიტომ აღვნიშნე რომ ჯადსონი ღრმად იყო დარწმუნებული ღმერთის უზენაეს გამგებლობაში, რომელიც ყოველგვარი ტანჯვის და გასაჭირის მიუხედავად, მას ბოლომდე აძლიერებდა. მან თქვა: „დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი იმაში, რომ ყოველი დამატებითი განსაცდელი უსაზღვრო სიყვარულითა და წყალობით იყო დადგენილი, ამდენ ტანჯვას ვერ გავუძლებდი.“


ასეთი მტკიცე შეხედულება ჰქონდა მის სამივე ცოლს, ანნას („ნენსი“), სარას და ემილის. მაგალითად, ანნა 1812 წლის 5 თებერვალს დაქორწინდა ჯადსონზე და მასთან ერთად 23 წლის ასაკში გაემგზავრა 19 თებერვალს. მათ სამი შვილი შეეძინათ და სამივე დაიღუპა. პირველ შვილს სახელიც კი ვერ დაარქვეს რადგან მკვდარი დაიბადა როდესაც ინდოეთიდან ბირმაში გაემგზავრნენ. მეორე შვილმა, როჯერ უილიამს ჯადსონმა 17 თვე იცოცხლა და ისაც დაიღუპა. მესამე, მარია ელიზაბეთ ბათერვორთ ჯადსონი ორი წლის გახდა. მან დედის გარდაცვალებიდან მხოლოდ ექვსი თვე იცოცხლა.

როცა მეორე შვილი დაეღუპა, ანნა ჯადსონმა დაწერა: ჩვენი გულები ამ ბავშვზე იყო მიჯაჭვული; ამქვეყნად ის ჩვენთვის ყველაფერი იყო, ჩვენი სიხარულის ერთადერთი წყარო ამ წარმართულ ქვეყანაში. მაგრამ ღმერთმა გადაწყვიტა ჩვენი შეცდომა დაგვანახოს და ერთადერთი პატარა, ჩვენი ყველაფერი წაგვართვა. ოღონდ ფუჭი არ იყოს რაც მან გააკეთა და ისე გავიზარდოთ, რომ ღმერთმა თავისი ხელი შეაკავოს და თქვას: „საკმარისია.“ სხვა სიტყვებით, ეს კაცი და მისი სამივე ცოლი მტკიცედ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ღმერთი უზენაესი და კეთილია, რომ ის ყველაფერს სასიკეთოდ აკეთებს — და მისი შვილებისთვის ეს სიკეთე წარმოუდგენლად მტკივნეულია.

რას ემყარებოდა მისი როგორც მისიონერის მტკიცე დარწმუნებულობა ღმერთის სიკეთესა და მის გამგებლობაში? პირველი, რა თქმა უნდა იყო ჯადსონის მამა. ასეთი იყო მისი რწმენა და მისი ცხოვრება. მეორე იყო ბიბლია. ჯადსონს ძალიან უყვარდა ღმერთის სიტყვა. ბირმაში მისი 38 წლიანი მსახურების უმთავრესი მემკვიდრეობა იყო მთლიანი ბიბლიის თარგმნა ბირმულ ენაზე და ლექსიკონი, რომელსაც ყველა მომდევნო მისიონერი იყენებდა.

ერთხელ ბუდისტმა მასწავლებელმა თქვა, რომ ვერ იჯერებდა, რომ ქრისტე ეწამა და მოკვდა ჯვარზე, რადგან არც ერთი მეფე არ დაუშვებდა, რომ მისი ძე ასე დატანჯულიყო. ჯადსონმა უპასუხა: „ამიტომაც არ ხარ ქრისტეს მოწაფე. ჭეშმარიტი მოწაფე არ ფიქრობს იმაზე, რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი მის აზროვნებას, არამედ იმაზე რაც ბიბლიაში არის დაწერილი. მისი სიამაყე ადგილს უთმობს ღვთიურ დამოწმებას. მასწავლებელო, შენი სიამაყე კვლავაც დიდია. მოიშორე ეს სიამაყე და დაემორჩილე ღმერთის სიტყვას.“

უძღები შვილის საოცარი ხსნა ღმერთის სიკეთეში და მის დეტალურ გამგებლობაში მისი დარწმუნებულობის კიდევ ერთი წყარო იყო ის თუ როგორ იხსნა ღმერთმა. ეს საოცარი ისტორიაა. ადონირამი ჭკვიანი ბიჭი იყო. როცა მხოლოდ სამი წლის იყო დედამ ერთ კვირაში კითხვა ასწავლა, რომ მამა გაეოცებინა, როცა მოგზაურობიდან დაბრუნდებოდა. 16 წლის ასაკში ბრაუნის უნივერსიტეტში მეორე კურსზე დაიწყო სწავლა და სამი წლის შემდეგ, 1807 წელს დაამთავრა. თავის ჯგუფში ის საუკეთესო სტუდენტი იყო.

მაგრამ მისმა ღვთისმოსავმა მშობლებმა არ იცოდნენ, რომ ადონირამი რწმენას დაშორდა მისი თანაკურსელის, ჯეიკობ ეიმსის გამო, რომელიც დეისტი იყო. იმ დროს როცა ჯადსონმა უნივერსიტეტი დაამთავრა, მას ქრისტიანული რწმენა აღარ შერჩა. მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ იქამდე ვიდრე ის 20 წლის გახდებოდა. 1808 წლის 9 აგვისტოს მან მშობლებს გული ატკინა როცა გამოაცხადა, რომ რწმენა აღარ ჰქონდა. მან თქვა, რომ ნიუ-იორკში აპირებდა გამგზავრებას სადაც თეატრალურ ფაკულტეტზე გააგრძელებდა სწავლას— ექვსი დღის შემდეგ ის ნიუ-იორკში გაემგზავრა ცხენით, რომელიც მემკვიდრეობით მამისგან მიიღო.

საოცნებო ცხოვრება არ აღმოჩნდა ადონირამის გადაწყვეტილების შედეგი. ის მოხეტიალე მსახიობებს დაუმეგობრდა და როგორც მოგვიანებით თავად ამბობს: „უპასუხისმგებლო, მოხეტიალე ცხოვრება ჰქონდა, ცხოვრობდა იქ სადაც მოუხერხდებოდა და ყოველი ხელსაყრელი შესაძლებლობისას ბინის მეპატრონეს ატყუებდა.“


მისი ზიზღი იმის მიმართ რაც იმ დროს გადაიტანა, გახდა რამდენიმე ღირსშესანიშნავი მოვლენის საწყისი. შეფილდში თავის ბიძას ეფრაიმს ესტუმრა, სადაც „ღვთისმოსავ ახალგაზრდა კაცს“ შეხვდა, რომელმაც თავისი მტკიცე ქრისტიანული შეხედულებებით გააოცა და ამავდროულად არ იყო „მკაცრი და დიქტატორული.“ უცნაური იყო რომ იქ მისი ბიძის ნაცვლად, ეს ახალგაზრდა კაცი შეხვდა.


მეორე საღამოს ის სოფლის პატარა სასტუმროში დარჩა სადაც ადრე არასდროს ყოფილა. სასტუმროს მეპატრონემ ბოდიში მოუხადა რადგან გვერდითა ოთახში მომაკვდავი ავადმყოფი კაცი იწვა და ამის გამო ჯადსონს დაძინება გაუჭირდებოდა. ღამით მას მომაკვდავი კაცის კვნესა ესმოდა. ის შეწუხდა როცა დაფიქრდა რომ ეს კაცი შეიძლება სიკვდილისთვის არ იყო მზად. შემდეგ საკუთარ თავზე დაფიქრდა და საკუთარ სიკვდილთან დაკავშირებით საშინელმა ფიქრებმა შეაწუხა. ამ ყველაფრის გამო თავი სულელად იგრძნო -- კარგ დეისტს მსგავსი აზრები არ უნდა აწუხებდეს.


როდესაც დილით წასვლა დააპირა, ავადმყოფის მდგომარეობა იკითხა. „ის მოკვდა“ - მიუგო სასტუმროს მეპატრონემ. ჯადსონი გაოგნებული იყო. გასვლისას ჰკითხა: „იცით ვინ იყო ის?“ „დიახ. ახალგაზრდა კაცი პროვიდენსის უნივერსიტეტიდან. მისი სახელია ეიმსი, ჯეიკობ ეიმსი.“

ჯადსონმა ნაბიჯი ვეღარ გადადგა. იქ დარჩა და საათობით ფიქრობდა თავისი დეისტი მეგობრის სიკვდილზე. თუ ეიმსი მართალი იყო, მაშინ მისი სიკვდილი უმნიშვნელო მოვლენა იყო. მაგრამ ჯადსონს ამის დაჯერება უჭირდა: „რომ ჯოჯოხეთის გაიხსნა და სიკვდილმა სოფლის პატარა სასტუმროდან, გვერდზე საწოლიდან წაიყვანა ჯეიკობ ეიმსი, მისი ძვირფასი მეგობარი და წინამძღოლი . . . შეუძლებელია, წარმოუდგენელია, რომ ეს უბრალო დამთხვევა ყოფილიყო.“


მისი მოქცევა დაუყოვნებლივ არ მოხდა, თუმცა ახლა უკვე გარდაუვალი იყო. ღმერთი მას ფეხდაფეხ მიყვებოდა, როგორც პავლე მოციქულს დამასკოს გზაზე და მას გასაქცევი გზა არ დარჩა. მისი ტანჯვა თვეების მანძილზე გრძელდებოდა. 1808 წლის ოქტომბერში ის ანდოვერის სემინარიაში შევიდა, ხოლო 2 დეკემბერს, სრულად მიუძღვნა თავი ღმერთს. გლობალური მისიების გამოღვიძება ანდოვერში და უილიამს კოლეჯში სამისიონერო „ცეცხლი“ ღვიოდა („თივის ზვინი ლოცვითი შეხვედრა“ 1806 წლის აგვისტოში უილიამს კოლეჯის მახლობლად გაიმართა; შემდეგი ორი შეხვედრა კი ანდოვერში.


1810 წლის 28 ივნისს ჯადსონი და მასთან ერთად სხვებიც კონგრეგაციონალური ეკლესიის წინაშე წარსდგნენ, აღმოსავლეთში სამისიონერო მსახურებისთვის. ამ დროს ის შეხვდა ანნას და მაშინვე შეუყვარდა. აანა ჰასსელტაინის გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ, მას ცოლობა სთხოვა და მამამისს შემდეგი წერილი მისწერა:

„თანახმა ხართ მომავალ გაზაფხულზე დაშორდეთ თქვენს ქალიშვილს და ცხოვრებაში აღარასდროს ნახოთ ის; თუ შეგიძლიათ დათანხმდეთ მის გამგზავრებას, რომ გამოსცადოს მისიონერული ცხოვრების სირთულეები და ტანჯვა; თანახმა ხართ გამოსცადოს ოკეანის საშიშროება, სამხრეთ ინდოეთის კლიმატის ფატალური გავლენა; ყოველგვარი გასაჭირი და სირთულე; დამცირება, შეურაცხყოფა, დევნა და სავარაუდოდ სასტიკი სიკვდილი. თანახმა ხართ ამ ყველაფერზე, იმის გამო ვინც დატოვა სახლი ზეცაში და მოკვდა მისთვის და თქვენთვის, მისთვის ვინც სულის უკვდავსაყოფად დაიღუპა; სიონისთვის და ღმერთის დიდებისთვის? თანახმა ხართ ამ ყველაფერზე, იმ იმედით, რომ თქვენს ქალიშვილს მალე შეხვდებით ქრისტეს დიდებაში სიმართლის გვირგვინით. ქება-დიდების საგალობლების თანხლებით, რომლებსაც მისი მხსნელი წარმართებისგან მიიღებს. მათ მისი მსახურების შედეგად იყვნენ დახსნილი მარადიული გასაჭირისა და დაღუპვისგან!“


საოცარია, მაგრამ მამამისმა უპასუხა, რომ ანნამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მან თავის მეგობარს ლიდია კიმბალს მისწერა:

„მე მზად ვარ და ველოდები თუ ღმერთი ინებებს, მთელი ცხოვრება გავატარო წარმართულ ქვეყანაში. დიახ, ლიდია, მე გადავწყვიტე დავთმო ყოველ-გვარი კომფორტი და სიამოვნება და ასევე დავთმო ნათესავების და მეგობრების სიყვარული და წავიდე იქ სადაც ღმერთი თავისი განგებულებით წამიძღვება.“

მათი ტანჯვა მისიაში ანნა და ადონირამი წელიწადნახევრის შემდეგ დაქორწინდნენ, 12 დღის შემდეგ, 1812 წლის 5 თებერვალს ისინი ორ სხვა ცოლ-ქმართან და ორ დასაოჯახებელ ერთად ინდოეთში გაემგზავრნენ. მათ ორი სხვადასხვა გემით გაცურეს, იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი გემი ჩაიძირებოდა. ინდოეთში ყოფნის გარკვეული პერიოდის შემდეგ, რანგუნში გამგზავრება გარისკეს, სადაც 1813 წლის 13 ივლისს ჩავიდნენ. იქ დაიწყო ცხოვრების ბოლომდე 42 გრადუსიან სიცხეში ქოლერასთან, მალარიასთან, დიზინტერიასთან და უცნობ დაავადებებთან ბრძოლა, რამაც ჯადსონის ორი ცოლის და 13 შვილიდან შვიდის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბევრად მეტი მისი კოლეგა ამავე მიზეზით დაიღუპა.


ორი წლის შემდეგ, 1815 წლის 5 სექტემბერს, ადონირამმა სახლიდან პირველი ახალი ამბავი შეიტყო – ბირმაში გამგზავრების შემდეგ, მან დაკარგა ოჯახთან ახლო ურთიერთობა. ის ვერასდროს ნახავდა დედას, მამას და ძმას. ის 33 წლის განმავლობაში არ დაბრუნებულა ამერიკაში. იმ დროს „სამისიონერო მსახურება“ ძალიან ნელა მიმდინარეობდა და დღევანდელობისგან ძალიან განსხვავდებოდა. თუ ვინმე ძალიან ავად გახდებოდა, სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო ზღვით გამგზავრება. ამიტომ, დაქორწინება ან მთელი სამისიონერო მსახურება, სამიდან ექვს თვემდე ჩერდებოდა.


ან შეიძლება უფრო ხანგრძლივი დროითაც. რვა წლიანი მსახურების შემდეგ, ანნა იმდენად ავად გახდა, რომ მისი ერთადერთი იმედი შინ დაბრუნება იყო. ის 1821 წლის 21 აგვისტოს გაემგზავრა და 1823 წლის 5 დეკემბერს დაბრუნდა, ორი წლის და ოთხი თვის შემდეგ. როდესაც ის ბირმაში დაბრუნდა, ადონირამს 10 თვის განმავლობაში მისგან არაფერი სმენია. დაქორწინებული კაცი რომელსაც უყვარს თავისი ცოლი, ყოველდღიურად ასე კვდება, გაცილებით უფრო დიდი სიხარულის მოლოდინში.


ერთ-ერთი ასეთი სიხარული იყო ბნელ უფსკრულში ღმერთის სიკეთის ხილვა. მაგალითად, როდესაც ანნა შტატებში მკურნალობდა, მან დაწერა წიგნი: ამერიკის ბაპტისტური მისიის ანგარიში ბირმის იმპერიაში. ამ წიგნმა უდიდესი გავლენა მოახდინა თანამშრომლების მოზიდვაში, ასევე ლოცვისა და ფინანსების კუთხით. ცხადია, ეს არასდროს არ მოხდებოდა, მისი ავადმყოფობისა და ორი წლით გამგზავრების გარეშე. მიუხედავად ამისა, უმეტეს შემთხვევაში, ტკივილისა და ტანჯვის სასიკეთო მიზანი ცხადი არ იყო.

ყველა გასაჭირის, ავადმყოფობისა და სხვა დაბრკოლებების მიუხედავად, ჯადსონმა ბევრი იშრომა და ენა შეისწავლა, თარგმნა ბიბლია და ქუჩებში ევანგელიზაცია ჩაატარა. მათი ჩამოსვლიდან ექვსი წლის შემდეგ, ქრისტესაკენ პირველი მოქცეული - მაუნგ ნაუ მონათლეს. თესვის პროცესი ხანგრძლივი და რთული იყო. წლების მანძილზე მკა კიდევ უფრო რთული. მაგრამ 1831 წელს ქვეყანაში ახალი განწყობა გაჩნდა. ჯადსონი წერდა:

ცნობისმოყვარეობის განწყობა . . . ყველგან ვრცელდება, მთელ ქვეყანაში. [ჩვენ დავარიგეთ] დაახლოებით 10,000 ბროშურა, მხოლოდ მათ ვინც გვთხოვდა. ჩემი ვარაუდით ჩვენთან სახლში დაახლოებით 6,000 განცხადება იყო. ზოგი ორი ან სამთვიანი მოგზაურობიდან ჩამოდიოდა სიამიდან და ჩინეთიდან — ბატონო, გავიგეთ, რომ არსებობს მარადიული ჯოჯოხეთი. ჩვენ მისი გვეშინია. გთხოვთ მოგცეთ ბუკლეტი, რომელიც გვეტყვის როგორ გავექცეთ მას. — სხვები, კათაიდან, ავადან 160 კმ. დაშორებით — ბატონო, ჩვენ ვნახეთ ბუკლეტი, რომელიც მარადიული ღმერთის შესახებ საუბრობს. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ამ ბუკლეტებს არიგებს? თუ ასეა, გთხოვთ ჩვენც მოგვეცით, რადგან გვსურს, ვიდრე მოვკვდებით ჭეშმარიტება ვიცოდეთ. — სხვები ქვეყნის შიდა რეგიონებიდან სადაც იესო ქრისტეს სახელი ნაკლებად არის ცნობილი — თქვენ იესო ქრისტეს კაცი ხართ? მოგვეცით ბუკლეტი, რომელიც იესო ქრისტეზე მოგვითხრობს.


თუმცა უზარმაზარი ფასის გადახდა მოუწიათ იმ ოერიოდში, როცა 1819 წელს პირველი მოქცეული იხილეს და შემდეგ 1831 წელს ღმერთის ძალის გამოვლინება მოხდა.


1823 წელს ადონირამი და ანნა რანგუნიდან, დედაქალაქ ავაში გადავიდნენ, 480 კმ. დაშორებით ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე, მდინარე ირავადის მახლობლად. დესპოტი იმპერატორის სიახლოვეს ცხოვრება ძალიან სარისკო იყო. მომდევნო წლის მაისში ბრიტანული სამხედრო ძალები რანგუნში ჩავიდნენ და ნავსადგურს შეუტიეს. მაშინვე ყველა დასავლეთელი ჯაშუშად ჩათვალეს, რის შედეგადაც ადონირამი სახლიდან წაიყვანეს და 1824 წლის 8 ივნისს დააპატიმრეს. ფეხებზე ბორკილები დაადეს. ღამით გრძელი ბამბუკის ჰორიზონტალურ ჯოხს ჩამომიწევდნენ, რომელიც პატიმრების შებორკილ ფეხებს შორის გაივლიდა და იქამდე იწეოდა ვიდრე მათი მხრები და თავი მიწაზე აღმოჩნდებოდა.

ანნა ფეხმძიმედ იყო, მიუხედავად ამისა, ყოველდღე 3 კილომეტრს გადიოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ჯადსონი არ იყო ჯაშუში და მთავრობას ის უნდა შეეწყალებინა. მაგ გარკვეულ წარმატებას მიაღწია და ჯადსონს ეზოში გასვლის უფლება მისცეს, თუმცა პირობები მაინც ცუდი იყო. პატიმრებს გაფუჭებულ საჭმელს აძლევდნენ, თმაში ტილები გაუჩნდათ რის გამოც თავი გადაპარსეს. თითქმის ერთი წლის შემდეგ, ისინი მოულოდნელად უფრო შორეულ სოფელში გადაიყვანეს, სისუსტისგან ჩაცვენილი თვალებით, ძონძებში ჩაცმულები და წამებისგან დატანჯული და კიდევ ბრინჯის მინდვრების კოღოები დასისხლიანებულ ფეხებზე კბენდნენ.

ამ დროისთვის უკვე ჰყავდათ ქალიშვილი, მარია. ანნა თითქმის ისევე შეუძლოდ იყო როგორც ადონირამი, მიუხედავად ამისა, მაინც გაემგზავრა მასთან ჩვილ ბავშვთან ერთად, იმისთვის, რომ როგორც შეეძლო ეზრუნა მასზე. მას რძე გაუშრა. ციხის ზედამხედველმა შეიბრალა და უფლება მისცა ჯადსონს ყოველ საღამოს ბავშვი სოფელში წაეყვანა იმისთვის, რომ იქაურ ქალებს გამოეკვებათ.


1825 წლის 4 ნოემბერს ჯადსონი მოულოდნელად გაათავისუფლეს. ბრიტანეთთან მოლაპარაკებების დროს მთავრობას ის თარჯიმნად დასჭირდა. ხანგრძლივი ტანჯვა დასრულდა — ჯადსონმა ციხეში 17 თვე გაატარა და სიკვდილის პირზე იმყოფებოდა. ანნა თავისი და ბავშვის ჯანმრთელობის ფასად ზრუნავდა მასზე, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. თერთმეტი თვის შემდეგ ის გარდაიცვალა (1826 წლის 24 ოქტომბერს). ექვსი თვის შემდეგ, მისი ქალიშვილიც გარდაიცვალა (1827 წლის 24 აპრილს).

იმ დროს როცა ციხეში იტანჯებოდა, ადონირამმა მასთან ერთად მყოფ პატიმარს უთხრა: შესაძლოა სიცოცხლე შევინარჩუნო; თუ ასეა, რამხელა მოშურნეობით გავაგრძელებ ჩემს საქმეს! თუ არა - ღმერთის ნება აღსრულდება. კარი გაიხსნება სხვებისთვის რომლებიც ამ საქმეს ჩემზე უკეთესად გააკეთებენ. მის სულში სიბნელემ დაისადგურა ახლა როცა მეუღლე და შვილი აღარ ყავდა, ადონირამის სულში სიბნელემ დაისადგურა. ივლისში, მისი პატარა გოგონას სიკვდილიდან სამი თვის შემდეგ შეიტყო, რომ რვა თვით ადრე მამამისი გარდაიცვალა.

ამ დანაკარგის ფსიქოლოგიური გავლენა გამანადგურებელი აღმოჩნდა. მის გონებაში ეჭვმა დაისადგურა. ფიქრობდა, ამბიციისა და სახელის გამო ხომ არ გახდა მისიონერი, და არა უანგარო სიყვარულის გამო. მან კათოლიკე მისტიკოსების კითხვა დაიწყო - მადამ გიონი, ფენელონი, თომას კემპისი და ა.შ. რამაც მარტოობისა და ასკეტიზმისკენ უბიძგა, ასევე თვითმოკვდინების სხვადასხვა ფორმისკენ. მან შეწყვიტა ძველი აღთქმის მთარგმნელობითი სამუშაო, რაც მთელი მისი ცხოვრების სიყვარული იყო და კიდევ უფრო მეტად გაერიდა ადამიანებს და „ყველაფერს რაც მას სავარაუდოდ სიამაყისა და სიამოვნებისკენ უბიძგებდა.“

მან უარი თქვა მისიის ფარგლებს გარეთ ჭამაზე. გაანადგურა ყველა სამადლობელო წერილი. ოფიციალური უარი თქვა ღვთისმეტყველების საპატიო დოქტორის წოდებაზე, რომელიც ბრაუნის უნივერსიტეტმა 1823 წელს მიანიჭა როცა ამერიკის ბაპტისტურ ჟურნალს წერილი მისწერა. მან უარი თქვა პირად ქონებაზე (დაახლოებით $6,000) და ბაპტისტურ მისიას შესწირა. მან თავად მოითხოვა ერთი მეოთხედით ხელფასის შემცირება და პირობა დადო, რომ მისიას უფრო მეტს შესწირავდა. 1828 წლის ოქტომბერში მან ჯუნგლებში პატარა ქოხი აიშენა, მოულმეინის მისიის შენობიდან მოშორებით და იქ 1828 წლის 24 ოქტომბერს გადავიდა საცხოვრებლად. ანნას გარდაცვალებიდან ეს მეორე წლისთავი იყო. ამ ქოხში ის სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა.

ერთ-ერთ წერილში, რომელიც ანნას ნათესავებს მისწერა ის ამბობს: „ცრემლს ვღვრი ჩემი ძვირფასი სიყვარულის მიტოვებული საფლავის გამო და ამავდროულად ჩემი გულის შემზარავი საფლავის გამო.“ თავის ქოხთან მან საფლავი გათხარა, სადაც გვამის გახრწნის სტადიებზე ფიქრობდა. მან ბრძანა ახალ ინგლისში გაგზავნილი ყველა წერილის განადგურება, როგორც იმ იურიდიული დოკუმენტების დაბრუნების პირობა რომლებიც მის დას სჭირდებოდა. მან ორმოცი დღე ჯუნგლებში სრულ სიმარტოვეში გაატარა, რის შემდეგაც თავის ერთ-ერთ წერილში დაწერა, რომ უდიდეს სულიერ სიცარიელეს განიცდიდა: „ღმერთი უცნობია ჩემთვის. მე მწამს მისი, მაგრამ ვერ ვპოულობ მას.“


მისი ძმა ელნათანი 1829 წელს 8 მაისს 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. შესაძლოა ირონიულად ჟღერს, მაგრამ სწორედ ეს გახდა ჯადსონის გამოჯანმრთელების საკვანძო მომენტი -- ძმა, რომელიც მან 17 წლის წინ ურწმუნოებაში დატოვა, რწმენაში გარდაიცვალა. მთელი 1830 წლის განმავლობაში ადონირამი სიბნელიდან გამოსვლას ცდილობდა.

სწორედ მომდევნო წელს, 1831-ში მოხდა ის, რომ მთელ ქვეყანაში უდიდესმა სულიერმა ინტერესმა იჩინა თავი. ნუთუ ეს დამთხვევა იყო? ან იქნებ ეს იყო ღმერთის გეგმა, რათა ბნელ და რთულად მისაწვდომ ქვეყანაში სულიერი წინსვლა მომხდარიყო?

დრო რომ გვქონოდა მის დანარჩენ ტანჯვაზე და სიხარულზე მოგითხრობდით. 1834 წლის 10 აპრილს, ანნას გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, მან მისიონერ ქვრივ ქალზე, სარა ბორდმანზე იქორწინა. მათ რვა შვილი შეეძინათ. მათგან ხუთი ბავშვობის ასაკს გასცდა. ის ნიჭიერი პარტნიორი აღმოჩნდა და ენის ცოდნაში მას მხოლოდ ადონირამი ჯობნიდა.


11 წლის შემდეგ სარა იმდენად ავად გახდა, რომ ისინი სამ უფროს შვილთან ერთად ამერიკაში გაემგზავრნენ. სამი უმცროსი შვილი იქვე დატოვეს და ერთი მათგანი ჯადსონის დაბრუნებამდე დაიღუპა. ჯადსონი 33 წელი არ ყოფილა ამერიკაში და იქ მხოლოდ ცოლის გამო დაბრუნდა. როდესაც 1845 წლის სექტემბერში აფრიკაში მოგზაურობა დაასრულეს, სარა გარდაიცვალა. გემი წმ. ელენეს კუნძულზე გაჩერდა - სადაც მათ ცოლი და დედა დაკრძალეს.


ამქვეყნიური იმედის უარყოფა ამჯერად ადონირამი უწინდებურად სიბნელემ არ მოიცვა. მას ჰყავდა შვილები. უფრო მეტიც, განცდილმა ტანჯვამ ასწავლა, რომ ამ ქვეყნიერების იმედი არ უნდა ჰქონოდა. მან ისწავლა, ამქვეყნად როგორ შეეძულებინა თავისი ცხოვრება ისე, რომ სიმწარე და დეპრესია არ განეცადა. მას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა: ბირმაში დაბრუნება და ცხოვრების ბოლომდე დარჩენა. შტატებში დარჩა, რომ შვილებს იქ დამკვიდრებაში დახმარებოდა და უკან დაბრუნებულიყო. ახალ ინგლისში მას მხოლოდ ერთი და დარჩა. ჯადსონის ოთახი 33 წლის განმავლობაში უცვლელი დარჩა იმ დღემდე როცა მისი და გარდაიცვალა.


ყველას გასაოცრად, ჯადსონს მესამედ შეუყვარდა, ამჯერად ეს იყო ემილი ჩაბაკი, რომელზეც 1846 წლის 2 ივნისს დაქორწინდა. ის 29 წლის იყო, ხოლო ჯადსონი 57. ის ცნობილი მწერალი იყო. მან მიატოვა მწერლის კარიერა და სახელი და ჯადსონთან ერთად ბირმაში გაემგზავრა, სადაც ისინი 1846 წლის ნოემბერში ჩავიდნენ. ღმერთმა მათ ოთხი უბედნიერესი წელიწადი აჩუქა, რომელიც ორივესთვის საუკეთესო იყო.


1847 წლის 2 ივნისს თავის პირველ იუბილეზე ის წერს: „ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წელი; და რაც ჩემი აზრით გაცილებით მნიშვნელოვანია, ჩემი მეუღლის თქმით, ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წელია... არასოდეს შემხვედრია კაცი, რომელიც ყოველდღე ასე კარგად საუბრობს ყველა საკითხზე, რელიგიურ, ლიტერატურულ, სამეცნიერო, პოლიტიკურ თემებზე — და ბავშვური ლაპარაკითაც.“


მათ ერთი შვილი შეეძინათ, რის შემდეგაც ადონირამს ძველმა დაავადებამ უკანასკნელად შეუტია. ერთადერთი იმედი იყო სასიკვდილოდ განწირული ჯადსონის გამგზავრება. 1850 წლის 3 აპრილს ადონირამი საფრანგეთში მიმავალ გემზე აიყვანეს. მასთან ერთად მისი მეგობარი თომას რენი წამოვიდა იმისათვის, რომ მასზე ეზრუნა. ტანჯვისა და ტკივილის გამო ის დროდადრო იღვიძებდა და ამ დროს გული ერეოდა. მისი ბოლო სიტყვები იყო: „რამდენად ცოტაა ის ადამიანები, რომელნიც . . . რომელნიც ასე რთულად კვდებიან !“


1850 წლის 12 აპრილს, პარასკვს შუადღეს, ხუთის თხუთმეტ წუთზე ადონირამ ჯადსონი ზღვაში ოჯახისგან და ბირმის ეკლესიისგან შორს გარდაიცვალა. იმ საღამოს გემი გაჩერდა.


ეკიპაჟის წევრები აუჩქარებლად შეიკრიბნენ. მარცხენა პორტი გაიხსნა. მათ არ ულოციათ... კაპიტანმა ბრძანება გასცა და ღამით გემი ნავსადგურში შევიდა. ადგილმდებარეობა იყო განედი 13 გრადუსი ჩრდილოეთით, გრძედი 93 გრადუსი აღმოსავლეთით, ანდამანის კუნძულებიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ბირმის მთებიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით. გემმა Aristide Marie-მ საფრანგეთისკენ განაგრძო გეზი.


ათ დღეში ემილიმ მეორე ბავშვი გააჩინა, რომელიც მშობიარობისას დაიღუპა. ოთხი თვის შემდეგ ემილიმ შეიტყო რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა. იანვარში ის ახალ ინგლისში დაბრუნდა, სადაც სამი წლის შემდეგ 37 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

ამ დროს ბიბლიის თარგმნა და ლექსიკონი დასრულებული იყო. ეკლესიას ასობით მორწმუნე უძღვებოდა. დღეს მიანმარში3,700-მდე ბაპტისტური ეკლესია არსებობს რომელსაც ამ ადამიანის შრომამ და სიყვარულმა ჩაუყარა საფუძველი.

5. გევედრებით მონაწილეობა მიიღოთ იმაში, რასაც ჯადსონის სიცოცხლე შეეწირა და რისთვისაც მოკვდა ქრისტე.

ცხოვრება წარმავალია. ძალიან მალე ყოველი ჩვენგანი იესო ქრისტეს ანგარიშს ჩააბარებს, არა მხოლოდ იმაზე რამდენად კარგად ვმწყემსდით ჩვენს სამწყსოს, არამედ რამდენად ვემორჩილებოდით მის მცნებას დავიმოწაფოთ ყველა ერი. დღეს მსოფლიოში უამრავი ერია სადაც არ არსებობს არც ადგილობრივი ეკლესია და არც ქრისტიანული მოძრაობა. ქრისტე არ არის მათი ცხოვრების ცენტრი და მისი მადლის შესახებ არაფერი იციან. ადამიანებისთვის სახარება ხელმისაწვდომი არ არის. ამ სასოწარკვეთილ ადამიანთა უმრავლესობას არ სურს მიხვიდეთ მათთან. ისინი ფიქრობენ, რომ ქრისტიანული მისიების მიმართ მტრულად არიან განწყობილნი. დღეს აქ არის ბრძოლის წინა ხაზი და უფალი კვლავაც ამბობს:


„აჰა, მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგლებს შორის ... ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო. მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან.“ -- მათე 10:16; ლუკა 21:16–18

დარწმუნებული ხართ, რომ ღმერთს სურს იმ ქვეყანაში განაგრძოთ ცხოვრება სადაც ბევრი ეკლესიაა? თუ მოგიწოდებთ იქ სადაც ქრისტეს ტანჯვას შეავსებთ როცა ხორბლის მარცვალივით მიწაში ჩავარდებით და მოკვდებით, შეიძულებთ საკუთარ ცხოვრებას ამქვეყნად, რათა მარადიულად მოიპოვოთ ის და ბევრი ნაყოფი გამოიღოთ?

1832 წელს ჯადსონი მისიონერობის კანდიდატებს სწერდა:

გახსოვდეთ, მათი უდიდესი ნაწილი ვინც აღმოსავლეთის მისიაში მოდის, მშობლიური ქვეყნის დატოვებიდან ხუთი წლის განმავლობაში კვდება. ამიტომ, იარეთ ფრთხილად; სიკვდილი ფეხდაფეხ მოგყვებათ (ადონირამ ჯადსონი, „Advice to Missionary Candidates“, Maulmain, 25 ივნისი, 1832).

კითხვა არ მდგომარეობს იმაში, მოვკვდებით თუ არა, არამედ, ისე თუ მოვკვდებით, რომ ბევრი ნაყოფი გამოიღოთ.

*ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან ადონირამ ჯადსონი“ და გამოყენებულია Desiring God Ministries-ის ნებართვით.


71 views0 comments

Comentarii


bottom of page